ნატალია ჯვარიძე
05.06.2024

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასს" ელოდებიან. როგორც იგი აღნიშნავს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ბილ ბერნსი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადების შესახებ დოჰაში, კატარელ შუამავლებთან კონსულტაციებს გაივლის. „კატარელი შუამავლების მეშვეობით ჩვენ „ჰამასის" პასუხს ველოდებით", - თქვა სალივანმა.

საუბარია, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადების წარდგენაზე. გეგმის მიხედვით, პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის" მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძვლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

საერთაშორისო ექსპერტის კორნელი კაკაჩიას აზრი, ეს დროებითი შეთანხმება იქნება და ძირითადი აქცენტი ჰუმანიტარულ საკითხებზე და ტყვეების გაცვლაზე გაკეთდება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ მხარეებმა მოსინჯონ რამდენად შეუძლიათ მათ გრძელვადიან მოლაპარაკებაზე წასვლა.

„დღევანდელი რეალობებიდან გამომდინარე, ეს ალბათ დროებითი შეთანხმება იქნება, სადაც ძირითადი აქცენტი ჰუმანიტარულ საკითხებზე, ტყვეების გაცვლაზე გაკეთდება, რომ რაღაცნაირად სიტუაცია დასტაბილიზდეს.

„თუ ეს მოხდება, ჰუმანიტარული საკითხები გადაწყდება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოსახლეობას საკვები მისცენ და სამედიცინო დახმარება გაუწიონ. დიდი ალბათობით, ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ მხარეებმა მოსინჯონ რამდენად შეუძლიათ მათ გრძელვადიან მოლაპარაკებაზე წასვლა. საერთაშორისო თანამეგობრობიდან ისრაელის მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს და უკვე მისი მოკავშირეებიც აკრიტიკებენ."

მისივე თქმით, თუ მსოფლიო ლიდერები ისრაელის მიმართ ზეწოლას გააძლიერებენ ეს რეალურია და წესით ისარელი ამას უნდა დათანხმდეს.

„ვინაიდან ეს დროებითი იქნება, ორივე მხარისთვის მისაღები პირობაა, რომ ტყვეები გაათავისუფლონ, განსაკუთრებით ისრაელისთვის. თუ ასე განვითარდება მოვლენები, მაშინ ცოტა ხნით მაინც შეწყდება საომარი მოქმედებები და პალესტინელები ამოისუნთქებენ და თანამეგობრობა საკვებს მიაწოდებს. თუ ზეწოლა გაიზრდება, ეს საკმაოდ რეალისტურია და წესით ისრაელი ამას უნდა დათანხმდეს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს კი მიაჩნია, თუ მსოფლიო ზეწოლას არ გააძლიერებს, შეთანხმება არ იქნება, თან იმ ფონზე, რომ ისრაელისთვის აბსოლიტური მოცემულობა „ჰამასის" განადგურებაა. მისივე თქმით, ტყვეების დაბრუნებაც გაუგებარია, რადგან უცნობია ცოცხლების რიცხვი.

„ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია, თუ ისრაელზე მსოფლიოს მხრიდან ზეწოლა არ იქნება, რაზე უნდა შეთანხმდნენ? პირობა ვითომ ასეთია, რომ „ჰამასის" მხარემ ყველა ტყვე უნდა დააბრუნოს და ისრაელი ცეცხლს შეწყვეტსო, მაგრამ ჯერ ერთი ამ ტყვეებიდან ცოცხალი რამდენია დარჩენილი კაცმა არ იცის, რადგან ყოველდღე სულ ახალ-ახალ ცხედრებს ნახულობენ. მეორეც, ისრაელისთვის აბსოლიტური მოცემულობაა ის, რომ „ჰამასი" სანამ არსებობს მშვიდობა არ იქნება. გააჩნია ისრაელი რამდენ ტერიტორიას გააკონტროლებს, თუმცა, ამბობს, რომ მე ღაზას სექტორის კონტროლს არ ვაპირებო. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჰაერში გამოკიდებულია.

„ფაქტია, რომ დასავლეთს და ისარელის მოკავშირე ქვეყნებს უნდათ, რომ ისრაელმა ომი შეწყვიტოს, მაგრამ, მართალი გითხრათ, მე აქედან გამოსავალს ვერ ვხედავ. ერთადერთი გამოსავალია „ჰამასი" განადგურდეს და ისარელისთვის ხიფათის შემქმნელი აღარ იყოს და რეალურად პალესტინის სახელმწიფოებრიობა ამუშავდეს, ავტონომიის ფორმით იქნება, თუ სხვა. როგორც ჩანს, პალეტინელებს ამ სახელმწიფოს ამუშავება არ უნდათ, თორე ამდენი წლის განმავლობაში მოახერხებდნენ. მე მაინც მგონია, რომ ომი გაგრძელდება", - ამბობს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×