რეზონანსი
15.05.2024

საზოგადოება „ქართული" კატეგორიულად გმობს ევროპელი პარლამენტარების ამგვარ უდიერ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საზოგადოება „ქართულის" განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მიუღებელი იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის განცხადება.

„საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არაერთი დრამატული დღე უნახავს, მაგრამ რაც გუშინ პარლამენტის წინ ვიხილეთ, მაინც გამაოგნებელი იყო. მეგობარი ქვეყნების პარლამენტარები მომიტინგეების წინაშე გამოვიდნენ და სრულიად არაევროპულად მოუწონეს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლისა და გადატრიალების მცდელობები. „ევროპულ ნაკრძალში" მცხოვრები პარლამენტარების ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება „ევროპის მეორეხარისხოვანი" ხალხების მიმართ, არახალია, მაგრამ გუშინდელმა მათმა ქცევამ გადათელა ეთიკის, დიპლომატიის, პარტნიორობისა თუ მეგობარი ქვეყნის ელემენტარული პატივისცემის ყოველგვარი ჩარჩოები. საზოგადოება „ქართული" კატეგორიულად გმობს ევროპელი პარლამენტარების ამგვარ უდიერ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ. განსაკუთრებით მიუღებელი იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის უტიფარი განცხადება, რომლის თანახმად ის ვერ ხედავს „საქართველოს ნათელ მომავალს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირეა მმართველი პარტიის". ქართული სახელმწიფოს არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში და დღესაც ქართველი ერის იდენტობის, ეროვნული თუ სულიერი ფასეულობების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

გვინდა, შევახსენოთ ყველა მეგობარსა თუ პარტნიორს, რომ საქართველო, რომელიც მიილტვის ევროკავშირის წევრობისკენ, დაინტერესებულია ევროპული ფასეულობების გაზიარებით, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ეფექტური მმართველობა, ძლიერი საბაზრო ეკონომიკა და სოციალური სახელმწიფო. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელსაც უდიდეს ზიანს აყენებს ევროპარლამენტარების ასეთი გამოხტომები, პოლიტიკური სპეკულაცია, ზეწოლა და ე.წ. აგრესიული ნეოლიბერალური იდეოლოგიების ჩვენზე თავსმოხვევის მცდელობები. ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მიზანმიმართულად გარედან ხდება იდეოლოგიური შეტევა ეკლესიაზე და სარწმუნოებაზე. ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები შეეცადნენ შეეცვალათ მათთვის უკვე დრომოჭმული ილიასეული ტრიადა „ენა მამული სარწმუნოება" - ენა, მამული, ერთობით. საქართველო, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე სახელმწიფო, რომელსაც ევროპულ კულტურასთან სწორედ ქრისტიანული ფასეულობები აკავშირებს, უცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასდროს იტყვის უარს მრავალი თაობის მიერ სისხლით მოპოვებულ ეროვნულ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობაზე, სარწმუნოებაზე და ქართულ ოჯახზე, მოსწონს ეს თუ არა ბატონ როთის, რომელიც როგორც მედიიდან გახდა ცნობილი, ლგბტ თემის წარმომადგენელია. წარმოგვიდგენია, თუ რა რეაქციები ექნება მას პარლამენტში შესულ ახალ კანონპროექტზე, რომელიც წორედ რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი საუკეთესო პასუხი ბატონი როთის გამოხტომაზე იქნება 17 მაისს, ქართული ოჯახის დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მოკეთეებისთვის ჩვენი ერთიანობის მძლავრი დემონსტრირება", - ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.

ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×