ნატალია ჯვარიძე
12.06.2024

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკა „დიდი შვიდეულის" სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს. მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ეფექტურ შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან.

ამასთან, კირბის თქმით, შეერთებული შტატები „დიდი შვიდეულის" სამიტზე გამოაცხადებს ნაბიჯებს, რათა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაში დაეხმაროს. მისივე ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

საუბარია, „დიდი შვიდეულის" 50-ე სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაში, ბრინდიზში გაიმართება.

„სანქციები ისედაც ეფექტურია და ნებისმიერი მორიგი შეზღუდვა რასაც რუსეთს და მის მომხრეებს უწესებენ, ის კიდევ აძლიერებს საერთო სანქციების პაკეტს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი წინადადება კარგად არის შესწავლილი და შესაბამისად, ეს საკმაოდ ეფექტური იქნება", - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ აქამდე დაწესებული ყველა სანქცია და მომავალში რაც იქნება, არაფრის მომტანი არის. როგორც იგი აღნიშნავს, სანამ დასავლეთსა და ამერიკას რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, ნებისმიერი დაწესებული შეზღვუდვა არაეფექტური იქნება. მისივე თქმით, კრემლის მიერ განხორციელებული ქმედებები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთზე მსგავსი რაღაცეები არ მოქმედებს.

„სანქციების ეფექტურობა თავიდანვე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიული მადა უკრაინის მიწა-წყალზე უფრო არ გაღვივდებოდა. იმ სხვადასხვა პაკეტებს, რომლებსაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში უწესებდნენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფერმა რუსეთზე არანაირად არ იმოქმედა.

„კრემლის აგრესიული პოლიტიკა და მისი მთლიანი სისხლიანი სამხედრო მანქანა ფუნქციონირებას უფრო დიდი მასშტაბით აგრძელებს. ასევე, ჩვენ ვხედავთ ძალიან სავალალო ფაქტებს, როდესაც დასავლეთი პირდაპირ თუ ირიბად პუტინის რუსეთთან მრავალმილიარდიან სავაჭრო ურთიერთობაშია, ეს დაუშვებელია.

„მომდევნო სანქციების განხორციელებას როგორ აპირებენ, კიდევ საინტერესოა. როდესაც კრემლი დაწესებული შეზღუდვების მუხედავად ცდილობს, რომ სამხედრო მოქმედებები აწარმოოს, ესე იგი, სანქციები სანქციებად, როგორც ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ამბობს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ფუჭი და არაფრის მომტანია, უკრაინა უფრო მეტად ჩამონგრეულია და უამრავი ადამიანი გაუბედურდა.

„მათი შეჭრიდან დღემდე შედეგი რა არის? პუტინი ვერაფრით შეაჩერეს, იმიტომ რომ, ისევ დასავლელ აქტორებს დავეყრდნობი, ეს მრავალსტანდარტიანი ფარისევლური მიდგომა, რომ ვითომ უკრაინას იცავენ, თან რუსეთს ასანქცირებენ და ამ დროს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში არიან, ეს აბსოლიტურად ფუჭი და არაფრის მომცემია", - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×