თამთა ჩაჩანიძე
20.05.2024

ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ხმაურის ფონზე განიხილა და მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია ამბობს, რომ „ოფშორების კანონთან" დაკავშირებთ, „დიდი ბუნდოვანება და კითხვებია და არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი მომავალ კვირას ოფშორებთან დაკავშირებულ ვეტოს დაძლევს. ვეტოსთან დაკავშირებული არგუმენტაცია კი მისი თმით, „აბსურდზეა დამყარებული". ანალიტიკოსთა ნაწილი მმართველი პარტიის პოზიციებს იზიარებს, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ რისკები დიდია.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.

მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

„დაჩქარებული წესით მიღებული ეს ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა სათანადო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ანალიზის გარეშე მიიღო, გაუმართლებელია, შეიცავს დისკრიმინაციული ხასიათის დებულებებს, შესაბამისად, ვერ იქნება მხარდაჭერილი და გაზიარებული", - განაცხადა მსხილაძემ.

რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია

გასაგებია, რაც არის დასაჩქარებელი! - არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ "ოფშორების კანონი" არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ოფშორების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერის ღონისძიება არ მიიღება იმ ხალხთან კონსულტაციის გარეშე, ვინც ინვესტიციები უნდა დააბანდოს.

ლილუაშვილმა მმართველი გუნდის დეპუტატებს მიმართა, თუ რა შეფასებები არსებობს თავად კერძო სექტორში "საგადასახადო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"რა შეიძლება იყოს ან ვინ არიან ის პოტენციური ინვესტორები, ვინც შეიძლება ფული ამ ფორმით და ამ ბენეფიტის გამოყენებით შემოიტანოს? არ მომისმენია ფინანსური მონიტორინგის არანაირი - არც წერილობითი და არც ვერბალური კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა ამ საკანონმდებლო საკითხის გამოყენება ფულის გათეთრების კონტექსტში სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის.

„როდესაც საუბარია ინვესტიციების ხელშეწყობაზე, გაუგებარია სამეწარმეო საქმიანობის კონტექსტში, რა მატერიალური ქონებრივი აქტივი უნდა წარმოიშვას იმ მოცულობით, რომ ინვესტორებისთვის მსგავსი ტიპის საგადასახადო შეღავათი იქნას შეთავაზებული. ასევე გაუგებარია 100%-იანი ჩამკეტის ანუ ფლობის 100%-ით შეზღუდვის საკითხი, როცა ვსაუბრობთ მსხვილი ინვესტიციების შემოდინებაზე. აქ შეიძლებოდა სხვა "ჩამკეტის" შემოღება, მაგალითად 50% ან მეტი აქტივის ფლობის შემთხვევაში და ა.შ.

„გარდა ამისა, გადმოტანილ მატერიალურ ქონებას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება რომ შეეხება, ეს არანაირ საინვესტიციო პოლიტიკის ჩარჩო არ ჯდება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბარი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ქვეყანაში შავი, სანქცირებული ფული უნდა შემოვიდეს, "არათუ ტყუილია, არამედ ეს კანონიდან არც კი ამოიკითხება". პაპუაშვილის შეფასებით, კანონი ქართული კომპანიების წახალისების მიზანს ემსახურება, რათა მათ გარეთა აქტივები საქართველოში გადმოიტანონ, რითაც მხოლოდ შიდა ბიზნესი და მოსახლეობა ნახავს მოგებას.

"სინამდვილეში საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც თავისი არსით არის ქართული კომპანიები, რომელსაც საქართველოშიც აქვს კომპანიები - საუბარია მხოლოდ ამ კომპანიებზე და არა რომელიღაცა სხვაზე. ამ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ეს არის ქართული კომპანიები, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვთ. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და ფულის შემოტანა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს.

„მოხდება ამ კომპანიების ერთჯერადი წახალისება იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც მათ ახლაც შეუძლიათ. ერთადერთი სხვაობა, რასაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ადგენს ისაა, რომ თუ დაბრუნდებიან გადასახადს არ გადაიხდიან, თორემ აქტივების გადმოტანა ახლაც შეუძლიათ.

„მათ ამ შემთხვევაში გადასახადი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ იმისთვის, რომ წახალისდნენ და მოტივაცია ჰქონდეთ, გადასახადი არ იქნება. ასეთ მოტივაციას სახელმწიფო ხშირად იყენებს, როდესაც ხდება ნაკვეთის შეღავათიანად გადაცემა იმისთვის, რომ ინვესტიცია იყოს მოზიდული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ეს არ იყო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. მისი თქმით, მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა, მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა კომიტეტის სხდომაზეც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ უპასუხოდ დარჩა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური გახდა, რადგან „საგადასახადო კოდექსში" ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს.

„ამას ადასტურებს ისიც, რომ კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვებისას, ასევე, პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენაზე, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა. მხოლოდ სესიაზე მეორე მოსმენისას, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნება თემის ასაწევად და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია დასავლეთიდან შემოვიდეს დასანქცირებული რუსული ან შავი ფული, რასაც ოპოზიცია ამბობს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამასთან ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში 3200- მდე კომპანიაა, მათ შორის საკმაოდ ცნობილი, რომლებიც წილებს ოფშორებში ფლობენ.

„თუ მოხდება ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა, ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციები და ასეთი კომპანიების საქმიანობა გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა მოხდება თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცვლილებები მისაღებია, რადგან მისი თქმით, ეს „ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს".

„ვფიქრობ, რომ ეს კანონი აუცილებლად უნდა მიიღოს პარლამენტმა და მიიღებს. რაც შეეხება ჩვენს „პატივცემულ" ოპოზიციას, მე მაგათ ოპოზიციას არ ვუწოდებ, ესენი არიან მეხეუთე კოლონის წარმომადგენლები, მათ ყველგან და ყველაფერში ბიძინა ივანიშვილი ელანდებათ. მათ მინდა მივმართო! ივანიშვილის მემილიონედი სიკეთე გაუკეთონ ამ ქვეყანას, პირი გამოირეცხონ და მერე ილაპარაკონ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის შესახებ.

„ფინანსური საქმის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, ჩემი გადასახედიდან, საქართველოს სახელმწიფოს რაც გამოადგება და რაც იქნება ამისთვის მისაღები, რომელიც მის ეკონომიკურ გამდიდრებას, სრულყოფას და ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, ჩვენი ქვეყნისათვის ყველაფერი მისაღები იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პარლამენტი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს იმ კანონებს, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ამას მოწმობს ბოლო 12 წლის მანძილზე განვითარებული პროცესები. მართალია ყველგან სიტუაცია იდეალურად არაა, მაგრამ წინსვლა შესამჩნევია. ამიტომ, ეს კანონი, ჩემი აზრით, აუცილებლად მისაღებია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტისპროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" ამ კანონის მიღებაში დიდ რისკებს ხედავს. მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული, გარდა ამისა, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტებს.

„ოფშორული ზონა არაა როგორც უკანონო ზონა, უბრალოდ იქ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმო მოქმედებს. მთელი მსოფლიოდან ბევრი კომპანია რეგისტრირდება ოფშორულ ზონებში. პრობლემა ისაა, რომ თუ საქართველოში კონკრეტული იურიდიული პირი გადმორიცხავს, რომელიც კომპანიის რაღაც პროცენტს ფლობს, ის სხვადასხვა სახის გადასახადისგან თავისუფლდება. მათ შორის დამატებითი ღირებულებისა და მოგების გადასახადისგან.

„საქართველოში სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე სამეწარმეო სუბიექტია და მათ უნდა გადაიხადონ გადასახადი. რაც შეეხება ოფშორული ზონიდან გადმოსულ თანხას, თუ ამ თანხით რომელიმე კომპანია საქმიანობს, ის გადასახადს არ გადაიხდის. ანუ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტებს.

„მიზანიც ისაა, რომ ივანიშვილს გასაქანი მისცეს, სანქციები თუ ამოქმედდება. ბუნებრივია საინვესტიციო რისკი გაიზრდება და საქართველოს რეიტინგი დაიწევს. ალბათ ამის საკომპენსაციოდ ივანიშვილს სურს, რომ თანხა შემოიტანოს, სხვა, თუნდაც იგივე ოფშორული ზონებიდან, რომ დანაკარგების კომპენსირება მოხდეს.

„პრობლემა იმაშია, რომ თანხა, რომელიც ოფშორული ზონებიდან გადმოვა, ბიუჯეტში არ შევა, რადგან კომპანია ყველანაირი გადასახადიდან თავისუფლდება და მეორე, არათანაბარ მდგომარეობაში იქნება სხვა კომპანიასთან. იგივე, თუნდაც ჯანსაღი კონკურენციის მიმართულებით შეიქმნება არაჯანსაღი ვითარება. ეს კი დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება.

„ეს ქვეყანას ავნებს, მაგრამ ივანიშვილს აწყობს, რადგან ეტყობა მას და მასთან დაახლოებულ კომპანიებს ოფშორულ ზონებში გარკვეული კაპიტალი გააჩნიათ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×