თამთა ჩაჩანიძე
22.06.2024

აშშ-მა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში, სადაც რუსეთის არმია ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ეს ასევე ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხება. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს უკრაინისთვის რუსეთთან ომში დიდი შეღავათია. თუმცაღა ამას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.

„ვაშინგტონ პოსტი" ორ ანონიმ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი ლიმიტი უკვე განისაზღვრა აშშ-ის მხრიდან და უკრაინალებს შეუძლიათ ამერიკული იარაღით იერიშები საზღვრიდან 100 კმ-ში განახორციელონ. თუმცა ანონიმური წყაროები გამოცემასთან დასძენენ, რომ ამ არეალში არ ექცევა რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ავიაბაზები, რომლებიდანაც ფრინდებიან თვითმფრინავები კორექტირებადი ავიაბომბებით: „ეს ბომბები კი ახლა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო მოსახლეობისთვის".

როგორც „ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე ორწლიანმა აკრძალვამ, რუსეთს დაცული ზონის შექმნის საშუალება მისცა, საიდანაც უკრაინის საზღვრისპირა რაიონებს უტევდა. აქვე წყარო იხსენებს იმას, როცა სამი კვირის წინ უკრაინამ მიიღო ნებართვა, ამერიკული იარაღით ხარკოვის სიახლოვეს საზღვრისპირა რუსულ ტერიტორიებზე შეეტია, ამან კი ფრონტზე გარკვეულწილად სიტუაცია შეცვალა უკრაინის სასარგებლოდ და ხარკოვზე შეტევა შეწყდა.

20 ივნისს პენტაგონის წარმომადგენელმა ჩარლი დიცმა განაცხადა, რომ აშშ-მა კიევს თანხმობა მისცა ამერიკული შეიარაღების გამოყენებაზე, რათა საპასუხო იერიშები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე იქ, სადაც რუსეთის არმია ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. ეს შეეხება ასევე ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ჩამოაგდონ რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებიან, მაგრამ უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას აპირებენ.

„ეს არ არის (იარაღის გამოყენების) გეოგრაფიის ან გარკვეული რადიუსის საკითხი. ესაა საღი აზრის საკითხი. თუ რუსეთი უკრაინას საზღვრის გარედან უტევს, მაშინ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საპასუხო დარტყმა მიაყენოს ობიექტებს, რომლებიც უტევს მას საზღვრის მეორე მხრიდან", - განაცხადა დიცმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ ასე ზუსტად ვერ გააკონტროლებს დარტყმის რადიუსს და არაა გამორიცხული, რომ იარაღი უფრო შორსაც იქნას გამოყენებული. ზოგადად ამ დაშვებას კი რუსეთიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.

„ასი კილომეტრის რადიუსის დაშვება საშუალებას აძლევს უკრაინას გაანადგუროს ზურგისა და კომუნიკაციის ის საშუალებები, რომელიც ფრონტის წინა ხაზს ავითარებს. ეს ობიექტები შეიძლება იყოს რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის ადგილები, სამხედრო ბაზები, მართვის ცენტრები და ა.შ., რომლებიც უშუალოდ ახდენენ დიდ გავლენას უკვე ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების განვითარებაზე.

„სამხედრო ბაზები, მართვის ცენტრები, ავიაბაზები რუსეთს ძალიან ბევრი აქვს და ეს დაშვება მოქმედებს მთელი 2 ათას კილომეტრიანი ფრონტის სიახლოვეს უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ში და ძნელია განსაზღვრო წინასწარ რომელი წერტილი ექნება მიზანში უკრაინას.

„ბუნებრივია, ისიც დიდი შეღავათია, რომ ეს შეეხება ასევე ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ჩამოაგდონ რუსეთის თვითმფრინავები. ასე უკრაინელებმა რუსული რადიოლოკაციური თვითმფრინავი „ა-50" გაანადგურეს, რომელიც ყველაზე სტრატეგიული დანიშნულების თვითმფრინავად ითვლება და ერთეულები ჰყავს რუსეთს.

„სულ თავიდან საუბარი იყო, რომ ამერიკული იარაღი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა გამოყენებულიყო, ახლა კი საზღვრიოდან 100 კმ-ში დაუშვეს. ამერიკელების მხრიდან კონტროლი უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ცოტა რთულია, რადგან საველე პირობებში და ტაქტიკურ-ოპერატიულ დონეზე რთულია ზუსტი კილომეტრები დაიცვა. პირობითად კი მისცეს საშუალება, მაგრამ შეიძლება უკრაინელებმა უფრო შორს გამოიყენონ.

„რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია საპასუხო ზომები. ისინი საჰაერო დარტყმებს გააგრძელებენ და უფრო გაამწვავებენ, მიიღებენ გარკვეულ კონტრზომებს, რომლის განსაზღვრა წინასწარ რთულია. შესაძლოა სუბტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც კი იფიქრონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც და ნებისმიერი მიმართულებით", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×