ელზა პაპოშვილი
22.06.2024

მმართველ გუნდს დასავლელ პარტნიორებთან ახალი გზავნილი აქვს - პრემიერი ირაკლი კობახიძე მათ ურთიერთობების გადატვირთვას და გაჯანსაღებას სთავაზობს. პრემიერი ამბობს, რომ ეს ეხება ყველა მიმართულებას და ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. რა იგულისხმება ამაში და რამდენად მისაღები იქნება დასავლეთისათვის საქართველოს პრემიერის შეთავაზება?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ის რესური, რომ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვა შეძლოს. ეს კი სჯობს არჩევნებამდე გააკეთოს და დიპლომატიურ დონეზე ჩავარდნილი კომუნიკაცია უფრო გააქტიუროს. 

პრემიერი კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გადატვირთვასა და გაჯანსაღებას ექვემდებარება. ის ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველ დიპლომატებს შეხვდა და დახურულ კარს მიღმა, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით მუშაობისთვის გარკვეული დავალებებიც მისცა. 

„მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის. 

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გადატვირთვა და ახალი ფურცელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოქტომბერში „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა.

„ახლა თურმე კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს სურთ ურთიერთობები დასავლეთთან ახალი ფურცლით დაიწყონ და ერთგვარი გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზონ ჩვენს პარტნიორებს. გადატვირთვა და ახალი ფურცელი იქნება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ესენი წავლენ სახლში, აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ახალ პროდასავლურ, დემოკრატიულ კოალიციურ მთავრობასთან ნამდვილად ითანამშრომლებს დასავლეთი, მათ შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.

რა უნდა გააკეთოს „ოცნებამ“ დასავლეთთან პოლიტიკის გადატვირთვისთვის

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ურთიერთობის აღდგენის რესურსი არსებობს, თუმცა ვერ ხედავს „ოცნების“ მხრიდან ამ წლების განმავლობაში იმის მცდელობას, რომ ეს გამოყენებული ყოფილიყოს. 

„როგორც აქ აკრედიტირებულ ელჩებთან და საელჩოებთან, ასევე ჩვენი ელჩების მხრიდან აქტიური მუშაობაა საჭირო. ინფორმაციის დროულ მიწოდებაზე უნდა იმუშაონ. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი და დამაჯერებელი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ფაქტებით იქნება გაჯერებული. უწყვეტ რეჟიმში არის მუშაობა საჭირო. 

„არაობიექტური ინფორმაციის ნიაღვარი  მოდის ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკაშვილი ქვეყანაში არაჟნებთან ერთად შემოიპარა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ არნახული ცილისწამება, დეზინფორმაცია და არ მინახავს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებში თუ ტელევიზიებში ხელისუფლებას ამის საპირისპირო ინფორმაცია გაევრცელებინოს. ამის გაკეთება შესაძლებელია, თანაც ფაქტებით დამოწმებით.

„დასავლეთში არის ისეთი პუბლიკაციები და პუბლიცისტები, რომლებიც არ არიან მიკერძოებულები. მათთან კომუნიკაცია და მუშაობა საჭიროა, რომ მეორე მხრიდანაც პოზიცია დაფიქსირდეს. ხელისუფლება ბოლო ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, სულ არის  დასავლეთიდან თავდასხმის რეჟიმში და ესენი თავის მართლების რეჟიმში იმოფებიან. ამან ძალიან დააზიანა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ბოლო დროს დასავლეთის მხრიდან საქრათველოსთან მიმართებაში განხორციელებული პოლიტიკა ძირითად არის კანონთან დაკავშირებით შანტაჟი და დაშინება.   

„დიპლომატურ დონეზე ისეთი რაღაცეები რჩება ყუარდღების მიღმა, რაც შემდეგ ქმნის სრულიად სხვანაირ საინფორმაციო ველს და „ოცნება“ არის მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში გადასული. ბრძოლა დეზინფორმაციასთან, რამაც საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა განსაკუთრებით დააზიანა, შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური ყოფილიყო. აქამდე ეს არ ყოფილა. 

„პრემიერს მოვუწოდებდი, რომ არჩევნებამდე ეს რესურსი გამოიყენოს. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო თუნდაც იმ სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. პოლიტიკაში გაბუტვა და მსგავსი რამ არ შეიძლება. აქ დგას შენი ქვეყნის  ინტერესები და უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ, თუკი პრემიერი ამ მიმართულებით მუშაობას დაიწყებს, ამაზე კარგი არაფერი იქნება“, - ამბობს მამრაძე. 

„დასავლეთმა თანასწორ პარტნიორად უნდა მიგვიღოს“

ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ ბოლო დროს დასავლელ პარტნიორებთან თანასწორი და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობს.

„დროა, რომ ამერიკამაც და დანარჩენმა დასავლეთმაც გაითავისოს, რომ სრულფასოვან, პოლიტიკურად დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს ესაუბრება. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენთან მიმართებაში ურთიერთობა გადაიტვირთოს. ეს ნიშნავს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას და ისე საუბარს, როგორც ეს ორ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. 

„გეოპოლიტიკურად ახლა საქართველოს ისეთი არეალი და შესაძლებლობები გაეხსნა, რომელიც აქამდე არ გვქონია. სწორედ ამიტომ,  სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ. მოსწონს თუ არა ეს ამერიკას ან ევროპას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია ეს ინტერესები გამოიყენოს. ამიტომ მე მგონია პრემიერის განცახდება სწორედ ამას გულისხმობს - რომ დაგველაპარაკონ ისე, როგორც პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შეეფერება“, - ამბობს მეგრელიშვილი. 

მისივე თქმით, საქართველოსაც თუნდაც ამერიკის ინტერესისთვის არანაკლები რესურსი აქვს ჩადებული. ეს კი სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში ქართველების სიცოცხლით არის დამოწმებული. ამიტომ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუკი ამის სურვილი მეორე მხრიდანაც იქნება, გადატვირთვის  პოლიტიკა, საქართველოსა და დასავლეთს შორის ნამდვილად შესაძლებელია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×