ნატალია ჯვარიძე
27.06.2024

საქართველო ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს - 26 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა 4 ქულა დააგროვა და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნიის კი, ესპანეთს დაუპირისპირდება.

მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო შემდეგი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.

ქართველი გულშემატკივრები გამარჯვებას ზეიმობენ. პარლამენტის პლენარული სხდომა კი საქართველოს გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა. ამავე დარბაზში გამოფენილია დროშები, დეპუტატებს კი ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. „ოცნების" დეპუტატებმა ასევე სიმღერა - „გაიღიმე (ზღაპრის ბოლო კეთილია)" შეასრულეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მერვედფინალში გასვლით კიდევ ერთი ოცნება ახდა.

„გუშინ ჩვენმა ბიჭებმა მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის, როგორც ფეხბურთელის, ისე გულშემატკივარის ოცნება და ეს ოცნება აგვიხდინეს ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, ფედერაციამ. განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი ჩვენი კოლეგაა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, განსაკუთრებული მადლობა მას, როგორც ჩვენს კოლეგას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

უკვე იმასაც ამბობენ, რომ ესპანეთთან მატჩში ქართველები კიდევ ერთი გადატრიალების მოხდენას შეეცდებიან. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს და საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას უდიდეს შოკად აფასებს.

„ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითიც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეი ოფშო ადგილი უზრუნველყო", - წერს გამოცემა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში მიქაუტაძის პენალტი მოჰყვა.

„საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის გუნდს, რომელსაც მოგების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ", - წერს გამოცემა.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენი ბიჭები ესპანეთთანაც მოგებისთვის გავლენ და გამორიცხული არაფერია. „დარწმუნებული ვარ, ბიჭები ესპანეთთანაც მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა კობახიძემ.

თავად ფეხუბრთელები კი ამბობენ, რომ პორტუგალიის სახით ძლიერი მეტოქე დამარცხებულია და შემდეგშიც მაქსიმუმს გააკეთებენ.

„უბედნიერესი ვარ, ასეთი გახარებული არასდროს ვყოფილვარ. საოცარი შეგრძნებაა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ ე.ი. შეგვიძლია, გაჩერებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

„გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო. ვიცით, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე ესპანეთი იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

ესპანეთის ნაკრების მთავარიმწვრთნელის ლუის დელა ფუენტეს შეფასებით, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

„მინდა მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ", - განაცხადა ესპანეთის მწვრთნელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×