რეზონანსი
21.06.2024

როდესაც მტერი საქართველოს შემოესევა, ამ შემთხვევაში არ იხედები გვერდით, შენი თანამებრძოლი რომელი პოლიტიკური გემოვნებისაა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა და არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ პარტიებს შორის საკითხის გარშემო გაერთიანება, სხვა შემთხვევაში, წააგებს არა რომელიმე პარტია, არამედ მთლიანად ქვეყანა.

„იმისთვის, რომ მე ჩამოვყალიბდე, არჩევნებში სად და ვისთან ვიქნები, ჯერ პარტიებმა უნდა დაასრულონ ჩამოყალიბება, თუმცა ერთი რამ ძალიან ცხადია - როდესაც მტერი საქართველოს შემოესევა, ამ შემთხვევაში არ იხედები გვერდით, შენი თანამებრძოლი რომელი პოლიტიკური გემოვნებისაა. დღეს სწორედ ეს ვითარება გვაქვს - ჩვენ ხილული მტერი არ გვყავს იმ ტრადიციული გაგებით, რასაც ფიზიკური ომი ჰქვია და რაც საქართველოს არა ერთხელ აქვს ნანახი, თუმცა გვაქვს არატრადიციული ომი, რომელიც არის რუსული გავლენები და რომელიც „ქართულმა ოცნებამ" თავისი ხელით გააძლიერა. გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი - ვიბრძოლოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად, სხვა შემთხვევაში წააგებს არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ ქვეყანა. საკითხების ირგვლივ, ისევე, როგორც ხმების დაცვის ირგვლივ, ერთობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე, არა მხოლოდ ჩემზე. ველოდები, როდის დალაგდებიან პროდასავლური ოპოზიციური პარტიები", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ

დეპუტატმა, ასევე, ისაუბრა საქართველო-ამერიკას შორის თავდაცვის კუთხით თანამშრომლობაზე, რომელიც, შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს. აქუბარდიას განმარტებით, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერი აღარ არსებობს.

„საქართველოს თავდაცვის დაფინანსება ორი მუხლით მიმდინარეობდა. ეს იყო თავდაცვის ბიუჯეტი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და საგარეო აქტი. საქართველოს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2022 წელს 33 მილიონი გვქონდა და 2023 წელს 37 მილიონი. 2024 წელს კი 20 მილიონი. 2025 წლის ბიუჯეტის ტექსტობრივ ნაწილში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია. ამასთან, ჩანაწერში გაჩნდა სომხეთთან დაკავშირებით სამხედრო სწავლებებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ყველაფერი დაიწყო სენატორ შაჰინის განცხადებით, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, სადაც ის ამბობს, რომ იქამდე, სანამ რუსული კანონი და ავტორიტარული ქმედებებიდან გამომდინარე სენატის კანონი, რომელიც მისი ინიცირებული არის, იქნება კანონად ქცეული, ამან გავლენა უკვე იქონია საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობაზე და ამას მოწმობს ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელმაც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი უკვე გაიარა და ახლა უკვე სენატმა უნდა განიხილოს. იმის ნაცვლად, რომ სომხეთი მიებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველო, ფაქტობრივად, სომხეთს ადგილს უცვლის იმ წარსულში, რა წარსულშიც იყო. იმის მაგივრად, რომ გამოგვეყენებინა „მეგობარი" აქტის შესაძლებლობა, გაგვეძლიერებინა თავდაცვისუნარიანობა, გვქონოდა უვიზო მიმოსვლა და სავაჭრო თანამშრომლობა, გადააყოლეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებს. შესაძლებლობა არსებობს, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდეს, მაგრამ ამ შესაძლებლობას გამოყენება უნდა „ქართული ოცნების" მხრიდან და არა რევოლუციებში ბრალდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, რომელზეც სუვერენიტეტი აქამდე იდგა" - განაცხადა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×