
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ მზად არის გამოცხადდეს სასამართლოში, ან დისტანციურად ჩაერთოს ჩვენების მისაცემად, თუ „4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება“.
როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არის მხოლოდ და მხოლოდ ის და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ „რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში“.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს!
პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად.
დიდი მადლობა!
P.S. ოპოზიციურ პარტიებს გთხოვთ გამიწიოთ შუამდგომლობა, რომ თუ 4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება, სასამართლოს მივცე ჩვენება“, - წერს ბურჭულაძე.