ლაშა გელოვანი
17.06.2024

სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების  მაგისტრარული წყალსადენის დაზიანების შედეგად ქალაქის ნაწილს თითქმის 2 დღეა წყალი არ მიეწოდება.თბილისელებისათვის  ყველაზე ცუდი ამბავი კი ისაა, რომ არავინ იცის, თუ როდის შეძლებს წყალმომარაგების კომპანია  GWP ავარიის აღმოფხვრას. 

GWP-მ საგანგაბო განცხადება გუშინ შუადღისას გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ამასთან, კომპანიამ პასუხისმგებლობოს სხვაზე დაკისრების ტაქტიკა აირჩია. მისი მტკიცებით, GWP-გან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

„დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება,“ - აცხადებენ კომპანიაში.

თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუ რა ზომებს მიმართავდა კომპანია ამ ხნის განმავლობაში, რათა თავიდან აეცილებინა ასეთი მასშტაბური ავარია, თუ მარტო დამკვირებლის როლში ამჯობინებდა ყოფნას.

დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. უწყლოდაა დარჩენილი ქალაქი მცხეთაც.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ადგილზე სიტუაციის შესწავლისა და დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ სიტუაცია მძიმე იყო, ეს არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება.

„პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა. (თავიდან) განვიხილავდით, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო უშუალოდ შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. 

ასევე მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. 

ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს,“ - განაცხადა აქტივების მართვის დირექტორმა.

მისი მტკიცებით, კონტრაქტორი უკვე შერჩეულია, მას უკვე დაწყებული აქვს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში (ალბათ დღეს) დაიწყება გრუნტის მოხსნის სამუშაოები. ეს არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, აღდგენითი სამუშაობი თუ რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული. მანამდე კი, კომპანია აპირებს არსებული რესურსების გადანაწილებას და მოსახლეობისათვის წყლი მიეწოდება დღესში 3-დან 7 საათის განმავლობაში.

რაც შეეხაბა ავტოცისტერნების საშუალებით თბილისელების წყლით მომარაგებას, გიგა ნადირაძემ ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ დამატებითი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და მალე გამოქვეყნდება ქალაქში მათი განლაგების  სქემა. თუმცა GWP გუშინწინ ღამეც იგივეს აცხადებდა, მაგრამ თუ სადაა განლაგებული ზაფხულში ასე საჭირო ავტოცისტერნები, სტატიის დაწერის დროსაც არ იყო ცნობილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×