„ოპოზიცია ფაქტობრივად აღიარებს, რომ თუ არჩევნების მოიგეს, პრეზიდენტად ზურაბიშვილს დატოვებენ“
ელზა პაპოშვილი
13.06.2024

დაიწყო თუ არა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია და იქნება თუ არა ის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, – თემა აქტუალური თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ გახდა. სტუდენტებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ბედნიერი იქნება, თუკი მის კანდიდატურას ახალგაზრდები დაუჭერენ მხარს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ახლა გადადგომას აპირებს და არჩევნებში უშუალოდ ჩართვას, უბრალოდ, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობა მიიღო, ელის, რომ მას მეორე ვადით დაასახელებენ, ამბობენ ანალიტიკოსები.

„ფაქტობრივად აღიარეს, რომ თუ არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მოვლენ, პრეზიდენტობის მათი კანდიდატი ისევ ზურაბიშვილი იქნება მეორე ვადით. ის გადადგომას და არჩვენებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მაშინ ეს მანამდე უნდა გაეკეთებინა. თანაც ის ოპოზიციას დიდი ალბათობით პრეზიდენტის რანგში უფრო აწყობს,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძე.

პეტრე მამრაძე კი დარწმუნებულია, რომ უკვე დიდი ხნის წინ ნათელი იყო პრეზიდენტის პოლიტიკური ამბიციები: „ზურაბიშვილის აქტიურობა, პოლიტიკური განცახდებები და ის სტილი, რაც ბოლოს მან ვითომ პროდესავლელი ლიდერის იმიჯის სახით მოირგო, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ მას კონკრეტული პოლიტიკური გეგმები ჰქონდა.“ 

ოპოზიციის ერთი ნაწილი ზურაბიშვილის კანდიდატურას არ მიესალმება, თუმცა მეორე  ნაწილი აცხადებს, რომ ეს საკითხი არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ გახდება განხილვის თემა, თუმცა, იქვე დასძენენ, რომ საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავენ. 

მმართველ გუნდში ამაზე ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაცხადებული პოზიცია სიახლე არ არის და ეს მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვექტორის ლოგიკური გაგრძელებაა. 

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ლაზარე გრიგორიადისი მხარს უჭერს - თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ამბობს, რომ პრეზიდენტმა დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც ის აირჩია. როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

„იცით, რომ მომავალი არჩევნები აღარ არის საყოველთაო-სახალხო. მომავალი პრეზიდენტის არჩევა ხდება ხმოსანთა მიერ, რომელიც კომპლექტდება პარლამენტის წევრებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წარმომადგენლებისაგან. აქედან გამომდინარე, მომავალი პრეზიდენტის ბედი, თუ ვინ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ამ დროისთვის მოქმედი საკრებულოების შემადგენლობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხედავთ, თუ როგორი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში ძალთა თანაფარდობა. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი მას მხარს უჭერს,“ - თქვა ქადაგიშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია პრეზიდენტობას რომ ჰპირდებოდა, მანამდეც ნათელი იყო, რადგან მისი ყველა მოქმედება და განცხადებები იმაზე მეტყველებდა, რომ მას პრეზიდენტობა მეორე ვადით სურდა. მამრაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციის ადგილას ზურაბიშვილს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა. 

„ზურაბიშვილის აქტიურობა, პოლიტიკური განცახდებები და ის სტილი, რაც ბოლოს მან ვითომ პროდესავლელი ლიდერის იმიჯის სახით მოირგო, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ მას კონკრეტული პოლიტიკური გეგმები ჰქონდა. უკვე 72 წლისაა, მაგრამ ფიქრობს, რომ მეორე ვადით შეუძლია პერზიდენტობის მოსწრება. მას ძალიან ხიბლავს ეს ყველაფერი. ეს პრეზიდენტებთან შეხვედრები და ვითომ იმ პოზაში ყოფნა, რომ ის ლიდერია და რაღაცა პოლიტიკურ ამინდს ქმნის. ამას აჯერებს დასავლეთში ბევრ პოლიტიკურ ლიდერს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ახერხებდა თავის გარშემო პოლიტიკური პიარის გაკეთებას, ისე აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილიც. 

„ოპოზიციის ადგილას ზურაბიშვილს არ ვენდობოდი, თუმცა ნდობა არც სააკაშვილის და მისი გუნდის შეიძლება. სააკაშვილი ზურაბიშვილს შეიძლება რაღაცას დაპირდეს, გამოიყენოს და შემდეგ მის პრეზიდენტობას მხარი არ დაუჭიროს. ნაციონალების ნდობა რამდენად შეიძლება, ეგ კიდევ  ცალკე  საკითხია, ხოლო მეორე მხრივ თავად ზურაბიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიცვლის დამოკიდებულებას და არაა გამორიცხული, სრულიად რადიკალურად შემოუბრუნდეთ“, - ამბობს მამარაძე. 

მისი თქმით, ამიტომ მხარეები ერთმანეთს დიდად არ ენდობიან. ახლა უბრალოდ სიტუაციური მოკავშირეები არიან და ერთმანეთი რამეში გამოიყენონ.  

„რაც შეეხება ზურაბიშვილის საჭიროებას ოპოზიციისთვის, ვფიქრობ  ეს დასავლეთის ფაქტორის გამოა. ზურაბიშვილმა შეძლო და ამ ორ წელში დასავლელ ლიდერებს გაუჩინა შთაბეჭდილება, რომ თურმე რუსეთთან და პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტია. რეალურად, უბრალოდ, აირჩია მხარე, რომელიც ჩათვალა, რომ პოლიტიკურად ამ ეტაპზე  უფრო მომგებიანი იქნებოდა. არადა რეალურად ქვეყნის შიგნით მოსახლეობაში არა აქვს არანაიირ რეიტინგი. ის მხარდაჭერა, როემლიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო, მხოლოდ „ოცნების“ და ივანიშვილის იყო. შემდეგი არჩევნები ხმოსნებით იქნება და ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობა უნდა ჰქონდეს, რომ ის აირჩიოს“, - ამბობს მამარაძე.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით არჩევნების შემდეგ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტობაზე ხელმეორედ დააყენებენ. 

„ფაქტობრივად აღიარეს, რომ თუ არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მოვლენ, პრეზიდენტობის მათი კანდიდატი ისევ ზურაბიშვილი იქნება მეორე ვადით. ახლა ხომ პირდაპირი არჩევნები არ ტარდება. რაც შეეხება ამ განცხადებას, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას. თუმცა არ ვფიქრობ რომ ის გადადგომას აპირებს და არჩვენებში მონაწილეობის მიღებას. მაშინ ეს მანამდე უნდა გაეკეთებინა. მეორეც ის ოპოზიციას დიდი ალბათობით პრეზიდენტის რანგში უფრო აწყობს. 

 „პროცესისთვის, რომელიც ახლა ვითარდება, უფრო მნიშვნელოვანი იქნება ზურაბიშვილი დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე, ვიდრე გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მისი მხრიდან ასეთი განცახდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და ფორმირებას ცდილობს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რომ მისი კანდიდატურა იყოს წარდგენილი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×