
საქართველოში ავტომობილების იმპორტის შემცირების ფონზე, აქციზიდან ბიუჯეტის შემოსავალი 260 მლნ ლარამდე გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 259.9 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 243.5 მლნ ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავალი წლიურად 16.4 მლნ ლარით, ანუ 6.7%-ით გაიზარდა.
ამასთან, სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ სექტემბერში ავტომობილების აქციზიდან ხაზინაში 21.3 მლნ ლარი შევიდა. უფრო კონკრეტულად, წელს აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: სექტემბერი - 21 315 631 ლარი; აგვისტო - 32 742 806 ლარი; ივლისი - 39 846 269 ლარი; ივნისი - 36 654 516 ლარი; მაისი - 26 681 490 ლარი; აპრილი - 26 625 923 ლარი; მარტი - 33 798 101 ლარი; თებერვალი - 20 697 850 ლარი; იანვარი - 21 514 319.
ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხის მოცულობების მსგავსი ტენდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი განბაჟებაზე აქციზის განაკვეთების მატებაა. კერძოდ, 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედებული ცვლილებებით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა, რაც გადასახადის 5.6-ჯერ მატებას ნიშნავს. ასევე შეიცვალა 2020-2023 წლებში გამოშვებული ავტომობილების გარკვეული კატეგორიების განაკვეთები.
პარალელურად კი, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში 2026 წლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. იანვარ-სექტემბერში რაოდენობრივად იმპორტი წლიურად 12%-ით შემცირდა, იანვარ-აგვისტოში კლება 9.9% იყო, იანვარ-ივლისში კი დაახლოებით 20%-ს შეადგენდა. იანვარ-ივნისში იმპორტი 12.3%-ით, იანვარ-მაისში 14.8%-ით, ხოლო იანვარ-აპრილში დაახლოებით 15.3%-ით შემცირდა რაოდენობრივად.