
დესტაბილიზაცია და საბოტაჟი - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ამ მიზანს საქართველოში მოქმედი ენჯეო სექტორის უმრავლესობა, ოპოზიციასთან და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილთან ერთად გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ემსახურება.ლევან მაჭავარიანი წერს, რომ უცხოელი პატრონების და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ელჩის ინტერესების გამტარებლების ამოცანა საქართველოში მუდმივი რყევის შენარჩუნებაა. პროცესების გამწვავებისთვის კი გზამკვლევიც მომზადდა. უცხოეთში გაწერილი სქემის მიხედვით უმართავ სიტუაციას პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებამდე უნდა მიეყვანა. დეზინფორმაციის გავრცელება და ცრუ ბრალდებები კი ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ვრცელი წერილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ენჯეო სექტორის და მათთან დაკავშირებული ძალების მხილებაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები რეალურად ოპოზიციის დანამატია, რომლებიც მხოლოდ დამკვეთის დავალებების შემსრულებლები არიან.
ბრალდებების ადრესატებს გარე ძალებთან კავშირებზე საუბარი არ სურთ. დუმან უცხოელების მხრიდან დაფინანსების მიღების სქემაზეც. ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ დასავლელი პარტნიორების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა აქვთ.
სახელისუფლებო პარტიისთვის ოპოზიციის, ენჯეოების და მათი მოკავშირეების ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით ბოლო 4 წელში 5 რევოლუციური სცენარის მცდელობაც სახელმწიფო გადატრიალებისკენ იყო მიმართული.
ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის ქმედებები სახელისუფლებო პარტიისთვის მავნებლურთან ერთად მოღალატეობრივიცაა, ლევან მაჭავარიანი თვლის, რომ ამის გამო მათ საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.
"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალების მიზნები და ინტერესი ლუსტრირებულია. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი შესაბამისი რეაგირება ექნება.