ნატალია ჯვარიძე
13.06.2024

რა საჭიროა ყველაფერზე გამოკიდება და ყველასთვის პასუხის გაცემა? უცხოელი პოლიტიკოსების მისამართით „ოცნების" მიერ გაკეთებული ყველა ხისტი განცხადება, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და მმართველ ძალას ევროპასა და ამერიკაში ოპონენტებს უმრავლებს - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: ყველა ხისტი განცხადება, რასაც „ოცნების" წევრები აკეთებენ, თუნდაც უცხოელი პოლიტიკოსების მისამართით, ოპოზიციის წისქვილზე წყალს ასხამს. რა საჭიროა ყველაფერზე გამოკიდება და ყველასთვის პასუხის გაცემა? სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ხელისუფლებას ამერიკასა და ევროპაში მოწინააღმდეგეები გაუჩნდა. ეს პოლიტიკოსები ამიტომ მგონია სუსტები. თანაც, ნახეთ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციებზე რა დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებენ, არ იციან რა არის პოლიტიკა. „ნაცმოძრაობის" უდიდესი პრობლემაც ზუსტად ეს იყო. მათ პოლიტიკაში მოჰყავდათ 19-20 წლის ხალხი, პოლიტიკაში კი 35 წლიდან უნდა შევიდნენ. ხელისუფლება ბევრ საკითხებში შეცდომას უშვებს.

არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე თვე საკმაოდ დაძაბული იქნება, განსაკუთრებით სექტემბერი, თუმცა ივნისიდან უკვე გართულებებს უნდა ველოდოთ. ამ პერიოდის გამოყენება „ოცნებამ" უკვე დაიწყო. მე ადრეც ვთქვი, რომ ისინი ფინანსურ მხარეს კარგად გამოიყენებენ. დაახლოებით ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა სამუზეუმო ექსპონატის შესყიდვას, რომელიც საქართველოში არ იყო. ბუნებრივია, ამის შემდგომ ის მოღვაწეები, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ, ისევ მათ მხარეს დადგებიან. ივანიშვილის ასეთ ნაბიჯს აუცილებლად სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება. ასე რომ, ის თავის ეკონომიკურ რესურს ყველანაირად გამოიყენებს, რომ ხალხი მიიზიდოს.

თან რეგიონებში ადგილობრივებთან შეხვედრებიც დაწყვებულია და ეს კიდევ გაძლიერდება. ამას ემატება ისიც, რომ ისინი იძახიან თითქოს 60%-ზე მეტ ხმას აიღებენ, ეს ჩვეულებრივი აგიტაციიაა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს სჯერა, რადგან ამას იძახის ქვეყნის პრემიერი.

აგვისტო დასვენების თვეა, თუმცა პოლიტიკურად საკმაოდ ცხელი თვე გველოდება. ხელისუფლება მალულად თუ აშკარად ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუმცაღა მათ ეს პროცესი დასავლურ-ამერიკული მიმართულებით არ აქვთ დაწყებული.

ასევე ოპოზიციამაც დაიწყო ამ დროის გამოყენება. ისინი ჩასაფრებულ მდგომარეობაში არიან, აკვირდებიან პროცესებს და ხელისუფლების შეცდომებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ორივე მხარე იძახის, რომ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთო, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ წალენჯიხაში „ლელო" გავა, რადგან იქაური მოსახლეობა კმაყოფილია მათი მოღვაწეობით.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილის იდეას, რომ „ქართულ ქარტიას „ოცნებაც" შეუერთდეს?

ი.კ: სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია. ვერავინ იტყვის მასზე, რომ რაიმე კორუფციულ საქმეშია ჩართული. მისი მოსაზრებაა, რომ კოალიციური მთავრობა იყოს და მე ამას მივესალმები. ეს არის ის თეორია და იდეა, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს. ამ შემთხვევაში ახლა ამერიკელები და ევროპელები ორივე ძალის ერთად ყოფნას მხარს დაუჭერენ, კოჰაბიტაციური თეორიიდან გამომდინარე, და მე აქ საგანგაშო ვერაფერს ვხედავ. პრეზიდენტი კიდევ სხვა საკითხებსაც წამოაყენებს.

„რ": ვის წაართმევს ხმებს „ალტ-ინფოსა" და „პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანება?

ი.კ: ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პარტია „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა, სადაც ისეთი დეპუტატები შეიყვანეს, რომლებსაც პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. ალტ-ინფოსა და „პატრიოტთა ალიანსისგან" პრინციპები მოიპარეს და ამის განხორციელება დაიწყეს. მე მიკვირს რა განათლება აქვს ამ პარტიის წევრ გურამ მაჭარაშვილს. ცდილობდნენ „ალტ-ინფოსა" და „პატრიტთა ალიანსთან" დაუპირისპირებას. ხელისუფლება ალტ-ინფოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა, რადგან „ოცნებასა" და „ხალხის ძალას" ხელს შეუშლიას. არც ისაა გამორიცხული ამ გაერთიანებამ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. პარლამენტში ვის მხარეს იქნებიან, ეს არ ვიცი. თუმცა ამ გაერთიანებას მე მივესალმები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×