საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის" ფეხბურთელს, გიორგი გოჩოლეიშვილს ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შანსი ჯერ არ მისცემია. მან პორტუგალიასთნ მომავალ მატჩზე კომენტარი გააკეთა:
„პორტუგალია ძლიერი გუნდია, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. უნდა ვეცადოთ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და შედეგი აუცილებლად იქნება. ჩვენს პლუსებში სისწრაფეებსა და კონტრშეტევაზე თამაშს ვგულისხმობ.
თურქეთთან და ჩეხებთან მატჩების შემდეგ ძალების აღდგენას ვცდილობთ. პორტუგალიასთან მატჩისთვის ვემზადებით, გვსურს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ.
ევროპის ჩემპიონატი ყველასთვის დიდი გამოცდილებაა და ვითამაშებ თუ არა მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვემზადები და იმედია, შანსი მომეცემა, რადგან აქ თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილი და ოცნებაა".
შეგახსენებთ, რომ საქართელოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს გელზენკირხენში, „აუფ შალკე არენაზე" გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.