ელზა პაპოშვილი
16.05.2024

გიორგი ოკმელაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი დიღმის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მოთავსებული. ვიდეოწარმოების კომპანია „ლიმონში“ კრიმინალური პოლიცია 15 მაისს შევიდა. მას პოლიციელებზე ფიზიკური თავდასხმა ბრალდება.      

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა,“ - წერია შსს-ს პრეს-რელიზში.

შპს „ლიმონი“ ამერიკის სამთავრობო დახმარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით მუშაობს და ვიდეორგოლებს ქმნის. კომპანიის ოფისში გადაღება მიმდინარეობდა, როდესაც იქ კრიმინალური პოლიცია შევიდა. თვითმხილველთა თქმით, ხალხი ერთი ოთახში ჩაკეტა და საგამოძიებო მოქმედებები დაიყო.

კომპანიის თანამშრომლები და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ოკმელაშვილის დაკავების მიზეზეი მის მიერ „გავლენების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობაა. კომპანია „ლიმონის“ წილის 100%-ს გიორგი ოკმელაშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც.

საგამოძიებო მოქმედებები ქსნის და ჭონქაძის ქუჩებზე გვიან ღამემდე გრძელდებოდა. სამართალდამცველებმა კომპანიის შენობიდან კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები, ხოლო ოკმელაშვილის სახლიდან მისი კუთვნილი ტანისამოსი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკა ამოიღეს.

როგორც ადვოკატები ამბობენ, როდესაც „ლიმონის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, გამომძიებლებმა ადგილზე უფლებადამცველი მოგვიანებით შეუშვეს და ჩხრეკის პროცედურაში დასწრების უფლება მისცეს.

თუ რისთვის სჭირდება ძალოვან უწყებას ნივთმტკიცების სახით დაკავებულის პირადი ნივთები, ადვოკატებისთვის უცნობია.  ამბობენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან რაიმე საგანი ვერ აღმოაჩინეს.

„კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან რამე საგანი აღმოჩენილი არ იქნა, მხოლოდ კომპიუტერული მეხსიერებების ჩამწერები იქნა ამოღებული, რომელიც, როგორც მისი თანამშრომელი განმარტავს, არის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული. სახლის ჩხრეკას ესწრებოდა ჩვენი თანამშრომელი, იქიდანაც რამდენიმე ნივთია ამოღებული. დადგენილებაში, როგორც გავეცანი, გამოძიება დაწყებული იყო სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ასევე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით, თუმცა ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომელი მუხლით მოხდება ბრალის წარდგენა“, - ამბობს ადვოკატი.

კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი დაკავებულია - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი 13 მაისის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. უწყება წერს, რომ დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გ.ო. თბილისში დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ო. სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.“ - წერია განცხადებაში.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×