რეზონანსი
14.06.2024

არ ვემხრობი ერთიან სიას, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი ოპოზიციურ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და ეს ქვეყნის ევროპულ გზაზე გაყვანაა, მაშინ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიით" და სამოქმედო გეგმის მეშვეობით, გამარჯვებისკენ სვლა სხვადასხვა ფლანგიდანაც შეიძლება.

„26 ოქტომბერს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი „ჩემპიონატი" და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნები. ამ არჩევნებს ყველანი განსაკუთრებული სერიოზულობით და მაქსიმალური მობილიზებით ვეკიდებით. შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს ქვეყანას იმდენად დიდი ფასი ექნება ამ არჩევნების შედეგებს. მე არ ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ერთიან სიას ემხრობა. მე არ ვემხრობი ერთიან სიას და არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის.

არის საფრთხე და ამ საფრთხეს ვხედავ, ორი არჩევანი ისევ გვაახლოებს იმ ორ პოლუსთან, რომელსაც მუდმივად ინარჩუნებს მმართველი პარტია. მას სურს, რომ ჰქონდეს ასეთი მოცემულობა. ის ამომრჩეველი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა, რომელიც ეძებს სხვა ალტერნატივას, შესაძლოა ამ ორმა პოლუსმა ისევ გადახაროს „ქართული ოცნებისკენ". ეს საფრთხე არსებობს.

გამსვლელის სიის 50%-ის დათმობა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მინიმალური წარმომადგენლობა ერთიან სიაში - ვიცი ეს არგუმენტები, ვიცი ეს კომპრომისები, ვაფასებ ამ მიდგომას. მე ყველა ეს არგუმენტი მოვისმინე, არის ეს მართლაც კომპრომისული ვერსია, თუმცა მაინც მგონია, რომ იმ საფრთხეს და რისკებს ვერ ანეიტრალებს, რაზეც ვფიქრობ. თუ საბოლოო ჯაში ყველა ერთ მიზნისკენ იქნება მიმართული, ეს მიზანი არის საქართველოს გადარჩენა ამ არჩევნებით და მისი ევროპულ გზაზე გაყვანა, გვაქვს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია" და შეგვიძლია ერთიანი გეგმით, სხვადასხვა ფლანგიდან ამ გამარჯვებისკენ ვიაროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×