"ახლა არის აჟიოტაჟური და პანიკური სიტუაცია, რასაც დამშვიდება სჭირდება"
გვანცა წულაია
15.05.2024

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. ამის პარალელურად მკვეთრად უფასურდება ეროვნული კურსი. ასეთია „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონის დამტკიცების შედეგი ფინანსური მიმართულებით, რაზეც ეკონომისტა ერთი ნაწილი ამბობს, რომ დიდი საფრთხე იკვეთება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს,  რომ აჟიოტაჟი რამდენიმე დღეში ჩაცხრება და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ვარდნა გუშინ დილით დაიწყო. ბირჟაზე სულ ქართული კომპანიაა და სამივეს ინდექსი მკვეთრად დაეცა. ასეთი მოცემულობის ფონზე ეკონომისტთა ნაწილი ფინანსური მიმართულებით რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს. მათი აზრით, ეს პანიკა დროებითია და რამდენიმე დღეში ქართული ბანკების აქციის ფასიც გაიზრდება და ლარიც გამყარდება.

როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, საფონდო ინდექსებზე და კომპანიების აქციებზე ზეგავლენას ახდენს ნეგატიური მოლოდინიც და ამ უკანასკნელის დროს ინვესტორები, როგორც წესი, სწორედ მასთან დაკავშირებული აქტივების მოცილებას იწყებენ.

„თავიდანვე აღვნიშნავ, რომ აქცენტირება კომერციულ, თან წამყვან საბანკო ინსტიტუტზე, არ არის შემთხვევით გადატანილი. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისი ხშირად სწორედ საბანკო კრიზისით დაწყებულა, რაც „დეპოზიტების გაქცევის“ სახელითაც არის ცნობილი.

საფონდო ინდექსებზე და ცალკეული კომპანიების აქციებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია, მაგალითად,  კვარტალური შედეგი, არამედ ნეგატიური მოლოდინიც, რაც პროვოცირდება ხოლმე უარყოფითი და არცთუ იშვიათად დამახინჯებული ინფორმაციის სახით.

როდესაც იქმნება დაძაბული ფონი, ინვესტორები, როგორც წესი, იწყებენ ამ მოლოდინთან დაკავშირებული აქტივების მოცილებას, რაც წარმოქმნის დისბალანს მოთხოვნა-მიწოდებაში და აისახება აქციების ფასის ვარდნაში. აქ არაფერი განსაკუთრებული არა არის. როდესაც იწყება აქციების ფასის ვარდნა, ბალანსურად მცირდება კომპანიის კაპიტალიზაციაც, რაც საბაზრო ფასიდან გამომდინარეობს.

საფონდო ბაზრების ისტორია ამის კარგი არქივია, თუმცა როდესაც ვითარება იცვლება პოზიტივით, ანუ დროში არ ხდება ზედმეტი პანიკური ელემენტის შეტანა, პირიქით, არსებული დისბალანსი იცვლება მოთხოვნის მხარეს, რადგან დაბალი ფასი ხდება მოთხოვნის ზრდის სტიმულატორი. შესაბამისად, აქციების ფასი იწყებს ზრდას და ხშირად ვარდნის დაწყების წერტილზე მაღალ ნიშნულზეც კი ადის. ამის არაერთი კარგი მაგალითი არსებობს, თუნდაც კიდევ ერთი ქართული ბანკის „თიბისი ბანკის“ მაგალითზე.

როდესაც დროის ფაქტორზე ვამახვილებ ყურადღებას, მხედველობაში უნდა მივიღოთ 20-დღიანი პროტესტის პიკურიდან ჩამოსვლის მრუდი. თუ შევთანხმდებით, რომ მესამე მოსმენით საჯილდაო ქვად ქცეული „გამჭვირვალობის კანონი“ პარლამენტის მიერ მიღებულია, ხოლო მთელი სპეკულაცია ამ კანონის ირგვლივ ფაქტიურად დასრულებულია, პროტესტის პიკი აღმავალი ვეღარ იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

აქციების დაცემის პარალელურად ქვეყანაში მკვეთრად უფასურდება ლარი კურსი. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე, გუშინ დღის ბოლოს, ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 2.83 ლარი შეადგინა. ბოლო დღეში ეროვნული ვალუტა 15  პუნქტით დაეცა.

გაუფასურება აისახა ოფიციალურ კურსშიც თუ კი გუშინ ერთი ამერიკული დოლარი 2.6855 ლარი ღირდა, დღეს უკვე 2.7323 ლარი გახდა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ კურის დასტაბილურებაში ეროვნული ბანკი აუცილებლად ჩაერევა.

„საერთოდ, ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთთან მკვეთრად არის გადაჯაჭვული. ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც არყევს პოლიტიკურ ველს, ასევე არყევს ეკონომიკის საფუძვლებს. ეკონომიკური მდგომარეობის მოსალოდნელი შერყევა, საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოების მხრიდან,  ყოველთვის იწვევს ქვეყნის რეიტინგის მოსალოდნელ ვარდნას. ეს ყველაფერი არის მოლოდინი, რაზეც საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ ბირჟები.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ აშშ და ევროკავშირი თითს გვიქნევს ურჩობისათვის. ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბირჟებზე და ჩვენი კომპანიების აქციებზე, მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ თუ სიტუაცია დამშვიდდება და პოლიტიკური მოვლენები ჩახცრება და აღარაფერი დაემუქრება ეკონომიკური პროცესების ნორმალურ განვითარებას, მაშინ, კომპანიების აქციების კოტირება გაიზრდება, ანუ დაუბრუნდება ძველ პოზიციებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ლარის კურსიც დასტაბილურდება. ბუნებრივია, აქ ეროვნული ბანკიც მიღებს გარკვეულ ზომებს.

რადგან ლარის კურის ეცემა, ესე იგი კომერციულ ბანკებს წარმოეშვათ უცხოური ვალუტის გარკვეული დეფიციტი და ეროვნული ბანკი ამ დეფიციტის შევსებას შეეცდება ე.წ. ინტერვენციებით. ეს არის კომარციული ბანკებისთვის ვალუტის მიყიდვის პროცესი. სწორედ იმიტომ ვარდება ლარის კურსი, რომ კომერციულ ბანკებს აკლით უცხოური ვალუტა.

რატომ გაჩნდა უცხოური ვალუტის დეფიციტი, ეს მეორე საკითხია. არასტაბილური პოლიტიკური ვითარების დროს, მდიდარი ადამიანები (კომპანიები), ვისაც საკმაოდ დიდი თანხა გააჩნიათ უცხოურ ვალუტაში, ცდილობენ ქვეყნიდან თავიანთი დანაზოგი გაიტანონ; ანუ ქვეყნიდან "გარბის" ვალუტა და როგორც კომერციულ ბანკები ისე ეკონომიკაც უცხოური ვალუტის მარაგის თვალსაზრით ხდება მოწყვლადი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი აუცილებლად დაეხმარება კომერციულ ბანკებს მათი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკურ სტაბილურობას.

ეროვნული ბანკის მექანიზმე ისაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემაც და როგორც მან განაცხადა, სებ-ს აქვს საშუალება შეაჩეროს ვარდნა მის ხელთ არსებული სავალუტო რეზერვების გაყიდვით, მაგრამ მეორე საკითხია, ამისთვის რამდენად სწორი იქნება დიდი რაოდენობის რეზერვების დახარჯვა.

„ეროვნული ბანკის მექანიზმები ამოწურვადია - ორი მექანიზმი აქვს: ერთი - ღია აუქციონზე თუ გაყიდის დოლარს და ჯერჯერობით არ ჩანს, რომ გაყიდა და მეორეზე  დახურულია ინფორმაცია და არც გვექნება წვდომა. ამ დღეებში რას შვება სებ-ი. ეროვნულ ბანკს ვალუტის რეზერვები აქვს, თუმცა თვე-ნახევრის წინ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ოქრო იყიდა, რომელსაც ასეთი ქცევების დროს ვერ გამოიყენებ. ოქრო იყიდა იმიტომ, რომ შეეშინდა სანქციები ეროვნული ბანკის რეზერვებსაც რომ არ შეხებოდა, რომელიც ძირითადად ინახება დასავლეთის ქვეყნებში. ეს ფული გადაიტანა ოქროში და შეუმცირდა 500 მლნ დოლარით ის რესურსი, რაც შეუძლია ამ დროს გამოიყენოს.

იმდენი რესურსი ნამდვილად აქვს, რომ გააჩეროს ვალუტის ვარდნა, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად სწორია, რომ ასობით მლნ დოლარი დახარჯო ამისთვის. ვფიქრობ, ალბათ, თუ კურსი ძალიან წავა, გარკვეულ რეზერვებს დახარჯავენ. მაგალითად, შესაძლოა, გამოიყენონ რეზერვები თუ 2.80-ს ასცდება, რათა მეტზე არ გაუშვას", - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილის აზრით კი, ახლა  პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით, რასაც დამშვიდება სჭირდება. თუ ასე ერთჯერად ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს უფრო სწრაფად დაამშვიდებს სიტუაციას.

„ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და ეს ჩვეულებრივი ფაქტია. პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით. ასეთი სამჯერ არის დაფიქსირებული მარტში, ორჯერ არის - აპრილში. დინამიკაში უნდა შევხედოთ. როცა ვამბობთ, რომ ლარი არის თავისუფლად მცურავი ვალუტა, ეს ბუნებრივია, ავტომატურად ნიშნავს, რომ რეაგირებს გარკვეული ტიპის მოვლენებზე, მაგრამ ლარმა რომ თვისობრივად შეიცვალოს მისი სავალუტო პოზიცია და გაუფასურდეს, ამას სჭირდება, რომ რაღაც ტიპის ფუნდამენტური ფაქტორები შეიცვალოს. შეუძლებელია ერთ დღეში ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილება.

ეს არის უბრალოდ აჟიოტაჟური სიტუაცია, რასაც დამშვიდება სჭირდება. მარტში მომიწია ამ თემაზე საუბარი, როდესაც იყო უფრო მეტი ე.წ. რყევა. ასე რომ, თუ ამგვარ  ერთჯერად ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს უფრო სწრაფად დაამშვიდებს სიტუაციას“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ჯერჯერობით სიტუაციას დამშვიდების არაფერი ეტყობა, თუმცა სავარაუდოა, რომ კვირის ბოლოსთვის პანიკა თანდათანობით ჩაცხრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×