ნატალია ჯვარიძე
10.06.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთს უკრაინაში მათი ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრამ ტერ-მარგარიანის უკრაინაში ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. მისივე თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით დ იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებით. ჩვენ საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა ზახაროვამ.

საუბარია, კარაპეტიანისა და ტერ-მარგარიანის ბუჩაში ვიზიტზე, რომელიც 2 ივნისს შედგა და სადაც ნორ-ნორკსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, მათ უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ბუჩაში ვიზიტის დროს ტერ-მარგარიანმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

„ვამაყობთ უკრაინელი ხალხის სიმამაცით და ყოველთვის მზად ვართ ბუჩას მხარი დავუჭიროთ და სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებულ სხვა თემებს", - აღნიშნა ერევნის რაიონის, ნორ-ნორკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში და ვექტორი დასავლეთისკენ აიღო, თან ამას ყარაბაღის მოვლენები დაემთხვა. როგორც იგი აღნიშნავს, სომხეთმა „ოდკბ-ეს" ორგანიზაციის წესდებას გადაუხვია და ამის გამო რუსეთი სჯის. მისივე თქმით, რუსეთი სომხეთს ხელიდან ასე მარტივად არ გაუშვებს.

„ჩემი აზრით, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია ის, რომ სომხეთმა ხელზე დაიხვია ყარაბაღის მოვლენების ტრაგიკული განვითარების პროცესში, როცა რუსეთმა შესაბამისი დახმარება არ აღმოუჩინა და ე.წ ოდკბ-ს წესდებით არ იმოქმედა. სინამდვილეში ასე არ არის, რეალურად ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვექტორის ცვლილების პროცესი დაიწყო და იგი უფრო მეტად დასავლეთზე იყო ორიენტირებული და ყარაბაღის მოვლენების მერე ეს ორიენტაცია უფრო გამძაფრდა.

„მოკლედ, სხვანაირად რომ ვთქვათ რუსეთი თავის მოკავშირეს, რომელიც ჯერჯერობით მასთან სამოკავშირეო ფორმატშია, ვგულისხმობ „ოდკბ-ეს" ტიპის ორგანიზაციას, რომელშიც სომხეთი არის გაწვრიანებული, რუსეთი მას სჯის იმის გამო, რომ მათ სამოკავშირეო დათქმებს გადაუხვიეს.

„ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. ჯერჯერობით რუსეთს სომხეთში განსაკუთრებული აქტიური მოქმედებების საშუალება არ აქვს. სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი სომხეთს ასე მარტივად ხელიდან არ გაუშვებს.

„იმაზეც კი იყო ლაპარაკი, რომ არ არის გამორიცხული ანტისამთავრობო გადატრიალების მცდელობაც მოხდეს და ამ საქმეში სამხედროები იყვნენ გამოყენებული, რომლის უმეტეს ნაწილს უმაღლესი სამხედრო განათლება რუსეთში აქვს მიღებული. ეს რამდენად მართალია, ჩემთვის რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთი სამხრეთ კავკასიის ამ მონაკვეთს, რომ ასე მარტივად არ დათმობს, ეს ფაქტია", - ამბობს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×