ნატალია ჯვარიძე
15.06.2024

24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იკრიბება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოა. როგორც უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა მაისში თქვა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე „გავლენების კანონის" საპასუხოდ „ყველაზე შესაბამის ნაბიჯებზე" იმსჯელებენ.

ანალიტიკოსთა აზრით, ამ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი პერსონალურ და ფინანსურ შეზღუდვაზე გაკეთდება, და ეს იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი სანქციები, რასაც, თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის, უფრო გაამკაცრებენ. კერძოდ, ოქტომბერში, არჩევნების წინ, შეიძლება უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაც დაისვას დღის წესრიგში.

„ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი ტიპის სანქციები. ფაქტობრივად, ეს ამერიკის სანქციების ანარეკლი იქნება," - უთხრა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსს", რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე გამაფრთხილებელ სანქციებს გამოაცხადებს, მათი გამკაცრება კი უშუალოდ არჩევნების წინ მოხდება ოპოზიციის დასახმარებლად.

„მე რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ ისინი მკაცრი სანქციების გამოცხადებას არჩევნების წინ აპირებენ. მე ამას განვიხილავ არჩევნებზე გარე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად. როგორც ჩანს, ამით სურთ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. მათ შორის „ოცნების" მხარდამჭერებიც, რადგან ვიზალიბერალიზაციაზე გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ კონკრეტულ პირებს ეხება და თუ შემდგომ ეს უბრალო მოქალაქეებზეც გავრცელდება, ამან შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი განწყობებები გააღვივოს. ეს არის წინასაარჩევნო პროცესზე ზემოქმედება, რადგან „ოცნების" პოზიციები დაასუსტონ და პროდასავლურ ოპოზიციას ხელი წაუკრან, რომელიც მიაჩნიათ საკუთარ მოკავშირედ", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

„შეიძლება [საგარეო საბჭოზე] დაისვას ლოგიკური კითხვებიც - რადგან ისინი ჩვენ მტრებად გვთვლიან რატომ უნდა მივცეთ მათ ფული? ალბათ ასეთი მიმართულება იქნება: თუ თანხას გაძლევ, მე ვითვლები უცხო ძალის გამტარად, მაშინ მე არ მოგცემ და ჩემზე მაგას ვეღარ იტყვი", - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მოელის, რომ სავიზო შეზღუდვა შესაძლოა ოქტომბერში დაწესდეს.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც ჯერ კიდევ 27 მაისს, ევროკავშირის სამიტის შემდგომ მომზადდა, წერია, რომ თუ სიტუაცია არ შეცვლება, მაშინ ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს, ფინანსური დახმარებების შეწყვეტას და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით, 9 თვით შეჩერებას.

მათივე ცნობით, ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება შემოდგომაზე გამოცხადდეს, მეშვიდე შესაბამისი წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადებს.

ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამ სამიტზე უვიზომიმოსვლაზე გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია

„ალბათ ამ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ. მაგალითად საჭიროა თუ არა ახლა ვიზალიბერალიზაციის დროებით გაუქმება. ასევე ილაპარაკებენ იმაზე თუ რა ფორმით უნდა იყოს არაპერსონალური სანქციები.

მე მეეჭვება ამ შეხვედრაზე უვიზო მიმოსვლაზე რამე გადაწყვეტილება მიიღონ. სავარაუდოდ, ხელისუფლებას პირობებს წაუყენებენ, თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობაზე და სხვა. ხოლო უვიზო მიმოსვლის შეჩერევა უფრო მოგვიანებით, ოქტომბერში მოხდება, ესეც დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება ამ სამიტს, ჩემი აზრით, იქნება პერსონალურ და ფინანსურ შეზღუდვებზე მსჯელობები. არჩევნებამდე ისინი ეცდებიან, რომ მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ და ქართველ ხალხს ჩარევის გარეშე მისცემენ არჩევანის საშუალებას", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×