რეზონანსი
26.10.2026

სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული! ამიტომ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს, - ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძეს თანამდებობიდან მოხსნა ცოტაა. როგორც ბრალდებულების დედა აცხადებს, ასევე მნიშვნელოვანია, თანამდებობა დატოვოს №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ.

„რაც შეეხება [დავითის] ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკეთესობა არის, ტემპერატურა არ აქვს. როგორც მეუბნებიან, ყველაფერი სტაბილურად მიდის, რენტგენსაც უღებენ, ძირითადად ნეკნებზე აქვთ აქცენტი აღებული, რომ რაღაც არ გამოეპაროთ. წოლითი რეჟიმი აქვს, ტვინის შერყევა აქვს და დგომა არ შეიძლება. მალებიც არის დაზიანებული.

დღეს გავიგე პატარიძის შესახებ, მაგრამ პატარიძე ძალიან ცოტაა. ფირცხალავაც აუცილებლად უნდა იყოს თანამდებობიდან მოხსნილი, საქმე უნდა იყოს აღძრული პატარიძის, ფირცხალავას, ყიფიანის, მეორე ყიფიანის, ბილანიშვილის, კაჭარავას და გოცირიძეზე. მე არ ვიცი, შეიძლება არის კიდეც დაწყებული გამოძიება და ჩვენ არ ვიცით.

ასევეა ვიღაც ზაუტაშვილი, მეორე არის მარგველაშვილი გიჩო - არაფერს ამბობენ ამ პიროვნებებზე. ეს მთელი ჯაჭვია. ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება და ვინც მონაწილეა ყველა დაჭერილი უნდა იყოს.

ყიფიანი გამოდის და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე და მარტო ამიტომ არ უმძიმებენ მუხლს? მიკვირს. ეტყობა, ძალიან დიდი ფიგურაა ჩვენს სახელმწიფოში, ან ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს. მიკვირს, ვინ არის ასეთი დაინტერესებული, ვინ იცავს მაგას? ერთი ვერსია არის ის, რომ გიორგი პატარიძის შვილის ნათლია ყოფილა ვატო ყიფიანი და შესაძლოა, მანდედან მოდის მფარველობა.

სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული! ამიტომ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს. როგორ შეიძლება მათზე გამოძიება არ დაიწყოს, როდესაც დაზარალებული პირდაპირ ადებს ხელს, კამერები გახსნან, შეიძლება არ იყო სათვალთვალო კამერა საკანში, მაგრამ დერეფნებში კამერები არის. სანამ ყიფიანი ციხეში მოხვდებოდა, ჩემი შვილები სხვა საკანში იყვნენ.

მალე დატოვებენ თუ არა ციხეს ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი და მეორე ყიფიანი, მე არაფერი არ გამიკვირდება. „კაწროზე“ უკვე რამდენჯერ თქვეს, რომ „იქ ნახეს“, „აქ ნახეს“ და ახლა არაფერია გამორიცხული, შეიძლება ხვალ ყიფიანი გამოვიდეს და მეც „გამაგოროს“.

ედუარდ შევარდნაძის დროს იყო, რომ ხალხს ფანჯრებიდან აგდებდნენ. ასეთი სახელმწიფო დანაშაული არასოდეს ყოფილა ბოლო წლებში და ბოლო მთავრობების დროს ჩადენილი. ამიტომ, თვითონ სახელმწიფო არ არის მზად ასეთი რამისთვის და ალბათ, ამ ფორსმაჟორში დალაგდებიან და იფიქრებენ, როგორ გასცენ მოსახლეობას პასუხი, იმიტომ, რომ არ გეგონოთ, მარტო ვარ“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი "ვივამედში" თავდაპირველად 19 ოქტომბერს 21:00 საათზე შეიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

20 ოქტომბერს, დავით ფეიქრიშვილი კვლავ "ვივამედში" გადაიყვანეს, კლინიკაში აცხადებენ, რომ დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, რა დაზიანებებიც წინა დღეს არ ჰქონია, ხოლო მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×