თამთა ჩაჩანიძე
27.06.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და „ახალის" თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას უპირისპირდება - საქმე ეხება 26 ივნისის მელიას ვრცელ ინტერვიუს და მასში გაჟღერებულ განცხადებებს, რომელიც სააკაშვილს არ მოეწონა - პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილი თამჯდომარე „ერთი-ერთში იმეორებდა" „ქართული ოცნების" გზავნილებს და კლიშეებს.

ორი დღის წინ კი, გამოქვეყნდა ოპოზიციის ერთობის დოკუმენტი, სადაც ხელი აქვს მოწერილი, როგორც ენმ-ს ისე „ახალს". საკითხზე, რამდენად გამწვავდება ეს დაპირისპირება და იმოქმედებს თუ არა ოპოზიციის ერთობაზე, ანალიტიკოსებს ამის თქმა უჭირთ, რადგან ფოქრობენ, რომ შესაძლოა ეს „მოჩვენებითი სტრატეგიაც" იყოს.

მელია 26 ივნისს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას „რე-აქციაში" სტუმრად იყო მიწვეული, სადაც სხვადასხვა თემებთან ერთად სააკაშვლზეც ისაუბრა. 27 ივნისს კი ექსპრეზიდენტმა „ფეისბუქ" პოსტი დადო და მელიას უსაყვედურა.

რა თქვა მელიამ და რა უპასუხა სააკაშვილმა

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებისთვის, მელიამ ვრცელი პასუხი გაცსა.

„ყველამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, 8 ივლისია ბოლო ვადა. პარტია „ახალისთვის" და არა მხოლოდ ჩვენთვის, მთავარია მაქსიმალურად ხმა არ დაიკარგოს, ამავე დროს, პარტიებს იდენტობა ჰქონდეთ და მთავარი - ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევანი ჰქონდეს.

„მიმდინარეობდა ყველა პარტიასთან შეთანხმებული კვლევა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, რომ გაგვეგო ერთიანი სია იმუშავებდა თუ არა. კვლევის შდეგები ახლა მუშავდება და თუ დამკვეთი გასაჯაროვებას გადაწყვეტს, ხვალ-ზეგ ყველასათვის ცნობილი იქნება. ყველა პარტია ჩამოყალიბდება. ინფორმაციის გასაჯაროვების უფლება არ მაქვს, თუმცა „ახალის" და სხვების პროგნოზი გამართლდა, რომ ერთიანი სია ივანიშვილის დასამარცხებლად ალტერნატიული ფორმულა არაა.

„რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი ბევრად უფრო ეფექტური ფორმულაა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად - დაიხ ეს დადო (კვლევამ) ძალიან მკაფიოდ და ეს არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ. ჩვენთვის ეს ახირება არ იყო და აგდებული ქვა, რომელსაც თავი შევუშვირეთ, რომ არ გვინდოდა ერთიანი სია. ეს იყო წაგების ფორმულა, უდიდესი სხვაობა იდება, როცა რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი უპირისპირდება „ქართულ ოცნებას".

„გახარიას პარტია იქნება ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობაზე" ბევრი მისაუბრია და ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია, ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობაზე ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის მეც, თუმცა არა გადაულახავი, თუ ქვეყნის ინტერესის გაძლიერებისთვის ერთადერთი გზა არის. სააკაშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან 24 საათი აქვთ კომუნიკაცია და ვისაც მათთან წინასაარჩევნოდ პარტნიორობა სურთ, კი ბატონო",- განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან".

ამას მოჰყვა სააკაშვილის პასუხი. მისი თქმით, მისი გუნდი ქართველი ხალხია, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!

„გუშინ „ტვ პირველის" ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს.

„სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, "ეფესბეს" აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა.

„რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები", - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე".

ანალიტიკოსთა შეფასებები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს დაპირისპირება კი არა „იაფფასიანი სტრატეგიაა", რომ თითქოს „ახალი" ენმ-სგან შორსაა.

„ეს ტრადიციულად, მოჩვენებითი იაფფასიანი სტრატეგიაა, რომ თითქოს, გარკვეული რადიკალური პარტიები, შორს არიან მათი დედა-პარტია - „ნაციონალური მოძრაობისგან". ყოველ წინასაარჩევნო ეტაპზე ამას აკეთებენ ძალიან უხარისხოდ და სასაცილოდ. ქართველი ელექტორატი საკმაოდ გამოცდილი და ბრძენია და ხედავს ამ ცირკის მსგავს პოლიტიკურ წარმოდგენებს, რასაც წლებია რადიკალური ოპოზიციონერები ატარებენ.

„გასაკვირი არაა, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წიაღში ვიღაცა ვიღაცას გალანძღავს, კომპრომატებს გამოუქვეყნებს და ა.შ. საბოლოო ჯამში, ისინი მაინც ერთი მიზნით არიან შეპყრობილნი, რომ როგორმე არადემოკრატიულად მიიტაცონ ხელისუფლება და რევანშისტული პოლიტიკა გაატარონ, რასაც არც კი მალავენ საჯარო სივრცეებში.

„დეკლარაციებზე ხელმოწერით, რომლითაც თითქოს რაღაც ერთობას ადასტურებენ, უფრო მეტად არწმუნებენ ხალხს, რომ ეს ძალიან მყიფე წარმონაქმნია, სადაც არიან უდიდესი ამბიციებით ლუზერი პოლიტიკური პერსონაჟები, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ, რომ როგორმე სახელისუფლებო პრივილეგიები დაიბრუნონ ქართველი ხალხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და ამის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები.

„მელია-გვარამიას პარტია ამბობს, რომ თითქოს ენმ-სგან არჩევნებამდე დისტანცირდებიან. თუმცა, სავარაუდო გამარჯვების შემდეგ, ხელახლა გაერთიანდებიან კოალიციაში. ესეც მეტყველებს, რომ აბსოლუტურად არასერიოზული, არათანმიმდევრული, ირაციონალური წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბერს დამთავრდება ისე, როგორც ადრე დამთავრდა.

„თუმცაღა ახლა იქნება კიდევ უფრო მეტი ხმაური, ვიდრე 2020 წელს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ვიღაცამ მოიპარა ხმები. ეს რაღაც პერიოდი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ ე.წ. მხარდამჭერი ბექვოკალი დასავლეთისგან და აქაური უსინიდისო არასამთავრობიებისგან, მაგრამ ბოლოს იმ მინიმალურ მანდატებს, რასაც ლეგიტიმურად მიიღებენ, იმაზეც ატეხენ ტაციაობას და პარლამენტში შესვლაზე ერთმანეთის გადასწრებას.

„რა კოალიციები, ქარტიები თუ ალიანსებიც არ უნდა შექმნან, არაფერს აზრი არ აქვს. ამას საზოგადოების ფართო მასები თვალსაჩინოდ ხედავენ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" მიაჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, მელია და სააკაშვილი მაინც ერთ ძალას წარმოადგენენ.

„მელიამ, სააკაშვილმა, კეზერაშვილმა რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ - „ნაციონალური მოძრაობის" ხროვამ, არავითარი ფასი არ აქვს, ისინი ერთსა და იმავე ძალას წარმოადგენენ. განცხადებების კეთებაში ფარისევლები არიან. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ვერცერთ შემთხვევისთვის, არჩევნების მოგება კი არა, მაქსიმუმ 20 კაცს თუ გაიყვანენ პარლამენტში - მეტს ვერა.

„საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ ხალხი ხმას კი არ მისცემს, „ნაცმოძრაობა" ეზიზღება კიდეც. ამის დასადასტურებლად ერთ მაგალითს მოვიყვან - ვნახეთ როგორი არაადეკვატური ძალაა, როცა სპორტსმენებს პოლიტიკაში რევენ და რაღაცა აბსურდის თეატრი აქვს მათ მიმართ გაჩაღებული.

„მელია ჩვენს ყოფილ მსოფლიო ვარსკვლავს ზაზა ფაჩულიას საყვედურობს, რატომ არ თქვი „არა რუსულ კნონსო". ახლა ევროპის ჩემპიონატი მიდის და ველოდები მალე იტყვიან - „არა რუსულ ბურთებს", კიდევ თუ გაიტანენ კვარაცხელია, მიაქუტაძე და სხვები. ეს თვალში არ მოსდით. ისინი პოლიტიკურ გვამებად არიან ქცეულები და რაც არუნდა ერთობებზე განცხადებები აკეთონ, არაფერს არ წარმოადგენენ",- განაცხადა ედიშენ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×