ელზა პაპოშვილი
13.06.2024

ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი - ეს ის მომწამლავი ნივთიერებებია, რომელიც ქართველ მებრძოლს, მამუკა მამულაშვილს სისხლში აღმოაჩნდა. უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს სამედიცინო დასკვნა ხუთშაბათს მოუვიდა, სადაც ეწერა, რომ მისი ორგანიზმი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული.   

ამაზე ვიდეო-მიმართვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, არჩილ ხოფერიამ გაავრცელა. მისი თქმით, მამუკა მამულაშვილი ცოცხალია და მძიმე წუთებმა რახან ჩაიარა, ახლა ამ ინფორმაციის გავეცელება შესაძლებელია:

„ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს,“ - ამბობს არჩილ ხოფერია.  

თავად  მამუკა მამულაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ყვება, უკრაინაში ექიმები ოთხი თვის განმავლობაში ვერ ადგენდნენ, თუ რა სჭირდა, თუმცა მის სისხლში არსებული მომწამლავი ნივთიერებები დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა. მოწამვლის შედეგად კონკრეტულ ორგანოებზე, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე პრობლემები შეექმნა. ის მომხდარის უკან პუტინის რუსეთს ხედავს და აცხადებს, რომ ასეთი ხელწერა, მხოლოდ და მხოლოდ, ოკუპანტ რუსეთს გააჩნია.

„ტესტი გამიკეთეს ახლა, რადგან უკრაინაში არ კეთდება და საჭირო იყო გერმანიაში გაკეთება. შედეგი მოვიდა და მომწამვლელი ნივთიერებები იპოვეს შიგნით. რთულია იმის თქმა, თუ სად მოხდა. ექიმებიც ვერ მეუბნებიან ამას. უბრალოდ დაშლის პროცესი აქვს ამ მომწამვლელ ნივთიერებებს. ერთს აქვს 20 დღე, მეორეს 70 დღე. სავარაუდოდ, ახლა უკვე უკუშედეგი აქვს. მძიმე დაზიანებები არ მოყვა, მაგრამ შინაგან ორგანოებზე ჰქონდა გავლენა. 5 თვის მანძილზე სად და ვისთან ერთად ვჭამე, რთულია ამის გამოკვლევა. მაგრამ ფაქტია, რომ რუსული კვალია, რადგან რუსებს აქვთ ასეთი მოწამვლის წესი,“ - ამბობს მამუკა მამულაშვილი. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით. თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელს, უშანგი (მამუკა) მამულაშვილს, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×