
ბიძინა ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციის ალიანსის" მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, ვისაც არ აქვს პასუხი კორუფციაზე, ვისაც არ აქვს პასუხი ემიგრაციასა და დაცლილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღარიბეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე".
„თითქოს ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ყველანი სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქითაა ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის და სწორადაც ეშინია. ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, ვისაც არ აქვს პასუხი კორუფციაზე, ვისაც არ აქვს პასუხი ემიგრაციასა და დაცლილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღარიბეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე. სწორედ ამ ლეგიტიმაციის კრიზისს გვიჩვენებს დღეს ივანიშვილი, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ მეგობრებო.
ივანიშვილის ეს სისუსტე თქვენი ნებისყოფის დამსახურებაა, იმის, რაც 2 წლის წინ დაიწყო და დღესაც არ დასრულებულა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ ეს არ დასრულდება გამარჯვებამდე, არა რომელიმე თარიღამდე, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.
ჩვენ მშვიდობიანი წინააღმდეგობით, მტკიცე წინააღმდეგობით მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა, მოუწევს ქართველი ხალხისთვის მიტაცებული თავისუფლების დაბრუნება. შემდეგ უკვე ქართველი ხალხი თავისუფალი არჩევნების გზით აირჩევს თავის წარმომადგენლებს. მათი ინტერესების გამომხატველს, რომელიც დღეს ქართველ ხალხს არ ჰყავს. ჩვენ წარმოვადგენთ თქვენ ინტერესებს. ეს ერთთვიანი კამპანია, რომელიც 28 ნოემბრამდე იქნება და მერეც გაგრძელდება, სწორედ იმას ემსახურება, რომ პოლიტიკას თავისი მნიშვნელობა დავუბრუნოთ, ის შინაარსი, რაც პოლიტიკას საერთო საქმედ, ანუ რესპუბლიკად აქცევს.
გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს ქართველ ხალხს! დიდება თავისუფლებას!" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.