ნატალია ჯვარიძე
01.07.2024

პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და მერვედფინალში გასვლით ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ესპანეთთან (1:4) თამაშის დასრულების შემდეგ ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა გვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ გამოცდილება აკლდათ, თუმცა, შემდეგში უფრო მეტის გაკეთებას ეცდებიან.

„რა თქმა უნდა, დადებითად შეფასებ, იმიტომ რომ მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი, რომ არ გაგვეშვა, ალბათ უკეთესი იქნებოდა.

„ალბათ, გოლიც ისეთი 50/50-ზე იყო და ვფიქრობ, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მამარდაზე მორატა ასე ვთქვათ, მოქმედებდა და ბურთს ვეღარ ხედავდა, მაგრამ არაუშავს, ფეხბურთია. ყველას თამაშს დადებითად შევაფასებ და ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის. ვეცდებით, რომ კიდევ წინ და წინ წავიდეთ.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. მართლა არ ველოდებოდით ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, იმიტომ, რომ ალბათ ბევრს არ ეგონა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით და ამდენი ხალხი მოვიდა და ასე გვამხნევენდნენ, ძალიან დიდი მადლობა მათ. ასე ერთიანად, გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ და უფრო და უფრო წინ წავალთ. ასევე მადლობა მათ, ვინც საქართველოდანაც გვგულშემატკივრობდა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელებს მადლობას უხდის და „ფეისბუქზე" წერს: „ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს".

ნაკრებს მადლობა პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გადაუხადა და განაცხადა, რომ ესპანეთი საუკეთესო გუნდია და თამაშიც რთული იყო, თუმცა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს.

მისივე შეფასებით, ისტორია დაიწერა, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

„თავიდან ბოლომდე პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, ეს თამაში რთული იყო, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშში ყველაფერი ჩადეს და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით.

„ეს არის პირველ რიგში ისტორია, ისტორია დაიწერა. პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ქვეჯგუფიდან. ეს არის ისტორია და ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ფეხბურთმა წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ხშირად საუბრობენ ხოლმე კლასის მომატებაზე. კლასის მომატებაზე შეუძლებელია ასეთი ტურნირების გარეშე. ამ ტურნირში მონაწილეობა და პირველი წარმატება ნიშნავს იმას, რომ კლასის თვალსაზრისით ისტორიული იყო ეს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭემა ასე ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველო-ესპანეთის თამაშს აშშ-სა და გერმანიის საელჩოებიც გამოეხმაურნენ. მათ ნაკრების შესანიშნავ გამოსვლას მადლობა გადაუხადეს და ჩვენი ბიჭების მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს.

„ჩვენ ყველა ქართველ გულშემატკივარს ვუერთდებით და მადლობას ვუხდით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ მომავალში კიდევ მრავალ წარმატებას", - „ფეისბუქზე" წერს ამერიკის საელჩო.

„პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე", - წერს X-ზე გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×