რეზონანსი
16.06.2024

მართალია, ისევე, როგორც პოლიტიკაში, ფეხბურთშიც შედეგი მნიშვნელოვანწილად დაფინანსებაზეა დამოკიდებული და კორუფციამაც მოიკიდა ფეხი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ისეთივე ადვილად პროგნოზირებადი არ არის, როგორც საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. ამის გამო, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სანახაობაში მონაწილე ევროპული გუნდების პაექრობას მილიარდამდე გულშემატკივარი დისტანციურად მიადევნებს თვალს, ხოლო ათეულ ათასობით იღბლიანი - ტრიბუნებიდან.

საქართველოსა და თურქეთის მატჩს კი, რომელიც გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე გაიმართება, წმინდა სპორტულის გარდა, ფაქტობრივად, პოლიტიკური და რელიგიური დატვირთვაც გააჩნია... ქართველი გულშემატკივრების მიერ ტრიბუნებზე გამოფენილი ხუთი წითელი ჯვარი „დაუპირისპირდება" თურქების სახელმწიფო დროშაზე გამოსახულ ნახევარმთვარეს... ცხადია, კათოლიკე ევროპელები „ჯვაროსნებს" დაუჭერენ მხარს, მაგრამ ჩვენ „ისტორიულ მეგობარს" ათჯერ მეტი ქომაგი მაინც ეყოლება, ვინაიდან, ფაქტობრივად, საკუთარ მოედანზე ითამაშებს... (გერმანიაში 10 მილიონამდე თურქი ცხოვრობს და 1000-მდე მეჩეთია...).

დარწმუნებული ვარ, ამ „ბრძოლაშიც" გავიმარჯვებთ, მაგრამ მერჩივნა, შანსის გაზრდისთვის ქართველი ბიზნესმენებიც გაერთიანებულიყვნენ და 30 მილიონი ლარი კი არა, 300 მილიონი ევრო გამოეყოთ „ჯვაროსანთა ფეხოსანი ლაშქრისთვის"...

ამჯერად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებულ პრობლემაზე კიდევ ერთხელ გამემახვილებინა საზოგადოების ყურადღება, მით უმეტეს, რომ „რუსულ კანონთან" დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდები საკმაოდ ხშირად 1918-1921 და 1991-2004 წლებში მოქმედ ეროვნულ დროშასაც იყენებდნენ და შინდისფერ ალამთან სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიციც კი დადეს.

შესაბამისად, თუ საქართველოში დღემდე სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე არ არის ერთიანობა, მაღალი ალბათობაა, სხვა მიმართებითაც გაგვიჭირდეს სამართლებრივი ურთიერთობების გამართულად რეგულირება. არადა ვთვლი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია საკუთარი სახელი და ისტორია, უფლება აქვს სახელმწიფო სიმბოლოების წარმომავლობისა და შინაარსის (სემანტიკის) თაობაზე სრული სიმართლე იცოდეს. არადა, მგონი, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, არა მარტო ევროპაში, არამედ აზიასა და აფრიკაშიც, რომლის არა თუ რიგითი მოქალაქეების, არამედ პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო დროშა ისტორიულია, რელიგიური თუ პარტიული, ან რატომ არის მესამე პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღწერილი „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა" გამოფენილი კათოლიკე ტამპლიერების ვებგვერდზე?

ცალკე მსჯელობის თემაა, თუ რატომ აღარ გვაქვს სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი", როგორც ეს პარლამენტმა 1999 წელს დაადგინა და რატომ აქვს მასზე გამოსახულ წმინდანს თავისუფლების მოედანზე აღმართულისგან განსხავებული ორიენტაცია... ისიც სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის სახელმწიფო ჰიმნში ნახსენები „საქართველო" და რატომ უნდა უმღეროს მოქალაქემ „ცისკრის ვასკვლავს", რომელიც, რატომღაც, „ორ ზღვას შუა ბრწყინდება"...

როგორც კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციის თაობაზე გახდა ცნობილი (ხუთჯვრიანი დროშა არაქართული და უკანონოაო!. ამასთან, კათოლიკე ბერების მიერ შუა საუკუნეებში შედგენილ საზღვაო რუკებზე ათამდე ქვეყანაშია კათოლიკური მისიების ადგილსამყოფელი ხუთჯვრიანი სიმბოლოებით მონიშნულიო, თან სომხურ ტაძრებზე ჩვენზე ადრეა დატანილიო, ხოლო ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო დროშა შინდისფერი იყო და მასზე ერთი ოქროსფერი ჯვარი იყო გამოსახულიო...), თავი ვალდებულად ჩავთვალე, ხელისუფლების მესვეურებისთვის მიმემართა და პრობლემის მოგვარების გზა შემეთავაზებინა.

ვთვლი, რომ სახელმწიფო დროშასთან მიმართებით შექმნილი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული ვითარების (ფაქტობრივად, აბსურდულის) სამართლებრივ ფარგლებში მოსაქცევად, პარლამენტმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს. სასურველია მასში სახელმწიფო დროშის ილია მეორისეულმა ვარიანტმაც მიიღოს მონაწილეობა (საეკლესიო დროშად მოიხსენიება...) და სახელმწიფო დროშად დაკანონდეს. თუმცა, სახელმწიფო კომისიამ, შეიძლება სრულიად სხვა იერსახის, სპეციალისტებისა და მოქალაქეების უმრავლესობისთვის უფრო მისაღებ დროშაზეც შეაჩეროს არჩევანი. ყველა შემთხვევაში, როგორც ევროპელებს ან თუნდაც აფრიკელებს უკვე გვეცოდინება საკუთარი დროშის წარმომავლობა (ისტორიულია, რელიგიური, პარტიული თუ ორიგინალური).

ჯერჯერობით კი აკადემიკოსების დასკვნის გარდა არსებობს თსუ-ის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ თედო დუნდუას ნაშრომი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „იერუსალიმის ხუთჯვრიანი სიმბოლო კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელია და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა".

ცხადია, ახალგაზრდებს (ვერც ზრდასრულ პოლიტიკოსებს) ვერავინ დაუშლის ხუთჯვრიანი („ნაცმოძრაობის") დროშების გამოყენებას, მაგრამ სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ იქნება გონივრული ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება (თუნდაც არსებული დროშის თაობაზე დისკუსიის დაწყება), რაც, ზემოთ ჩამნმოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო, ხელს შეუწყობდა როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოების „დეპოლარიზაციასაც".

როგორც მახსოვს, 2012 წელს ივანიშვილი ამომრჩევლებს „მიშას დროშის" შეცვლასაც დაჰპირდა. ამდენად, კარგი იქნება თუ „ქართული ოცნება" სახელმწიფო სიმბოლოებთან მიმართებით მაინც აღადგენს სამართლიანობას.

ცხადია, არ მინდა დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსები კომუნისტებივით იქცეოდნენ და სახელმწიფო დროშის წარმომავლობის თაობაზე, თუნდაც უნებლიედ, წლების განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს. იმის იმედიც მაქვს, მომავალში საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეებმა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო დროშის წარმომავლობა და შინაარსი უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაინც გავერთიანდეთ.

მართალია, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ მოეწრო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ღია კონკურსის ჩატარების გზით შერჩეული ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც გახდება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები. ამასთან, იმედი მაქვს, სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დადგენილი ახალი სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც თავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა" და მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერი.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×