ელზა პაპოშვილი
13.05.2024

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, დაიჭრა 74 წლის მამაკაცი. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სუმის რეგიონის მიმართულებითაც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დონეცკში იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებითაც.

შეტაკებები სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკისთვისაც მიმდინარეობს. ხარკოვში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ტერიტორია 4 000-მა ადგილობრივმა დატოვა. 

რუსეთის მთავარი სამიზნე დღესაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონები იყო. ვითარება გართულდა ხარკოვის ოლქში, სადაც ოკუპანტებმა დამატებითი ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. პარალელურად, კონტრშეტევას აგრძელებს უკრაინაც. რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიშის შედეგად, მაღალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში ომის 809-ე დღეა.

რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნე კვლავ  უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკში, სადაც საოკუპაციო ძალამ დამატებითი ჯავშანტექნიკა გამოიყენა. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაზღვრო ზონიდან 2500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლო.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო, შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას დონეცკსა და ხარკოვში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ამახვილებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა იერიში სუმის ოლქზეც მიიტანეს. დაიღუპა ერთი ადამიანი. თავდასხმების შედეგად, არიან დაშავებულებიც. სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ოკუპანტები სუმს 21-ჯერ დაესხნენ თავს და ტერიტორიაზე 8 ნაღმი ააფეთქეს.

უკრაინის ამოცანა ახლა რუსეთის სახმელეთო და საარტილერიო შეტევების მოგერიებაა. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი საუბრობს. მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათში, 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ჯარებმა 13 სარაკეტო და 118 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

სახმელეთო და საჰაერო შეტევებს განაგრძობს უკრაინაც. სარაკეტო იერიშის შედეგად, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.   

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ ის იარაღი ეხმარება, რომელსაც აწვდიან და არა ის, რომელსაც აანონსებენ.

მისი თქმით, ახლა ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ანტისარაკეტო სისტემა არის ის, რაც უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის და უკრაინის ქალაქებსა და თემებს ცხოვრების საშუალებას აძლევს.

„მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინის გამძლეობას დროული მიწოდებით. ნამდვილად დროული. პაკეტი, რომელიც ნამდვილად გვეხმარება, არის უკრაინაში ჩამოტანილი იარაღი და არა მხოლოდ სიტყვიერად გაცხადებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს "და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ კონკრეტული ძალით, კონკრეტული იარაღით“.   

ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ევროკავშირში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი არ აჩვენებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს, ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს, კრემლის საფრთხეებს უპასუხოს.

„ომის ამ კრიტიკულ ფაზაში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. რუსეთი არ აჩვენებს შენელების ნიშნებს, ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს და ევროპა მზად უნდა იყოს უპასუხოს კრემლისგან მომდინარე საფრთხეებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, რუსეთს სურს დაბრუნება წარსულში, სადაც არ არის დემოკრატია, თავისუფლება და სიმართლე.

”მეტი უნდა გავაკეთოთ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად,” - განაცხადა მეცოლამ და დასძინა, რომ პარტნიორებმა უკრაინას მისთვის საჭირო თავდაცვის სისტემები უნდა მიაწოდონ, რადგან ”მხოლოდ ვაჟკაცობა არ არის საკმარისი”.    

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის  ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთი ახლა ცდილობს, რომ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნას და მთავარი თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანოს. გენერალი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ახლა რუსები ძირითად კონცენტრაციას აღმოსავლეთ უკრაინაზე აკეთებს. 

„უკრაინას ახლა ყველაზე მეტად ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით დახმარება სჭირდება. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, "პეტრიოტის" 25 ბატარეაც ეყოფოდათ, თუმცა ძალიან მეეჭვება, ვინაიდან "პეტრიოტის" რადიუსი 160 კილომეტრია და 25 მთელ უკრაინას ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ, ალბათ, იგულისხმებოდა სხვა საშუალებებთან ერთად. 

სივრცის შესავსებად საჭიროა სხვა ტიპის საშუალებებიც - თუნდაც "ბუკი", ანუ ისეთი რაკეტა, რომელიც მაქსიმალურად შეძლებს სივრცეების შევსებას. ასევე არის საშუალებები (რაც უკრაინას აქვს), რომლებიც მოქმედებს ისეთი საჰაერო მიზნების წინააღმდეგ, რომელთაც 10 000 კმ/სთ სიჩქარე აქვთ. 

ასევე არის  რაკეტა "კინჟალიც", 14 000 კმ/სთ სიჩქარით. ასე რომ, ასეთი ჩქარი მიზნების წინააღმდეგ ყველა საშუალება ვერ იმოქმედებს. ჩვენ ვიცით ასევე  ცნობილი "რკინის გუმბათი", რომელიც  ეფექტიანია 3000 კილომეტრ საათზე ნაკლები სიჩქარის რაკეტების წინააღმდეგ და გამოსადეგი იქნებოდა ხარკოვში, რომელიც, ძირითადად, რეაქტიური ზალპური სისტემებით იბომბება, მაგრამ ნაკლებეფექტიანი იქნება კიევში“,-ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საჰაერო თავდაცვა, ეს ცხადი შეიქნა ირანის ბოლო დარტყმის დროს ისრაელზე. 300 დრონი და რაკეტა გაუშვეს ირანიდან ისრაელის მიმართულებით და მხოლოდ 4 დავარდა, აქედან მიზანში მხოლოდ ერთი მოხვდა. ამიტომ როგორი ეფექტურია მაათი საჰაერო დაცვა, რომ ვერც ბრენდირებული უპილოტოების ჰაერში გადაჯერება ვერ შველის ვერაფერს.  სწორედ ასეთი საჰაერო თავდაცვა სჭირდება უკრაინასაც. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×