
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხანძარი კონდიცირების სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
ხანძარი დაახლოებით დილის 7 საათზე გაჩნდა. ცეცხლი პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის შენობის მესამე სართულზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილებაში გავრცელდა.
შემთხვევა ბოლო წლებში პაკისტანში საავადმყოფოებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ხანძრად ითვლება. ქვეყანაში სახელმწიფო ჯანდაცვა სუბსიდირებულია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა არასაკმარისი რესურსებით მუშაობს და გადატვირთულია.
როგორც „როიტერი“ იუწყება, ხანძრის გაჩენის დროს პალატაში 16 ახალშობილი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის გადარჩენა მოხერხდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ხელისუფლებას შემთხვევის დაუყოვნებლივი გამოძიება დაავალა.
„უნდა დადგინდეს პასუხისმგებელი პირების ვინაობა და მათ მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდეს“, - ნათქვამია შარიფის ადმინისტრაციის განცხადებაში.