რეზონანსი
20.05.2024

არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში ჯდომა არ მინდა, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს, ვიღაც თვალში არ მომდის და ამიტომ არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! - ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი საპარლამენტო საქმიანობისა და საბოლოო ჯამში, ამომრჩევლისთვის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ბიუროს დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის", პოლიტიკური ჯგუფების "ლელოს", მოქალაქეების", "ევროოპტიმისტების", "თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების: თამარ კორძაიას, არმაზ ახვლედიანის, თამარ ჩარკვიანის, სალომე სამადაშვილისა და დავით ბაქრაძის მიმართვები წარედგინა, პოლიტიკური შეხედულებების გამო სასესიო კვირის სხდომებზე არდასწრების შესახებ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოიკოტი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გამოაცხადეს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ასეთი მომართვის დროს დეპუტატებმა მიუთითონ, კერძოდ რა საკითხს უცხადებენ ისინი ბოიკოტს. მისივე შეფასებით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ.

"ხშირ შემთხვევაში ბოიკოტი სხვა პარლამენტში მიღებული პრაქტიკა არ არის, თუმცა ბოიკოტი ჩვენთან გათვალისწინებულია. რეგლამენტში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრი ბოიკოტს პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებს და საკითხის განხილვაში პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ იღებს მონაწილეობას.

სხდომათა დარბაზში ყოფნა სხვა ადამიანების აზრების გაზიარებას არ ნიშნავს - ეს საკუთარი ამომრჩევლების წარმოდგენას ნიშნავს. ის, ვინც სხდომათა დარბაზში არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მისი მანდატი წარმოადგინოს.

ოპოზიციამ რეალურად სხდომებზე არსიარულის განცხადება წარმოადგინა და არა ის, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. პარლამენტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, რაც მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. როცა დეპუტატს ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ სურს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ამომრჩევლისთვის არ სურს სიკეთე და კარგი გადაწყვეტილებები", - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, ბიუროს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატებიდან სხდომას დღეს მხოლოდ იაგო ხვიჩია დაესწრო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×