(„დაწყევლილ“ თაობას დავწერდი, მაგრამ სადღაც ღრმად, გულის გულში, მაინც მეცოდება ჩემი თაობა)
რეზონანსი
05.06.2024

ყველა თაობას აქვს თავმოსაწონიც და სინდისის ტკივილის პერიოდიც. სხვა თაობებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემს თაობაზე ვიტყვი. ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ომის დროს შიმშილგამოვლილ ბავშვთა თაობის ოჯახებში. მშრომელი დედების და მამების გაზრდილი თაობა ვართ. სკოლაში კარგად რომ უნდა გვესწავლა, ისინი ვართ. ექსკურსიებზე მშობლები ნასესხები ფულით რომ გვიშვებდნენ, ის თაობა ვართ. კიდევ ვინ ვართ?!... მასწავლებლებს „ჩიხოტკას" ვუჩენდით, მაგრამ მაინც რომ ვაფასებდით, ისინი ვართ.

უბრალო, ნაციხარმა მასწავლებელმა გალაკტიონი და ვაჟა-ფშაველა რომ შეგვაყვარა, ქიმია-ბიოლოგიას, ფიზიკა-მათემატიკას ბავშვებზე შეყვარებული და გადაგებული მასწავლებლები რომ გვასწავლიდნენ, ხშირად ნესტოებში გაკვეხებული ბამბებით რომ მოდიოდნენ გაკვეთილებზე (წნევის სისხლდენა რომ შეეკავებინათ), ის ბიჭები და გოგონები ვართ. „უსამართლოდ ხელი არ დაარტყა", „გოგოა, ბიჭო, პატივი ეცი", „უფროსთან ზრდილობიანად, ბიჭო!"-თაობა ვართ. სამოციანელებზე გაზრდილი თაობა ვართ. „ხო, ხო, ხო, ხო, როგორ ბრდღვინავს არაგვი"-ზე გაზრდილი თაობა.

„მე ვხედავ მზეს", „სამოსელი პირველი", „დათა თუთაშხია", გალაკტიონი - ამნაირებზე გაზრდილი. ჩამონათვალი კიდევ შემიძლია, გავაგრძელო. გვერდები არ მეყოფა. „ხაზარულაზე" გაზრდილი ვარ მეც. აქ, მცირე გადახვევას გავაკეთებ: რამდენჯერ წავიკითხე „ხაზარულა", ვინ იცის... ათასნაირად ვხსნიდი ფინალს - ჩემთვის ვხსნიდი. არცერთი არ მომწონდა. აგერ, ნახევარი საუკუნის მერე ამიხსნა ერთმა პატარამ - თერთმეტი წლის ბიჭმა. ამიხსნა ჩემი პოეტის, საშა გველესიანის პირით. საშასთვის უთქვამს, „ადამიანივით სიკვდილი მოინდომაო ხაზარულამ".

იცით, რა დამემართა?! შემშურდა იმ პატარა ბიჭის. ასეთები მოდიან და მე მიხარია - ჩვენზე გაცილებით უკეთესები რომ მოდიან. ნათქვამი არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს თაობაში არ არიან ბრწყინვალე ადამიანები - ქვეყანა რომ შეგნებულად, მთელის არსებით უყვართ. არიან! - ოღონდ, რუხ მასაზე, ფეხებზემკიდიებზე ნაკლებნი. ჩვენ ვჯობივართ სიმრავლით - შუაშისტები და „მე ხელები დამიბანია" ხალხი. ჩვენი წინა თაობაში, ბავშვობაგამწარებულ და მეტ ჭირგამოვლილ თაობაში, მრავლად იყვნენ მედროვეები. ვამბობ და ვიცი, ბევრი ისევ ხალხის მტრად გამომაცხადებს. არ თქმას ისევ თქმა მიჯობს. იქნებ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს ჩვენი სიბეცე და ჩვენნაირი შეცდომები - უნებლიე თუ შეგნებული - არ დაუშვას. არადა, მეტისმეტად კარგად დაიწყო ჩემმა თაობამ, - ჩვენ თოთხმეტი აპრილის თაობა ვართ. შეგნებულად მივდიოდით სიკვდილის შესახვედრადო, რომ ვთქვა, არ იქნება მართალი. კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებისთანავე მივხვდით, რა მუხთლობა ჩაუწერია ამოვარდნაძესო, რომ ვთქვა, არც ეს იქნება მართალი.

ათას ცხრაას სამოცდა თვრამეტი წელია - უკვე ვიცით, ვინაა ზვიადი; კაკო ბაქრაძის ლექციებიც ვიცით; მერაბიც ვიცით, მაგრამ უმრავლეობამ არა. მე ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაშინვე ვიცოდი, ისევე როგორც ყველამ ფიზიკის ფაკულტეტიდან. დილით, რუსთაველის მეტროდან ცხრა ნომერ ტროლეიბუსში თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი ჩვენს კურსელს, დათო კოსტავას. მას ყოველთვის ახლდა ერთი ჩვენხელა, სიმპათიური ბიჭი. ერთ დილით ტროლეიბუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. წინ გადავქანდით. დათომ და მისმა მხლებელმა ხნიერ ქალბატონს მოუბოდიშეს - „უკაცრავად, ქალბატონო, მაპატიეთ!"-ო. გამიკვირდა. „უკაცრავად" არ მეგონა თბილისური. ბაბუა იხდიდა-ხოლმე ასე ბოდიშს.

დათომ გამაცნო - ირაკლი კოსტავააო. მერაბის ბიჭი რომ იყო, მერე მითხრა, მეორე კორპუსში რომ შევდიოდით. ვისაც არ წაგიკითხავთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, გთხოვთ წაიკითხოთ აკაკი ბაქრაძის წერილი ირაკლი კოსტავაზე. ასე ნელ-ნელა შემოვიდა ჩვენში იდეა - უკვე შეგნებულად და არა ისე, მოსკოვის „სპარტაკს" რომ მოვუგებდით და ხალხი ზეიმობდა. თუმცა ესეც დამპყრობელისადმი დამოკიდებულებას გამოხატავდა - იდეა თავისუფალი საქართველოსი: უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ დავამყაროთ, ვისთანაც გვინდა და როგორიც გვინდა, ისეთი კავშირი - მეგობრული, მეზობლური, უსიამო თუ მიუღებელი.

ოთხმოციანი წლები ასე დაიწყო. თოთხმეტ აპრილს გამარჯვებულმა თაობამ შევაბიჯეთ ოთხმოციანებში. უნივერსიტეტი დავამთავრეთ. სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელეთ, სკოლებში თუ სამეცნიერო დაწესებულებებში წავედით. ერთის სიტყვით, ცხოვრება დავიწყეთ - თან, ქვეყანა რომ გასანთავისუფლებელი იყო, არ დავივიწყეთ. მასწავლებლები გვყავდა ისეთები, არ გვავიწყებდნენ.

ერთი მცირე გადახვევაც უნდა შემოგთავაზოთ. მის გახსენებაზე, ყოველთვის სიამაყეს განვიცდი. კოლექტიურ, თანაზიარ სიამაყეს. თოთხმეტი აპრილის დილას უნივერისტეტის პირველ და მეორე კორპუსებთან, ჭავჭავაძეზე უკვე ჩამოყალიბდა დემონსტრანტთა გრძელი მოწესრიგებული რიგები. წინ ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტის გოგონები იდგნენ. ბევრს ვიცნობდით - ახლობლები, მეგობრები, ნათესავები... - ფიზიკოსებო, ბიჭებო, წინ გადმოდით! - იყვირეს წინა რიგებიდან გოგონებმა. - მილიციელების კორდონებია გასარღვევი. ვინ არ გადავიდოდა?! წავედით წინ და დავდექით კოლონის თავში ფიზიკოსები (ტყუილს არ მაპატიებენ გელა დევიძე, ელგუჯა ხაჭაპურიძე, ამათ შორის ვიდექი, არც ტარიელ სახელაშვილი, დათო ნატრიაშვილი... მთელი ფაკულტეტი იქ ვიყავით. ქიმიკოსებიც ჩვენთან ერთად გამოვიდნენ. იურისტებს კარები ჩაუკეტეს).

დღევანდელი ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ - მილიციელებთან გოგონებს ვინ მიუშვებდა?!... პირველი ჯაჭვი მილიციელებისა იქვე იყო. მისი გარღვევა შედარებით გაძნელდა. ნელა ვაწვებოდით - ხომ არ გადავჯეგავდით?! შემდეგი ჯაჭვები ადვილად გავარღვიეთ. რუსთაველის მეტროს გაცდენილები, მორიგ ჯაჭვს რომ მივადექით, ჯემალ მეცხოვრიშვილმა უთხრა მილიციელებს - „თქვენთან ჯაჯგური არ გვინდა ძამია, მოდით, თქვენით დეიშალეთ და გაგვატარეთაო". პასუხიც იგივე სტილში მივიღეთ - „პაწუაზე მოგვაწექით და გევიხსნებით, აბა რა ჯანდაბას ვიზამთ"-ო. მილიციელები ჩვენი კბილა ბიჭები იყვნენ. იქ ბრძანებით მოყვანილები. რასაც სახელმწიფო ავალებდათ იმას აკეთებდნენ.

არ მახსოვს, ვინმეს უკეთური ეკადრებინოთ მათთვის. ან, მათ ეკადრებინოთ უკეთური. - ამასაც ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ. ის მილიციელები ჩვენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი იყვნენ. ოთხმოცდა ცხრა წლის ცხრა აპრილს მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს. გამიგრძელდა შესავალი. თოთხმეტ აპრილს სიამაყით ვიხსენებ. ჩემმა თაობამ ქნა ის და იმ დროს, როცა ევალებოდა და რაც ევალებოდა. გავიმეორებ - ბრწყინვალე მასწავლებლები გვყვანდნენ. ამის შემდეგ აღმავლობის ხანა გაგრძელდა - სულით და გულით გვინდოდა უკეთესი მომავალი. გულწრფელად ვფიქრობდით - ჩვენ კარგ მომავალს შევქმნით, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ქვეყანას ვქმნით. ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ჩვენი თაობის მადლიერები იქნებიან - თავისუფალ ქვეყანას დავუტოვებთ. ქვეყანას, რომელშიც ცხოვრება ბევრს შეშურდება.

ავამაღლებთ ცხოვრების დონეს, გავზრდით მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის დონეს. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ჩვენი აღმაფრენა და აღტყინება ომის დამთავრების პერიოდის ებრაელთა აღმაფრენას უტოლდებოდა. ასე მივედით ცხრა აპრილამდე. ცხრა აპრილი დიდი ტრაგედია იყო და, ამავე დროს, იყო გვირგვინი იმ დიდი საქმისა, რისკენაც მივდიოდით. რუსთაველზე მაშინ ნამღერი „სალაღობო" ერის სულის გამოძახილი იყო - თავისუფლებას მოწყურებული სულის მუსიკად რომ ამოხეთქა. ცხრა აპრილს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს - ახალგაზრდები შეეწირნენ დიდ იდეას. თავისუფლების იდეას. ტრაგედიაც იყო და თავისუფლებისკენ ურყევად მავალი ერის გამარჯვების დასაწყისი. მალე, წარმოუდგენლად მალე მოვიდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ვაგლახ, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით.

ახალი ხელისუფლება-მთავრობის პირობებში სულ რაღაც რამდენიმე თვე იცხოვრა ქვეყანამ. იმ მოკლე პერიოდში მაინც მოხერხდა რამდენიმე, ქვეყნისთვის არსებითი გადაწყვეტილების მიღება. ორს დავასახელებ მხოლოდ: ფორმულა 28-26-11 და რუსეთის პრეზიდენტთან ყაზბეგში ხელმოწერილი შეთანხმება ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის. ფორმულა 28-26-11, მცოდნე ადამიანების აზრია და მეც სრულად ვეთანხმები, აფხაზეთში ხანგრძლივი მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტიას წარმოადგენდა.

ეს შეთანხმება, სრული სერიოზულობით ვამბობ, ბარე-ორ ქვეყანას, ეთნოკომპლიქტებით გაწამებულს, შეშურდებოდა. აქ მთავრდება ჩემი თაობის კარგი საქმენი და იწყება ის, რაც დღემდე სინანულად მომყვება და, ალბათ, ამ სიმწარით ჩავალ საფლავში. უნდა შევნიშნო - აფხაზეთის არჩევნებში, აფხაზების ქვოტა 28 დეპუტატი და სხვების 11, პირველივე ტურში აირჩიეს. ქართველებმა კი ჩვენი ქვოტა, 26 დეპუტატი, პირველ ტურში ვერ ავირჩიეთ (!?).

ოთხმოცდათერთმეტ წელს მთავრობა-ხელისუფლებას „აუჯანყდა" ჩემი თაობის ნაწილი. განუდგაო, ვერ ვიტყვი. აუჯანყდა და ლოზუნგიც შესაბამისი ისროლეს ქვეყნიერების გასაგონად (ამაზე ქვემოთ). სულ მალე გამოჩნდა, რომ აჯანყებულებს ქვეყნის გარედან მართავდნენ - ერთი ყოფილი დიდი ჩინოვნიკი ყოფილი სსრკ-სი და კაგებე. მაშინ, ოთხმოცდათერთმეტის შემოდგომაზე, საქმე ძმათა კვლამდე რომ მიდიოდა, ბევრს არ სჯეროდა.

თუ ვინმე იტყოდა, სახიფათო მიმართულებით მიდისო საქმე, მთქმელს სულელად თუ არ რაცხავდნენ, აზროვნების ნაკლოვანებად ნამდვილად უთვლიდნენ. აჯანყებულების საინფორმაციო მხარდაჭერამ დაჯაბნა კანონიერი ხელისუფლების საინფორმაციო საშუალებები. საქვეყნოდ განაცხადეს, უცხოეთის ქვეყნებში მრავლად დააგზავნეს მსტოვრები და წერილები, რომ ებრძოდნენ „ამიერკავკასიის სადდამ ჰუსეინს", „ჩაუშესკუს"... და, როგორც ვთქვი, გაიმარჯვეს კიდეც. ჩემი თაობის ერთმა ნაწილმა გაიმარჯვა ძმათამკვლელ ომში - გაიმარჯვა სამშობლოსთან ომში. რა იყო ეს გამარჯვება? თბილისის დანგრევა და გადაწვა; სამეგრელოს აოხრება - საეგზეკუციო ჯარი გააგზავნეს მეგრელების დასასჯელად (დედას თვალწინ მოუკლეს შვილი, ახალგაზრდა მხატვარს, ნოდიას, კალაშნიკოვის ავტომატის „შტიკ-ნოჟით" მარჯვენა მოახერხეს, ზვიად გამსახურდია რატომ დახატეო. მერე 22 ტყვია დააცალეს გულზე);

შექმნეს „საძმოები", რომლებიც მოსახლეობას ძარცვავდნენ, აუთოებდნენ, კლავდნენ. მერე ერთმანეთს დაერივნენ - მრავალი ახალგაზრდა გაწყდა საძმოებს შორის „ომებში". მიუტევებელი დანაშაული ჩავიდინეთ საკუთარი ქვეყნის წინაშე - აფხაზეთში შევიყვანეთ ჯარი (უსუსური მოტივით) და გამოვიწვიეთ ომი, რომელმაც წელში გატეხა ქვეყანა.

კაბებეს აგენტებმა, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ ახალ „მთავრობაში" ნადირობა გამოაცხადეს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე. ის აგენტი, „ცოცხალი არ გაგვექცეს!"-ო, რომ წიოდა პარლამენტის სხდომაზე, საქართველოს „მთავრობის" ვიცე-პრემიერი გახლდათ. მომავალში საქართველოდან გაქცეული კაგებეს ჩინოვნიკის, იგორ გიორგაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გახდება. მეორე აჯანყებული, მოსკოვში გაქცეული, გრუ-ს პენსიით ცხოვრობდა სიკვდილამდე.

ჩემმა თაობამ, საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლებული ჩვენი ქვეყანა, ახალ სსრკ-ში, დსთ-ში შეიყვანა. ჩემმა თაობამ ოთხმოცდაათიანი წლები დააბნელა. ჩემმა თაობამ გაყვანილი რუსის ჯარი, უკან შემოიყვანა და თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე დააბანაკა: 2008 წელს, წამოეგო რა კაგებეს ანკესზე, ვერ აიცილა ომი. დამარცხდა და დამარცხებიდან ორ თვეში ევროკავშირის 1633 დადგენილებას მოაწერა ხელი. ეს პირდაპირი ღალატი, დამოუკიდებელი ქვეყნის ღალატი ჩემმა თაობამ ჩაიდინა (ერთეულებზე ხელების შეწმენდა ყველაზე ადვილია - ის ერთეულები ჩემმა თაობამ წამოასვა თავზე ქვეყანას).

დასკვნის სახით მხოლოდ შედეგებს ვწერ - შედეგების მიხედვით ფასობს ყველა თაობა. ჩემმა თაობამ დამოუკიდებლობის აღდგენისას ჩაიბარა სამოცდათორმეტი ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე მშვიდობიანი ქვეყანა. მან დახლიჩა, დაანაწევრა და დაამცრო იგი ორმოცდათხუთმეტი ათას კვ. კილომეტრამდე. გააჩინა ბზარები და ქვეყნის მოსახლეობა დაუპირისპირა ერთმანეთს, რამაც მოსახლეობის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის არც ისე ცოტა ნაწილი ფიზიკურად გაანადგურა.

ჩემმა თაობამ მოსახლეობის ნაწილი, უნდა გავიმეორო, არც ისე მცირე ნაწილი, ემიგრანტებად აქცია. სიმწრით და უილაჯობის შეგრძნებით მიდის ჩემი თაობა. ბრწყინვალე, თბილი, ვაჟკაცური ახალგაზრდობის ხანა და გამწარებული სიბერე - ესაა ჩემი თაობის დამღა. რატომ მოხდა ასე, ამას პროფესიონალთა კვლევები სჭირდება. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ. ჩვენ ბრწყინვალე მასწავლებლები გვყვანდნენ - წარსული საუკუნეების კორიფეები, მესამე დასი, მეოცე საუკუნის დიდი მოღვაწეები, სამოციანელები... მერე კი, ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, დიდი სულიერი ღირებულებების მასწავლებლები ნელ-ნელა ჩაანაცვლეს მატერიალისტური ღირებულებების მატარებელმა „მასწავლებლებმა", ულტრალიბერალებმა, ყოველივე უცხოურს რომ ამჯობინებენ საკუთარს. მათ საზღვარგარეთ გაქცეული „მოღვაწეები" გმირებად წარმოგვიდგინეს, მიხა ხელაშვილის და ვაგონებში დაცხრილული თავისუფლებისათვის მებრძოლების გმირობა კი, ვერ და არ შეაფასეს (ამის შესახებ სხვა დროს).

დღეს თქვენ მოგმართავთ, ახალგაზრდებო. არ არსებობს ცუდი და კარგი ახალგაზრდობა. არის ერთი ახალგაზრდობა, რომელიც გულწრფელია და, თუკი შეცდომას უშვებს, არაოდეს შეგნებულად. ახალგაზრდებს სწამთ ის, რაც მათ გონებაში სიმართლესთან ასოცირდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაცილოთ ის განცდა, რომელიც მე გამიჩნდა სიბერეში - ჩემი თაობის უნიათობამ და გონებით აზროვნების ნაკლულობამ, ისეთ დღეში ჩაგვაგდებინა სამშობლო, რომ სიმწრით ვიკვნეტ თითებს. ეს უბრალო სინანული არაა - ეს ტკივილია. დღეს მტკივა ის, რაც ბნელ ოთხმოცდაათიანებში და ახალი საუკუნის დასაწყისში უნდა მტკენოდა - უნდა გვტკენოდა. აფსუს, რა კარგად დავიწყეთ!...

 

(სოლომონ ნერგაძე, ივნისის 4, 2024)

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×