რეზონანსი
31.05.2024

ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა.

ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო.

პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამაშველო სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს.

პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას.

ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია.

სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას- პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა, ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას.

დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული.

ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის!", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×