რეზონანსი
03.07.2024

არასდროს მინახავს ამდენი ხალხი ასე ერთობლივად რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი და ასეთი კეთილი და ბედნიერი, ეს ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ეროვნული ნაკრების დახვედრის ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გველესიანის თქმით, გულშემატკივრების დახვედრა ძალიან ემოციური იყო და ეს ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს, რომ უფრო წარმატებულები იყვნენ.

„ჩვენთვის იყო დაუვიწყარი ემოციები, იყო ენითაღუწერელი სიხარული ქართველი ხალხისა, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება ჩვენ და ეს არის საამაყო. არ ველოდებოდით მსგავს ანშლაგს, მსგავს დახვედრას და ვართ ძალიან ბედნიერები. ეს კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას, რომ უფრო და უფრო მეტი წარმატებებისთვის ვიყოთ მზად.

ძალიან ამაყები ვიყავით. ჩვენ ყველას სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი რამ გვიხილავს, მაგრამ როცა ამას საკუთარ ერში, საკუთარ ქვეყანაში ხედავ, განიცდი, გრძნობ, ფასდაუდებელია და ამას ვერაფერი შეედრება. არასდროს მინახავს ამდენი ხალხი, ასე ერთობლივად რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ასეთი კეთილი და ბედნიერი. ეს ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. ვტკბებით ამ ემოციებით", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

გიორგი გველესიანმა „პალიტრანიუსის" ეთერში პორტუგალიასთან მატჩის დროს კრიშტიანუ რონალუდსთან თამაშიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მის წინააღმდეგ უკვე მეორე მატჩში ითამაშა და კრიშტიანო რონალდუმ გოლის გატანა ვერცერთხელ ვერ მოახერხა.

„ჩემთვის რონალდუსთან შეხვედრა მეორეჯერ შედგა, ირანის „პერსეპოლისთან" ერთად მქონდა ბედნიერება, რომ მასთან უკვე მეთამაშა და მან გოლი ვერ გაიტანა ჩემს წინააღმდეგ. ეს ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი ფაქტია იმიტომ, რომ ბევრი მცველი ვერ დაიკვეხნის მსგავს რამეს, რომ მის წინააღმდეგ ორი თამაში ეთამაშა და ვერცერთში მას გოლი ვერ გაეტანა", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გველესიანის განცხადებით, ირანულ კლუბ „პერსეპოლისთან" კონტრაქტის ვადა დაუმთავრდა, ხოლო გაახანგრძლივებს თუ არა, შემდეგ კვირების განმავლობაში გადაწყვეტს.

„მაქვს მთელი რიგი განხილვები რამდენიმე აგენტთან. არის რაღაც ვარიანტები. სეზონის ამ ეტაპზე ფეხბურთელი ისვენებს და განიხილავს მომავლის გეგმებს. მომავალი ორი სამი კვირის განმავლობაში ჩამოვყალიბდები, კარგად ავწონ-დავწონი, განვიხილავ რა შემოთავაზება იქნება და ოჯახთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას.

ჯერჯერობით საქართველოში ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად. ირანში კონტრაქტი დამიმთავრდა. ახალ კონტრაქტზე მიდის საუბარი, მაგრამ არ ვიცი გავახანგრძლივებ თუ არა", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×