რეზონანსი
06.06.2024

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაკავებული ბიზნესმენისა და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი, ბაბაევის როგორც პირადი, ასევე ავტომანქანის ჩხრეკა, ასევე ტანსაცმლისა და მანქანის ამოღება. შესაბამისად, ადვოკატის განცხადებით, ბაბაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, ვინაიდან მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია.

„აღკვეთის შეფარდებამდე სასამართლომ ჩხრეკის დაკანონებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობაზე ზეპირ სხდომაზე იმსჯელა. სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და ჩხრეკა უკანონოდ ცნო, რადგანაც პროცედურები დარღვეული იყო. ჩათვალეთ, რომ ეს შინაარსობრივად განაჩენიც არის. პირადი, ავტომანქანის ჩხრეკა, ტანსაცმლის და ავტომანქანის ამოღება უკანონოდ ცნო, ანუ ძირითადი მტკიცებულებები, რაზეც სისხლის სამართლის საქმე იყო აგებული. შესაბამისად, ეს კაცი გამოსაშვებია. თუ ბრალს მაინც წაუყენებენ და აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლოს მაინც მოუწია მსჯელობა, ფორმალური პროცესი იქნება, აღკვეთის ღონისძიება ვერ შეეფარდება, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს.

თუ დაკავების დადგენილება პროკურორმა გააუქმა, ნებისმიერ წუთას გამოუშვებენ, ბრალის წარდგენის ვადა დღეს, 22:00 საათზე გადის, თუ არ წაუყენეს, გამოსაშვებია, თუ ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობა შეიტანეს, ხვალ საღამოს გამოვა. სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ და მხოლოდ ჩხრეკაზეა აგებული, სხვას ხომ არაფერს ედავებოდნენ, უკანონოდ ჰქონდა იარაღიო, სასამართლომ ეს ჩხრეკა უკანონოდ ცნო, ანუ სისხლის სამართლის ეს საქმე არ არსებობს, ჩავთვალოთ, რომ დანარჩენი მტკიცებულებები მაკულატურაა. შეიძლება უკვე გამოუშვეს კიდეც, პროცესი მქონდა უზენაეს სასამართლოში და გამოვიქეცი", - განაცხადა კალმახელიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა თავად დაკავებულმა ბაბაევმაც და აღნიშნა, რომ მას სამართალდამცავები დამამცირებლად მოექცნენ. კერძოდ კი, დაკავებულის თქმით, მას შემდეგ, რაც მან პოლიციელებს ტანსაცმლის ამოღებაზე უარი გაუცხადა, მას სამართალდამცავებმა საცვალიც კი შემოახიეს.

„ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სწორ გზაზე ვარ. ამ ოპერაციას, ვინც ხელმძღვანელობდა, მეტსახელად „ტლაპო" ჰქვია, ნამდვილი სახელი არ ვიცი. ის შეჩვეულია ამ „ჩადებებს", ის ამაზე - „ჩადებებშია" და ხალხის გაუბედურებაშია გაზრდილი... არაადამიანურად რომ მეპყრობოდნენ, ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ ვიდეოთი და იმ ხელმძღვანელს უგზავნიდნენ, რომელიც შევარდნაძის დროიდან ხელმძღვანელია. ჩვენ ამისთვის არ ვიბრძოდით ამდენი ხანი, რომ პოლიციის ეს რეფორმა ჩატარებულიყო. ჩემი ნებით რომ არ მივეცი ტანსაცმელი, გაბრაზდნენ და ძალით შემომახიეს(განყოფილებაში)ისეთ ადგილას შემიყვანეს, სადაც კამერა არ იყო, იმის გამო, რომ არ გავიხადე ჩემი ნებით, ძალით შემომახიეს ყველაფერი. იმის გამო რომ არ მივეცი ჩემი ნებით, "ტრუსიკიც" კი შემომახიეს და დამტოვეს ასე. ავადმყოფი ხალხი რომ დადგება და შიშველ ადამიანზე [იტყვის] - იყავი ახლა ასეო, ვიქნები, თუ ასე გსიამოვნებთ-მეთქი, ვუპასუხე", - განაცხადა ბაბაევმა.

მოსამართლის ჩაკითხვისას მან დაადასტურა, რომ განყოფილებაში „შიშველი დარჩა".

ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×