ივნისიდან ბაქოში ევრო-5-ის ტიპის ბენზინის წარმოება დაიწყება და თუკი ფასიც მისაღები იქნება, ქართველი იმპორტიორები ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ
გვანცა წულაია
04.06.2024

აზერბაიჯანი ევრო 5-ის ბენზინის წარმოებას იწყებს. ეს სიახლე საქართველოსთვის საკმაოდ საინტერესოა. დიდი ალბათობით, მეზობელი სახელმწიფოს საწვავი სხვა მომწოდებლებთან შედარებით უფრო იაფი იქნება, რაც ქართველი იმპორტიორების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. ყოველ შემთხვევაში, ლოგისტიკური მიმრთულება ბევრად იოლი და მარტივია, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანულმა პროდუქტმა ევროპულ ბენზინის კონკურენცია შეუქმნას. 

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „სოკარი“ ფლობს, ივნისიდან ევრო-5-ის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად ბენზინის წარმოებას გეგმავს. 

„2023 წლის მაისში ქარხანამ დაიწყო დიზელის საწვავის წარმოება ევრო-5 სტანდარტების მიხედვით, 2024 წლის ივნისში კი გეგმავს დაიწყოს საავტომობილო ბენზინის წარმოება ევრო-5 სტანდარტების მიხედვით“, - აღნიშნეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში. 

ქარხანა მიმდინარე ეტაპზე ახორციელებს ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტს. მისი სიმძლავრე ამჟამად შეადგენს 6,5 მლნ ტონას წელიწადში, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის შედეგების მიხედვით, ქარხანა დაპროექტდება კასპიის რეგიონის ყველა სახის ნავთობის გადასამუშავებლად. პროექტის დასრულება 2027 წელს იგეგმება.

მოდერნიზაციის შემდეგ ქარხანა გამოიმუშავებს წელიწადში 2 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს, 2,9 მლნ ტონა დიზელის საწვავს, 1 მლნ ტონა თვითმფრინავის საწვავს და 390 ათასი ტონა ნავთობქიმიურ პროდუქტებს.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. სიახლე, რომელიც მეზობელს სახელმწიფოში დაიგეგმა, საქართველოსთვის მართლაც საინტერესოა და, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანული ბენზინი კვლავ დაბრუნდება საქართველოს ავტოგასამართი სადგურების ქსელში. ბოლო წლებში მეზობელი ქვეყნიდან ბენზინის იმპორტი არ ხორციელდებოდა სწორედ ევრო-5-ის სტანდარტის შეუსაბამობის გამო.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, სიახლე საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია. 

„ეს სიახლე ჩვენთვის არა მარტო ინტერესის სფეროს წარმოადგენას, არამედ მთელი საქართველოსთვის არის ძალიან დიდი "წამალი". ცოტა ადრეული წლების წინ ჩვენ მთლიანად ვიყავით დამოკიდებული აზერბაიჯანულ საწვავზე, იქნებოდა ეს დიზელი, ბენზინი, თუ სხვა ნავთობპროდუქტი. 

როდესაც აზერბაიჯანი ევრო 5-ზე დაასრულებს გადაიარაღებას, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იგი მთლიანად ჩაანაცვლებს ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც უფრო ძვირად გვაძლევენ საწვავს და აღარ ვიქნებით დამოკიდებული ისეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, რაც რუსეთმა გააკეთა. გახსოვთ, რომ მან უკვე ორჯერ შეგვიზღუდა საწვავის მოწოდება. სწრორედ ასეთი რისკ ფაქტორები აღარ გვექნება. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტრასპორტირების კომპონენტი. მეზობელი ქვეყნიდან ბენზინის იმპორტი გაცილებით სწრაფად და ხელსაყრელ ფასად მოხდება. 

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, თანაც სანავთობო სახელმწიფო და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ვახტანგ იობაშვილმა. 

მეგობრობიდან და პატრნიორობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ბაზარი ბევრად სტაბილური იქნება საქართველოსთვის, უბრალოდ, როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, მთავარია ღირებულების კომპონენტი, თუ რა ფასად მიაწვდის აზერბაიჯანი ბენზინს საქართველოს. 

„აზერბაიჯანის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნება საინტერესო. უბრალოდ, აქ გასათვალისწინებლია ფასის კომპონენტი. თუ აზერბაიჯანული საწვავი ღირებულების მხრივ იქნება კონკურენტუნარიანი, სხვა მომწოდებლებთან შედარებით, მაშინ, რა თქმა უნდა, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდება და ინტერესიც მათკენ გადაიხრება. შევხედავთ ძირითად მომწოდებლებს, პრინციპში, პარამეტრები მეტ-ნაკლებად ყველასი ერთია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სტანდარტებს აკმაყოფილებენ, უბრალოდ, როგორც ვთქვი, ამ შემთხვევაში, მთავარი არის ფასის კომპონენტი. 

თუ აზერბაიჯანის საწვავი კონკურენტუნარიანი, რა თქმა უნდა, ლოგისტიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა არის. ამიტომ ინტერესის აუცილებლად გაჩნდება. აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ ტრანსპორტირების მხრივ უფრო მარტივია მათგან საწვავის წამოღება. მოწოდების ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ამიტომ ჩვენთვის ცალსახად იქნება საინტერესო. მთავარია, თვითონ აზერბაიჯანი რა ფასად მოგვაწვდის ბენზინს“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ბაირახტარმა. 

ცნობისათვის, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 214.2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 209.2 ათასი ტონა.

2024 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში "რეგულარის" ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 113.6 ათასი ტონა (53%);  "პრემიუმის" ტიპის ბენზინმა - 95.8 ათასი ტონა (44.7%);  "სუპერის" ტიპის ბენზინმა - 4.8 ათასი ტონა (2.2%);

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 231.6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54.7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 56.7 ათასი ტონა - 13.4%;  რუმინეთი - 54.8 ათასი ტონა - 12.9%; აზერბაიჯანი - 36,5 ათასი ტონა - 8,6%; ბელორუსი - 17,5 ათასი ტონა - 4,1%; თურქმენეთი - 10,2 ათასი ტონა - 2,4%; კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1,5%; საბერძნეთი - 5,5 ათასი ტონა - 1,3%; თურქეთი - 2 ათასი ტონა - 0,5% და სხვ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×