თამთა ჩაჩანიძე
13.06.2024

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეზინფორმაციას უწოდებს გავცელებულ ინფორმაციას, თითქოს სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. მანამდე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს წარდგინებით მიმართეს მათი ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე, თუმცა წერილზე ზურაბიშვილი ხელს არ აწერდა.

ადმინისტრაციამ კრიტიკის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების განკარგულება მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. არსებული პრაქტიკის შესაბამისად კი პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს და „ასე მოხდა ამჯერადაც".

პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე თავდაპირველად განკარგულება არ იდო. ის განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში დადეს.

„ქართული ოცნების" ოპონენტები აცხადებენ, რომ რომ მთავრობას უფლება არ აქვს, პრეზიდენტს თავს მოახვიოს ამა თუ იმ ორდენზე ვინმეს წარდგენა - ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. მათ შეფასებით, მთავრობას ფეხბურთელების ხარჯზე „რაღაც ქულების დაწერა უნდა, სპეკულაციებს ეწევიან და უნდათ, ფეხბურთელები გამოიყენონ".

„არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (23/05/02 და 23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა.

„ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე, 13 ივნისის დილის მთავრობის ხდომაზე დედალაქის მერმა და ყოფილმა თავდამსხმელმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, პრეზიდენტი არ გამოხმაურებია.

„შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენს ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები აუცილებლად გადაეცემათ. რასაკვირველია, ეს ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ნაკრებს წარმატებულ თამაშში. მინდა მთელი გულით ვუსურვო მათ წარმატება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ ბიჭებო! ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

„ასევე, მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმ გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს - 18, 22 და 26 ივნისს, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობს, საქართველოში დარჩენილ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა თბილისში, მესხის სტადიონზე ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს. აქ განთავსება ძალიან დიდი ეკრანები. ეს პროექტი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გავაკეთეთ და ძალიან საინტერესო იქნება. მინდა, ფედერაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ფაქტს ყოფილი ძიუდოისტი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი გამოეხმაურა, მისი თქმით, პრეზიდენტს თავად უნდა გამოეჩინა ინიციატივა.

„ფაქტი სახეზეა, რომ ამ ბიჭების დაჯილდოება არ მომხდარა. მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ისტორიული შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა, პირიქით, თავისი ინიციატივა უნდა გამოეჩინა და ასეთი გმირი ბიჭები უნდა დაეჯილდოებინა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ეს არის დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან". ყველაფერი კარგი, რაც არსებობს, მას აღარ აინტერესებს და პირდაპირ არის მიბმული რადიკალურ ოპოზიციასთან. მისი განცხადებებიდან და შეხვედრებიდან ჩანს, რომ ის უკვე ოპოზიციაში უდგას სახელმწიფოს და „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

ყოფილი ფეხბურთელი და „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სპორტსმენი ყურადღებას გრძნობდეს.

„ჩემი სპორტსმენობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ყურადღება გვაკლდა. არადა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია.მე ვიცი როგორია სპორტსმენის შინაგანი განწყობა, მისთვის ყურადღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ დააფასონ სპორტი და სპორტსმენები," - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობას ფეხბურთელების ხარჯზე რაღაც ქულების დაწერა უნდა, სპეკულაციებს ეწევიან და უნდათ, ფეხბურთელები გამოიყენონ.

„არ არსებობს ცნება „ღირსების ორდენზე წარდგინება". მთავრობას არავითარი უფლება არ აქვს, პრეზიდენტს თავს მოახვიოს ამა თუ იმ ორდენზე ვინმეს წარდგენა. პრეზიდენტი თავის გასაკეთებელს გააკეთებს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მთავრობას ფეხბურთელების ხარჯზე რაღაც ქულების ჩაწერა უნდა. ფეხბურთელებს თავი დაანებონ. გუშინ ბაზაზე გამოცხადდნენ. არავის სჭირდება, რომ წვრთნების დროს პრემიერის ვიზიტი იყოს გერმანიაში, როცა მთელი გუნდი კონცენტრირებულია თამაშზე. სპეკულაციებს ეწევიან და უნდათ, რომ ფეხბურთელები გამოიყენონ. ფეხბურთელებს შეეშვან. ეს ადამიანები ღირსი არიან, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ, თუმცა არა მთავრობის წარდგინებით, რაც კანონით არაა გათვალისწინებული, არამედ პრეზიდენტის მიერ. თავად გადაწყვეტს, ვინ როდის და რატომ დააჯილდოვდეს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×