ელზა პაპოშვილი
26.06.2022

რა არის ტექნიკური მთავრობა, რა შემთხვევაში იქმნება ის და რამდენად რელევანტურია გასულ პარასკევს პარლამენტთან გამართულ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები? ქართველი ანალიტიკოსები ამ მოთხოვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ამ ახალი ულტიმატუმით აქციის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვნად დააგდეს ის საპროტესტო მუხტი, რომელიც 20 ივნისს გაჩნდა.

24 ივნისს პარლამენტთან გამართულ მიტინგზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა უნდა გადადგეს და უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა (სხვაგვარად - ეროვნული თანხმობის მთავრობა), რომელიც ორი მთავარი მიმართულებით იმუშავებს - ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომზადება და ჩატარება.

ყოველივე ამის შესახებ პარლამენტთან გამართულ აქციაზე მოძრაობის „სირცხვილია“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა გამოაცხადა. თუ ეს მოთხოვნები ერთ კვირაში არ შესრულდა, 3 ივლისს პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც შემდგომი მოქმედების გზებს დასახავენ.

როგორც „რეზონანსთან“ კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუცია ტერმინს „ტექნიკურ მთავრობა“ არ სცნობს. მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ასეთი მთავრობის დაკომპლექტება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში რევოლუციის გზით გადატრიალება ხდება და საჭიროა მთავრობა, რომელსაც ჯერ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს. ან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლებაში მყოფი ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ძალაუფლებას გადასცემს. შესაბამისად გამოდის, რომ თუ ქვეყანაში აქციის ორგანზიატორები რევოლუციას არ აწყობენ, მაშინ „ოცნებამ“ საკუთარი ნებით მომიტინგეებს ხელისუფლება უნდა გადააბაროს. ასპარეზზე ჯერ პოლიტიკოსებიც არ ჩანან, ვინც ამ ხელისუფლებას იბარებს.  

ის, რაც მოძრაობამ ქვეყნის მთავარი გამზირიდან მოითხოვა, არაკონსტიტუციურად შეაფასა მმართველმა გუნდა. ოპოზიციის ნაწილი 24 ივნისს გამოცხადებულ მოთხოვნებს სრულად იზიარებს და უერთდება მას, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნები არასერიოზულია.     

ტექნიკური მთავრობა და საქართველოს კონსტიტუცია 

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ იმაზე საუბრობს, თუ კონსტიტუციით რამდენად შესაძლებელია ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება. ხმალაძე ამბობს, რომ მსგავს რამეს ჩვენი კონსტიტუცია არ სცნობს. მთავრობის ფორმირება ან მისთვის უნდობლობის გამოცხადება კონსტიტუციით განსაზღვრული წესით ხდება, წესები კი ასეთია: 

„რადგანაც ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზეა გადასული, ყველაფერს  პარლამენტი წყვეტს. მთავრობის დათხოვნასა და მისთვის ნდობის გამოცხადებას -ყველაფერს ამას ახორციელებს პარლამენტი. 

„ეს ტერმინიმი - ტექნიკური მთავრობა - გამოიყენება გარკვეული მდგომარეობის  აღსანიშნავად. არაერთ ქვეყანაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იქმნება, ტექნიკური მთავრობა გამოიყენება კრიზისის განსამუხტად. ამ მთავორბას ეძლევა ყველა ის უფლება, რაც ჩვეულებრივ მთავრობას გააჩნია. 

„თუმცა, მისი შექმნა ხდება ამ კრიზისიში ჩართული ძალების შეთანხმების საფუძველზე. ანუ, მაგალითად, არსებული პოლიტიკური ხელისუფლება - „ქართული ოცნება“ და მისი ოპოზიცია, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო და საზოგადოებრივი ჯგუფები მთავრობის შექმნის პროცედურაზე თანხმდებიან. ამ პროცედურაში ის იგულისხმება, თუ ამ მთავრობის მაგიდასთან ვინ ჯდება. 

„მთავრობის შემადგენლობაზე, როგორი წესით, შეთანხმება ხდება. თუ ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება, სადაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასა და მთავრობის შემადგენლობაზე მოილაპარაკებენ, შემდეგ ამ მთავრობის ძირითად ამოცანას დასახავენ. ასევე გაიწერება ეს ამოცანა რა ვადაში უნდა შეასრულოს. ამ მთავრობას ყველაფერი სხვა რამის გაკეთებაც შეეძლება. ხოლო რაც შეთანხმებით გაიწერება, მთავრობისთვის სავალდებულო გასაკეთებელი გახდება“, - ამბობს ხმალაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება კი ორი სახით არის შესაძლებელი - მოქმედი პრემიერი აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ და ამ წინასწარ შეთანხმებულ მთავრობას პარალმენტი უცხადებს ნდობას. ხმალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ნდობის გამოცახდებას კონსტიტუციის მიხედვით აუცილებელია  მას მხარი სულ ცოტა 76 დეპუტატმა დაუჭიროს. შესაბამისად, გამოდის, რომ მთავრობის დასამტკიცებლად ისევ „ოცნების“ თანხმობაა საჭირო. სხვაგვარად მას ოპოზიცია ვერ დაამტკიცებს.

„დღეს ამის გაკეთება მხოლოდ „ოცნებას“ შეუძლია. მას ოპოზიციის ხმები არ სჭირდება, მაგრამ თუ ასეთი შეთანხმება მიიღწევა, მას მხარს ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაუჭერენ. აქ ყველაფერი ისევ „ოცნებაზეა“ დამოკიდებული. მის გარეშე რაიმეს შექმნა და დაკომპლექტება შეუძლებელია. 

„პოლიტიკოსების შეთანხმების გარეშე ტექნიკური მთავორბა ვერ შეიქმნება - ეს მინდა, რომ კარგად იყოს გაგებული. ასევე ტექნიკურ მთავრობაში შესაძლოა ადგილი დაიკავონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც პოლიტიკოსები არ არინ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ. ისინი შესაძლოა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ან საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურები იყვნენ, ოღონდ ამაზე პოლიტიკოსები თანხმდებიან. ორივე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - ამ პირებით მთავრობის დაკომპლექტებაზე თანახმაა. 

„ისევ ხაზგასმით აღვნიშნავ - პოლიტიკური აქტორების გარეშე ვერანაირი  მთავობა ვერ შედგება. მათ ლეგიტიმაცია არ ექნებათ. შესაძლოა პრემიერი ორივე მხარის შეთანხმებით არ იყოს პოლიტიკური ფიგურა. ეს არ არის მთლად კლასიკური კოალიციური მთავრობა, რომელსაც იმ პარლამენტში კოალიციურ უმრავლესობას ქმნის. ტექნიკური მთავრობის ამოცანა უნდა იყოს კონკრეტულია დავალების  გადაწყვეტა. როგორც წესი, ამ დავალების შესრულებას შემდგომ არჩევნები მოსდევს. შესაძლოა ეს იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ დავალების შესრულების თანავე არჩევნები არ უწევს“, -აცხადებს ხმალაძე „რეზონანსთან“. 

ვინ აკომპლექტებს ტექნიკურ მთავრობას და რა შემთხვევაში იქმნება ის

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის შექმნის  შესახებ სრული აბსურდია. ჩვენს ქვეყანაში ტექნიკური მთავორბის თუ გარდამავალი მთავორბის შექმნაზე საუბარი არა ერთხელ ყოფილა. თუმცა ეს რეალურად არც არასდროს შექმნილა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ ტექნიკურ მთავრობაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკურად დიდი შეთანხმება უნდა მოხდეს. ანუ „ოცნებამ“ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხელისუფლება ნებაყოფილობით უნდა გადააბაროს. 

„ახლა მე ვსვამ კითხვას და მაინტერესებს - „ოცნებას“ რატომ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ასე აიღოს ვიღაცას ხელისუფლება და გადააბაროს? ცოტა ხომ უნდა დავფიქრდეთ და ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი საღლიცინო არ გავხადოთ? ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება მოხდება მაშინ, თუკი ქვეყანაში რევოლუცია მოხდება. როდესაც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა ხელში აიღებს ძალაუფლებას გადატრიალების შედეგად, მაგრამ ხალხის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით არ ექნება, იქმნება ტექნიკური მთავრობა. ეს არის დროებით მთავრობა, რომელსაც კონკრეტული დავალება ეძლევა. 

„წარმოდგენა არ მაქვს ეს ხალხი რას ითხოვს. მთავრობა ვინ უნდა დააკომპლექტოს -მიტინგმა? დავუშვათ ღარიბაშვილი გადადგა, მთავრობა ვინ უნდა დააკომპლექტოს? მიტინგზე უნდა მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება? 

„ეს ხალხი არალეგიტიმური ფიგურები არიან. ისინი ხალხს არ აურჩევიათ. ვისი სახელით საუბრობენ? თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ მიტინგი ანაგარიშგასაწევი გახდა, მაშინ ხელისუფლებას პარლამენტი დაითხოვს. მერე ისევ „ოცნება“ დააკომპლექტებს. ისინი, რაც მე მოვისმინე, ითხოვენ „ოცნებისგან“, რომ ხელისუფლება გადმოგვეცითო. მერე და ვის? ფარდის უკან ვინც დგას, ვიცით. ასეთი ბავშვებიც ხომ არ ვართ გვჯეროდეს, რომ შოთა დიღმელაშვილი წყვეტს რეალურად რამეს. 

„რატომ უნდა უნდოდეს „ოცნებას“ ხელისუფლება ვინმეს გადააბაროს? დაიცა და იმ ხალხს რას ვუშვებით, ვინც მათ  ხმა მისცა? არ ვეკთხებით რა უნდათ? ისინიც რომ გამოვიდნენ გარეთ, მერე რა ხდება? სამოქალაქო დაპირისპირებაზე მივდივართ? ცოტა რომ დაალაგონ და ისე ისაუბრონ, არ სჯობს?“, - აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, გაუგებარია ქართული საზოგადოება რატომ მიიღებს, მაგალითად, ნინო ლომჯარიას ან ეკა გიგაურს. ან რატომ დათანხმდება თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი, რომ ხელისუფლება ასე ვიღაცას გადააბაროს და ტექნიკური მთავრობა სამოქალაქო სექტორით დაკომპლექტდეს. ძაბირაძის თქმით, ამ ადამიანებს ლეგიტიმაცია არ აქვთ და პარლამენტს კი აქვს. ამიტომ წარმოუდგენელია პარლამენტმა ეს რატომ უნდა გააკეთოს. 

„2009 წელს  ხელისუფლებაში ენმ იყო. აქციები მაშინ იყო, თორემ ახლა რა აქციებია. მთელს რუსთაველზე კარვების ქალაქი იყო გაშლილი. პოლიტიკური სპექტრიც შეკრული იყო და ხალხიც. მაშინ არ გადადგა „ნაციონალების“ ხელისუფლება და ახლა კითხვა მაქვს - რატომ უნდა გადადგდეს „ოცნება“, რომელსაც რეიტინგების მიხედვით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ემორჩილება პოლიცია, ჯარი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და თან პოლიტიკური კრიზისიც არ არის? 

„რომ არ გადადგეს ღარიბაშვილი, რას აპირებენ მერე - შევარდებიან პარლამენტში? ვერ შევარდებიან, 2003 წელი არ არის. სისტემურად ყველა და ყველაფერი ხელისუფლებას ემორჩილება. ამიტომ ამ გაუგონარი მოთხოვნებით ის მუხტი უკვე დააგდეს, რაც 20 ივნისს გაჩნდა. ოპოზიცია ისევ იგივე შეცდომას იმეორებს და თუ ასე გააგრძელებენ, „ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ კარგა ხანს იქნება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×