ხალხმა მოუხშირა საავადმყოფოებში სიარულს, ხოლო ექიმებმა - ანალიზებისა და წამლების დანიშვნას, კლინიკები საწარმოებივით იხსნება
ქეთო გოგოხია
01.07.2024

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ექიმებსა და მედიკამენტებზეა დამოკიდებული. კვლევების გარეშეც, კლინიკების და სააფთიაქო ქსელების საქმიანობის თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ექიმებსა და სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა კატასტროფულად მატულობს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ექიმების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც ცხოვრების განსხვავებულ წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, ექიმებში სიარული და წამლების მოხმარება ცხოვრების წესად იქცა, რასაც სარგებლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ზიანი მოაქვს.

ექიმებზე მოთხოვნის პარალელურად გაიზარდა პოლიფარმაციაც (ზედმეტი წამლების გამოწერა), რასაც პრობლემად მიიჩნევს მთავრობაც, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალურად ვერაფერს აკეთებს. ფაქტია ისიც, რომ ქართველი ექიმების უმეტესობა მუდმივად ცდილობს, პაციენტებს სპეციალურად ძვირი მედიკამენტები გამოუწერონ. ეს ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალურად აზარალებს, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა, ზოგადად, ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ მუდმივად არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ.

ძვირი, ე.წ. "შეკვეთილი" წამლების გამოწერის ფაქტებს მედიკამენტების მომხმარებლები მუდმივად აწყდებიან, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში იქნება.

ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე ძვირადღირებული მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელო გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და თანაც საკმაოდ საეჭვო რეცეპტს ატანს. ჩამონათვალში წამლების დიდი წილი სწორედ ძვირადღირებულ მედიკამენტებს უჭირავს.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი მარინა ბერაძე ადასტურებს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ფარმაცევტული ორგანიზაციების კარნახითა და მოტივირებით, ექიმები პაციენტს ისეთ ძვირ წამლებს უწერენ, რომელთა ანალოგი საკმაოდ იაფად იყიდება.

იგი ფიქრობს, რომ ბაზარზე იმდენი კლინიკაა, რამდენზეც მოთხოვნა არსებობს, თუმცა ამის საჭიროება რეალურად არ დგას.

,,პაციენტი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ათიდან ცხრა შემთხვევაში ექიმს უჯერებს - იკეთებს ანალიზებს და იმ ძვირადღირებულ წამალს ყიდულობს, რომელიც მკურნალმა ურჩია მაშინ, როცა ამ წამლის ბევრად იაფი და, შესაძლოა, უფრო ეფექტური ანალოგი არსებობს. დღეს ხშირია შემთხვევები, როცა სამედიცინო კლინიკა ფარმაცევტული ინდუსტრიის საკუთრებაა და იქ მომუშავე ექიმი, რასაკვირველია, პირდაპირ იმ რეცეპტს წერს, რომელიც მეპატრონეს დამატებით მოგებას მოუტანს. ორივე გზა არაეთიკურია, განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ ერთი მედიკამენტი მეორეზე უკეთაა შეფუთული. 

პაციენტებისთვის ჭარბი ან ძვირადღირებული რაოდენობით წამლების გამოწერის პროცესი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. პრობლემა გრძელდება წლობით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზოგიერთი ექიმის დაბალი კვალიფიკაციაა. როგორც აღვნიშნე, იგი უკავშირდება გარიგებას ფარმაცევტულ კომპანიასა და კონკრეტულ ექიმებს შორის. შეიძლება ეს სარგებელი იყოს ბონუსები, საზღვარგარეთ სამედიცინო კონფერენციებში მონაწილეობის დაფინანსება და სხვადასხვა წამახალისებელი შეთავაზება ბიზნესის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არც ისე ცოტაა. ზოგი საკუთარ თავზე გამოგვიცდია, ზოგზეც ახლობლებისა და ნაცნობთა წრეშიც გვსმენია", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" მარინა ბერაძემ.

შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი კონტროლის გაძლიერებაა. როგორც ყოფილი დეპუტატი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი აკაკი ზოიძე აღნიშნავს, მკაცრი პროტოკოლიც უნდა არსებობდეს, კონკრეტულ შემთხვევაში რა წამალი უნდა დაენიშნოს ავადმყოფს. ეს იქნება პრევენცია, რათა ექიმის მხრიდან საკუთარი ინტერპრეტაციით არ მოხდეს მედიკამენტის დანიშვნა. რაც შეეხება სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით ეჭვს, მსგავს შემთხვევებს ნამდვილად ექნება ადგილი, მაგრამ აქ საჭიროა ფაქტობრივი დადასტურება.

,,ხშირ შემთხვევაში, თუკი პაციენტის უკან სადაზღვევო კომპანია არ დგას, რომელმაც შეიძლება გააკონტროლოს გაწეული მომსახურების ხარისხი, პრობლემა მოსალოდნელია. პაციენტებს, შესაძლოა, ჩაუტარონ არასაჭირო სამედიცინო პროცედურა და დაუნიშნონ ზედმეტი წამლები. ჩვენ სისტემური პრობლემა გვაქვს და ეს არის ჯანდაცვის სფეროს სერიოზული გამოწვევა, რაც უნდა გამოსწორდეს. 

ცხადია, სერიოზული პრობლემაა ექიმების და კლინიკების დიდი რაოდენობაც, სექტორი მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი და ამიტომაც გახსნილია კლინიკები, როგორც საწარმოები. კონვეინერული წესით უწევენ მომსახურებას. კლინიკების რაოდენობის ზრდა დიდწილად გამოიწვია არა ავადმყოფების მომატებამ, არამედ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. 

უნდა ითქვას, რომ აქ ყველას თავისი სიმართლე აქვს - ექიმსაც და ავადმყოფსაც. არსებული სიტუაციით არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი. ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობა მასობრივად დაავადდა. უბრალოდ, ხალხმა მოუხშირა საავადმყოფოებში სიარულს", - უთხრა ზოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 269 საავადმყოფო ფუნქციობდა, საწოლფონდი კი 17.9 ათასს შეადგენდა. რაც 13.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15.2 მილიონს გაუტოლდა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.0 ათასი. 1000 მოსახლეზე კი ექიმთა რაოდენობა 8.5-ია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×