რეზონანსი
08.06.2024

15 ივნისს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები სასიამოვნო სანახაობის მოწმენი გახდებიან: ქართული კულტურის ცენტრში გაიმართება სპექტაკლი "ძველი თბილისი", რომელშიც ქართველი ბავშვები ითამაშებენ. ნიუ-იორკის ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძეა, ხოლო პროდიუსერი - ქართული კულტურის დიდი მოამაგე ვიქტორ სირელსონი. "პა-სეანსის" ვარსკვლავმა გაამხილა, რომ საქართველოში ბრუნდება:

"18 წელია უკვე აქა ვარ და მადლობა უფალს, ნიუ-იორკში ქართული თეატრი არსებობს, მე ამ თეატრმა გადამარჩინა! ამ ბავშვების და თეატრის გარეშე ვერ გავძლებდი... პირველი სამი წელი სულ ვტიროდი, უკან დაბრუნება მინდოდა. 

აქ მცხოვრები პატარები დილიდან საღამომდე საბავშვო ბაღში ან სკოლაში არიან. მარტო ინგლისური ესმით და საღამოობით, ცოტა ხნით, მშობელთან ლაპარაკი საქმეს ვერ შველის. ამიტომ ბავშვისთვის მშობლიური ენა ინგლისური ხდება. რომ ვეუბნები, შვილო, შენი სამშობლო საქართველოა და შენც ქართველი ხარ-მეთქი, მპასუხობენ, მე ამერიკელი ვარ, ჩემი მშობლები არიან ქართველებიო. ისინი ფიქრობენ, რომ აქ დაიბადნენ, აქ იზრდებიან და ეს არის მათი ქვეყანა. სკოლაშიც ეუბნებიან, რომ ამერიკელი ქართველები არიან და არა პირიქით - ქართველი ამერიკელები... მადლობა ამ ქვეყანას, რომ შეგვიფარა და გადაგვარჩინა, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა საქართველოში არ დაბრუნდება. მშობლებს რომ ვეკითხები, მათი პასუხი ასეთია, საქართველოში წასვლა როგორ არ გვინდა, მაგრამ ბავშვები უკვე აქაურობას არიან მორგებული და როცა ისინი ცხოვრებას აიწყობენ, მერე დავბრუნდებითო. ასე გადის წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც. მადლობა ღმერთს, ზოგიერთი მაინც ბრუნდება. ახლა ჩემი ორი მოსწავლე აპირებს დაბრუნებას, ერთი უკვე დაბრუნდა... სულ ამბობდა, მირჩევნია საქართველოში ვიცხოვრო და სკოლაც იქ დავამთავროო. ცხადია, ეს მისი მშობლების დამსახურებაა - მოინდომეს, რომ მათი შვილები ქართველებად გაზრდილიყვნენ და თავიდანვე შთააგონეს, რომ მათი სამშობლო საქართველოა.

უკვე 13 წელია, რაც აშშ-ის მოქალაქე ვარ, მაგრამ პირველი წლები ძალიან გამიჭირდა...  მაქსიმალური ვადა 2 წელია, შეიძლება უფრო ადრეც დავბრუნდე. 18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა. მინდა მალე დავბრუნდე და ვიდრე ჯერ კიდევ ძალა და ენერგია მაქვს, ჩემს ქვეყანას მოვახმარო, მით უმეტეს, ისეთი სიურპრიზი მომიწყო ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, რომ თავიდან ვერც ვიჯერებდი. ამ კომპანიას აქვს არაჩვეულებრივი იდეა: ყოველ წელიწადს ერთ ემიგრანტს ბინა გადასცეს, რომ ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ. პირველი იღბლიანი ემიგრანტი მე გავხდი. ამის შესახებ ნიკა წულუკიძემ ნიუ იორკში გამარ­თული სპექტაკლის შემდეგ რომ გამოა­ცხადა, სიხარულისგან კინაღამ გული გამიჩერდა! მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა და ჩემთან ერთად ტიროდა. მართალია, ჩემი პატარა ბინა სოლოლაკში ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ახალი ბინა მაჩუქეს. ყველაზე მეტად იცით, რა მახარებს? ამის თაობაზე არც ერთი ცუდი კომენტარი არ შემხვედრია. პირიქით, მწერენ, ნიუ-იორკში ისეთ კარგ საქმეს აკეთებ, რომ დაიმსახურეო. ბედნიერებაა, როცა შენს შრომას აფასებენ!“ - განუცხადა "კვირის პალიტრას" ცუცა კაპანაძემ.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×