რეზონანსი
30.07.2026

სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. საქმე ეხება 24 ივლისს მომხდარ სისტემურ ავარიას.

როგორც სემეკის 24 ივლისის სასისტემო ავარიის შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენელმა თორნიკე აფრიაშვილმა განაცხადა, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა მოხდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, მაჩვენებლებმა კი მიაღწიეს ნიშნულს, რის შედეგადაც, ენერგოსისტემაში კასკადური გამორთვები დაიწყო, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის ნაწილში.

„2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00:10:49 საათზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რეალური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი - გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი - საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, - განაცხადა თორნიკე აფრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×