სავსებით შესაძლებელია წელს ქვეყანა ორნიშნა მაჩვენებელზე გავიდეს
გვანცა წულაია
03.06.2024

ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველოს მშპ განუხრელად იზრდება. მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური განვითარება არ შეუფერხებია და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ აპრილში ეკონომიკა თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით ეკონომისტები საქართველოს მეტად განვითარებას უწინასწარმეტყველებენ. 

2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9%-ით განისაზღვრა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია.

"საქსტატის" თანახმად, აპრილში წელთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. ხოლო კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის სექტორში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებს:

„გრძელდება პოზიტიური ტენდენცია. აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და 11.8% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის ჭრილში საშუალო მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე მშენებლობის და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში აქტივობის ტემპმა. 

ასევე პოზიტიური და მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურებების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ფაქტორებს თუ შევხედავთ, ქვეყანაში იზრდება საინვესტიციო აქტივობა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტს საერთო მაჩვენებელში. მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი კვარტლის მაჩვენებლებით რეკორდულია და 800 მლნ აშშ დოლარს აღემატება", – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

მთავრობის პოზიციას იზიარებენ სპეციალისტებიც. როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძე აღნიშნა, პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი პრობლემები მოსალოდნელი არ არის. 

„აპრილში არის მაღალი ტემპი და ასეთი შედეგი არ გვქონია არათუ შარშან , არამედ მის წინა პერიოდშიც. 11.8% არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონშიც და მათ შორის გაცილებით აღემატება ევროკავშირში არსებულ საშუალო ზრდის მაჩვენებელს, რომელიც არის 5.3%-ის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას ამერიკასთან მიმართებაში, რომელიც არის კიდევ უფრო დაბალია, სადღაც 3.5%-ია. 

უკვე მესამე თვეა, რაც მიტინგების ტალღის ზეგავლენის ქვეშ ვართ. სხვა ქვეყნების მაგალითსაც თუ ავიღებთ, ქუჩის აქციები და ზოგჯერ პოლიციასთან ხელჩარული დაპირისპირება, არ ზემოქმედებს ეკონომიკაზე, თუ მას არ აქვს კონსტიტუციური სივრციდან გასვლის ფორმა. ზოგადად, პროტესტი სასურველი და კარგი საყურებელი არავისთვის არის, მაგრამ თუ, მაგალითად, ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკას ავიღებთ, უნდა დავაკვირდეთ, რა პერიოდში შეიძლება მიმდინარეობდეს აქციები და რომელ საქტორზე იმოქმდოს უფრო მეტად. 

შესაძლოა, აქციებს ტურისტულ სეზონზე, გარკვეულწილად, ჰქონდეს ზეგავლენა, ვგულისხმობ, ჯავშნების გაუქმებას, რაზეც არის მინიშნება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მიმდინარე ეტაპზე ამ პროცესმა რაღაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთელ სტუმარმასპინძლობის სექტორზე, რადგან თავად ამ მიტინგების პიკი დაღმავალია. 

აქციები ბევრ ქვეყანაში იმართება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფოების ეკონომიკა იქცევა. სამწუხაროდ, ამ კუთხით არის ხოლმე სპეკულაცია, რომ ჩვენგან ინვესტორები გაიქცევიან და ა.შ. 

საერთოდ, ინვესტორები წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც თავს იკავებენ, მაგრამ არც ეს ფაქტორი მგონია იყოს სერიოზული ზეგავლენის მომხდენი“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ. 

დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და მოლოდინმა, ლარის კურსზე და ქართული ბანკების აქციების ღირებულებაზე იმოქმედა, ეკონომიკის სხვა მიმართულებით კი რაიმე პრობლემა არ გამოკვეთილა. უშუალოდ ამ ორი მიმართულებით კი ვითარება გამოსწორების გზაზეა და სიტუაცია უკვე დამცხრალია. ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პანიკა გადალახულია და უმოკლეს ხანში ეროვნული ვალუტა წონასწორული კურსისკენ სვლას დაიწყებს.

როგორც სტატისტიკოსმა და ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა,  საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა საკმაოდ პოზიტიურია.  

„სხვადასხვა შოკი, ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ, უკვე შედარებით ნაკლებად მოქმედებს. ადამიანებმა, პირველ რიგში, ბიზნესის სფერო წარმომადგენლებმა, ისწავლეს საქმის კეთება, გაიზარდა მათი კონკურენტუნარიანობა და იციან, რომ კეთილდღეობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის შრომა, დოვლათი შექმნა და ჯანსაღ კონკურენციაში გამარჯვება. ამით, გარკვეულწილად, ამჟამინდელი საქართველო განსხვავდება 1990-იანი წლების პრეიოდისგან, როცა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უფრო ინფატილური და ეკონომუკური რომანტიზმის ქვეშ იყო. ახლანდელი საზოგადოება უფრო პრაგმატულია და უფრო ნაკლებად ენდობა ლოგუნგებს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს წამოსული, და თვლის, რომ სწორედ ეკონომიკაზე გადის ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების მთავარი მაგისტრალი. 

რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ბანკის მიერ შავი ზღვის კაბელის მშენებლობისთვის გამოყოფილი 35 მილიონი დოლარი, ჩინური მხარის მზადყოფნა და ფაქტობრივად, ტენდერში გამარჯვება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში, ადასტურებს იმას, რომ საქართველოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მტკიცედ აცხადებს, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ, და არა მარტო ეკონომიკურ ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის ობიექტია. ის არის მზარდი ამბიციების მქონე სუბიექტი, რომელსაც უნდა სრულფასოვანი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფო იყოს. ასე რომ, საკმაოდ პოზიტიურად უნდა შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივას“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×