რეზონანსი
07.06.2024

ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება - ბუნებაში ვერავინ ახსნის, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მხრიდან გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო სავიზო შეზღუდვების დაწესება ხომ არ არის ორმაგი სტანდარტები.

კალაძის შეფასებით, საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს.

„სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის ზერო, ნული. მკვდარი როდის იყო, ცოცხლდებოდა? მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც არის ნული. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხოთ და ზუსტ შეფასებას გეტყვით რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმას, რომ ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვებით თითქოს ბედნიერია, კალაძის თქმით, ისინი ქვეყნის მტრები არიან.

„არ ვიცი, დროებით შეიძლება, გაიხარონ ადამიანებმა, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვეულებრივი მოღალატეები. ეს ადამიანები როცა ხელისუფლებაში იყვნენ, 2008 წელს მოღალატეობრივი ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რომ ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, ეს პირადად მათი დამსახურება და უგუნური პოლიტიკის შედეგია. რეზოლუციებიც, რომლებსაც მათ მოაწერეს ხელი, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს თავს დავესხით, მოღალატეობრივი ქმედებებია და ამ ყველაფრის შემოქმედია რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა დასახელების პარტიებად არიან წარმოდგენილი. სინამდვილეში, ისინი ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოქტომბერში მათ პასუხს გასცემთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×