თამთა ჩაჩანიძე
27.05.2024

უკრაინის ხელისუფლება პერიოდულად ითხოვს უფლებას, რომ მის ხელთ არსებული დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე გამოიყენოს, თუმცა ამ დრომდე აკრძალვა ძალაშია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ძველ პოზიციაზეა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინული ძალების თავდაცვის უნარი იზღუდება, ამ მხრივ არაფერს შეცვლის.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სტოლტებერგის განცხადება შეიძლება აშშ-ის მხრიდან სერიოზულ კონტექსტში არ იყოს აღქმული. მთავარია რას იტყვის აშშ. თან ამგვარ საკითხებს ალიანსში წყვეტს ორი სტრუქტურა - ნატოს სამხედრო კომიტეტი და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს აკრძალვა მოიხსნას, რადგან ამან შესაძლოა გაუთვლელ შედეგებამდე მიიყვანოს მსოფლიო.

ჯერ კიდევ ომის დასაწყისში დასავლური მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს სერგეი ნარიშკინის ფარულ კონსულტაციებზე, სადაც მოხდა შეთანხმება უკრაინაშ ომის წარმოების ერთგვარ წესებზე შეთანხმდნენ, მათ შორის დასავლური იარაღის გამოყენებაზე.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს.

„თავდაცვის უფლება მოიცავს უკრაინის ფარგლებს გარეთ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას. ჩვენ ამას ახლა აშკარად ვხედავთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში, რადგან რუსული ჯარები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე და საზღვარზე უკრაინის ტერიტორიას ესხმიან თავს. ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად გადის საზღვრის გასწვრივ და თუ ვერ უტევთ რუსულ ძალებს ფრონტის მეორე მხარეს, რადგან ისინი საზღვრის მეორე მხარეს არიან, მაშინ თქვენ ნამდვილად ამცირებთ უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში რუსებს შეუძლიათ განახორციელოს თავდასხმა საპასუხო თავდასხმის გარეშე. ამ კონტექსტში სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, რომლებმაც დააწესეს შეზღუდვები მათ მიერ გადაცემული იარაღის გამოყენებაზე, ამ შეზღუდვებს გადახედონ.

„ჩემი მესიჯია, რომ უნდა გადავხედოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ძალიან ბევრი შეზღუდვით ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცალ ხელს ვუბოჭავთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ ამერიკული იარაღით მოხდება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, ამას რუსეთი განიხილავს, როგორც მისი ტერიტორიის ხელყოფას და შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბირთვული იარაღიც კი გამოიყენოს.

„კრასნოდარში უკრაინელებმა რუსებს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი დაუბომბეს და ამაზე ერთი ამბავია ატეხილი. რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ეს ეგზისტენციალური ინტერესების პირდაპირი ხელყოფაა. ამის საპასუხოდ თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ ბირთვული იარაღი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ბირთვული კლუბის ნებისმიერ სახელმწიფოს - აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს თუ ნებისმიერი ქვეყანას - ბირთვული ტრიადის კომპონენტებზე დარტყმის ან თავდასხის საპასუხოდ შეუძლიათ ბირთვული დარტყმა განახორციელონ.

„უკრაინელების თავდასხმა, სავარაუდოდ, მოდერნიზებული (უკრაინული) საბრძოლო დრონებით მოხდა. ამაზე ატყდა ერთი ამბავი და უკვე ნათელი წარმოსადგენია ამერიკული იარაღით რომ დაერტყათ, რა მოხდებოდა - გამოდის, რომ ამერიკა ომში მონაწილოებს, როგორც მხარე და ამან შეიძლება ბირთვული ომის რეციდივი გამოიწვიოს.

„ამერიკელები ამიტომაც ამბობენ უარს. თუ ამერიკული იარაღით მოხდება რუსეთის ტერიტორიიის სიღრმის დაბომბვა, ამას რუსეთი განიხილავს, როგორც მისი ტერიტორიის შებღალვა და მას შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რამაც შესაძლოა გაუთვლელ შედეგებამდე მიიყვანოს მსოფლიო.

„სტოლტენბერგი ნატოს გენმდივანია. ნატოს შემადგენლობაში ბირთვული ქოლგის პირობებს აშშ უზრუნველჰყოფს. სტოლტებერგის განცხადება შეიძლება აშშ-ის მხრიდან სერიოზულ კონტექტში არ იყოს აღქმული, მთავარია რას იტყვის აშშ. თან ამგვარ საკითხებს ალიანსში წყვეტს ორი სტრუქტურა, ესაა ნატოს სამხედრო კომიტეტი და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი.

„მგონია, რომ ამ აკრძალვას დასავლეთი არ მოხსნის. ამერიკელები ამაზე არც მომავალში არ წავლენ, გამორიცხულია, ისინი საკმაოდ პრინციპულები არიან. თან საგარეო პოლიტიკაში მათ კონსენსუსური პირობები აქვთ. ისინი ხომ არ ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გამოიყენოთო?! ყირიმი იქნება, დონეცკი, ლუგანსკი", - განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, თუ უკრაინელებმა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მაინც დაარტყეს, რა საპასუხო ზომებს მიიღებს მოსკოვი, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„რუსებმა ამის საპასუხოდ შეიძლება ამერიკული ობიექტები დაბომბონ. ისედაც ხელი ექავებათ და ამას ხელიდან არ გაუშვებენ. ამასთან, შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული ტაქტიკური იარაღი ყოველგვარი ახსნის გარეშე", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×