რეზონანსი
07.06.2024

2012 წლის შემდეგ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, შემთხვევას, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, შეზღუდული იყოს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება. ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც „საქართველოში მთავრობის წევრები, პოლიციელები დასანქცირდნენ იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები" და როგორ შეაფასებდა ამ შემთხვევას.

„შეგიძლიათ, მითხრათ, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ვისი უფლებები დაირღვა, ვინ არიან ეს ადამიანები? აქციებზე იყო ათასობით ადამიანი და ერთეული ადამიანები ძალადობდნენ, რაზეც პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. გაიხსენეთ, ამერიკაში როგორ იქცეოდა პოლიცია, როდესაც იყო შეტევა, არეულობა, ჩართეთ ვიდეოები და გააკეთეთ შედარებები. პოლიციელზე როცა ძალადობ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინდა პარლამენტში შევარდნა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად, კანონის ფარგლებში. 2012 წლის შემდეგ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, შემთხვევას, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, შეზღუდული იყოს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება. ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საზოგადოება ხედავს.

2012 წლამდე გატარებულ პოლიტიკას გვტენიდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, გვეუბნებოდნენ, რომ დემოკრატია იყო მანქანის საბარგულზე გადასკოჩილი ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, აქციების დარბევის დროს ხალხის ხოცვა და შემდეგ ჯიხურებზე შემოგდება, ვითომ დენმა დაარტყა. თურმე ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. საზოგადოება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამ განსხვავებებს ძალიან კარგად ხედავს და ყოველთვის, 2012 წლიდან მოყოლებული შესაბამის პასუხს გცემთ და 2024 წლის საპარლამენტო არჩეცნებზეც შესაბამისი პასუხი გაგეცემათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხელისუფლება დღეს იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას.

„ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესს, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას", - განაცხადა კალაძემ.

კალაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ თავის განცხადებაზე, რომ დარწმუნებული იყო, არ დაწესდებოდა სანქციები, რაზეც კალაძემ აღნიშნა:

„ჩემს განცხადებას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი განცხადება იყო - დარწმუნებული ვარ არ იქნება სანქციები, რადგან ამის საბაბი არ არსებობს. დღესაც არ არსებობს, ვერავინ მოიყვანს არგუმენტს, რატომ დასანქცირდეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მთავრობის წევრები. ის უფლებამოსილება, რაც ხალხმა მიანიჭა პარლამენტის წევრებს, პირობითად ვამბობ, რომ მიიღოს კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ უნდა იყოს დასანქცირებული? ეს არის სწორი? ხომ შეიძლება, ვინმემ ერთი არგუმენტი თქვას, რატომ არის ცუდი. ვენეციის კომისიის დასკვნას რაც შეეხება, სამარცხვინო იყო, გაჯერებული პოლიტიკური მესიჯებით, იმის მაგივრად, რომ შინაარსობრივად ერთი არგუმენტი მაინც ყოფილიყო წარმოდგენილი, რა იყო პრობლემა, რისი შესწორება იყო შესაძლებელი. ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს. საფრანგეთისთვის რაც მისაღებია, ის ჩვენთვის რატომ არის მიუღებელი? გამჭვირვალობა რატომ შეიძლება იყოს პრობლემა დემოკრატიული პროცესებისთვის, რატომ შეიძლება იყოს წინააღმდეგ ევროპულობასთან? ამასაც აქვს თავისი ახსნა, პოლარიზაცია, ექსტრემისტული ორგანიზაციები, რევოლუციური სცენარების დაფინანსება ზუსტად დასავლეთიდან ხდება და არ უნდათ, ეს იყოს საჯარო, საზოგადოებამ იცოდეს ინფორმაცია. მე ვიზა არ მაქვს, ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და არც წასვლის სურვილი მაქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ ელოდება, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდება, კალაძემ განაცხადა: „ამასთან დაკავშირებით არ ვნერვიულობ, ღმერთს ვთხოვ, მაგაზე მეტი სანერვიულო არაფერი მომცეს ცხოვრებაში. ჩემი თხოვნა იქნება, ნურც თქვენ ინერვიულებთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×