რეზონანსი
17.06.2024

კუჭის ოპერაციის შედეგად მომხდარი გართულებებით თურქეთში ქუთაისელი ქალბატონი თამარ კინწურია გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მან ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია. ოჯახი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ექიმების დაუდევრობას შეეწირა.

ამ უმძიმეს ამბავს გარდაცვლილი ქალის დედაც ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ მას შვილი კლინიკაში მოუკლეს.

"ჩემი შვილია, ემიგრანტი, კეთილი, პატიოსანი, მწერალი, ენით აუწერელი სიკეთის მატარებელი. ქველმოქმედების დამფუძნებელი. ყოველთვე 100 ევროს წირავდა და ჰყავდა ბევრი მიმდევარიც. ისინიც წირავდნენ, მაგრამ სახელი და გვარები არ ჟღერდებოდა. აი, ასეთი კაცთმოყვარე, უკეთილშობილესი შვილი მომიკლეს თურქეთში, სამსუნის კლინიკაში. დამიღუპეს კარგი შვილი, კარგი დედა, კარგი ბებია და უძვირფასესი ადამიანი. ალბათ კომენტარებსაც კითხულობთ... ხალხო, არ შეცდეთ არ წახვიდეთ, ამ სამსუნის კლინიკაში სასაკლაოა გახსნილი. მე-5 მსხვერპლი ჩემი შვილია, რაც ჩვენ ვიცით. ფრთხილად ადამიანებო. სწორი კვებით დაიკელით წონაში... ასე დაგვღუპა ჩემმა შვილმა. მას შეეძლო სწორი კვებით დაეკლო, მაგრამ...", - წერს მომხდარით განადგურებული დედა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი თამარ კინწურია ლექსებს და რომანებს წერდა. მისი რომანი "ქალი წარსულიდან" რამდენიმე წლის წინ გამოიცა კიდეც. 

როგორც ირკვევა, თამარი იტალიაში მუშაობდა და როგორც ჩანს თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად ჩავიდა..

„ჩემო თამრო, თამრიკო, ყვავილები იტალიელებმა მოგართვეს. ყველგან სიყვარულს და სიკეთეს თესავდი, სადაც არ უნდა მისულიყავი. რატომ შემაყვარე ასე თავი და მალევე წახვედი, ვტირი, მაგრამ ვერ გშველი. როგორ მეპატიჟებოდი ქუთაისში, შენთან სახლში, ახლა მხოლოდ შენ საფლავზე მოვალ ყვავილებით,“ - წერენ გარდაცვლილის მეგობრები.

გარდაცვლილ ქალბატონს მშობლიურ კუთხეში სამშაბათს დაკრძალავენ. როგორც ოჯახის წევრმა მითხრა, მისი დაკრძალვის შემდეგ ისაუბრებენ მომხდარის დეტალებზე.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×