რეზონანსი
20.05.2024

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებას დეტალებს იხსენებს და პოლიციის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

ქაცარავა ჰყვება, რომ სპეცრაზმელმა ჯერ ჰკითხა, რატომ დადიოდა საოკუპაციო ხაზზე, შემდეგ კი შეაგინა და სცემა.

როგორც ის ამბობს, მას ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ.

"რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა. დარტყმა,გინება,მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს. სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები. მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა. ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში. კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს. მთავარი მოქმედება კი მეორე,დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.

ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგს უკან შეკრულ ხელებიანს, 3 - 4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა. სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში,სახეში. ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში,ჯამში მეხუთე,ყველაზე საშინელი გამოდგა. შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი. ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას შევეი*ი! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა - მგუდავდნენ. არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ. უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.

მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს. ჯალათებო და ამ ეგზეკუციის დამკვეთებო! მადლობას გიხდით იცით რისთვის? კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს! ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის, აღმაშენებლის, 300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!

ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ,ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე! ჩვენია გამარჯვება! ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერს ქაცარავა.

პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავა. მოგვიანებით, გავრცელდა დავით ქაცარავას ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა - ამჟამად მძიმე ტვინის შერყევა და მხედველობის პრობლემა აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×