თამთა ჩაჩანიძე
27.06.2024

ბრიუსელში ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბლოკი საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, მანამდე სხვადასხვა წყაროებდან ცნობილი ხდება, რომ შემაჯამებელ პროექტში საქართველოს მიმართ ზომებზე არაფერია ნახსენები, მაგრამ არის გამაფრთხილებელი ჩანაწერი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, რომ „თავიანთ განზრახვებთან" დაკავშირებით განმარტებები გაკეთდეს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროკავშირი ახლა ცდილობს, რომ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება მიიღოს. ისეთი, რომ არც ქართველ ხალხს დააწვეს მძიმედ და საქართველოს ხელისუფლებასაც გაუგზავნონ გაფრთხილება - „ბოლო შანსი მისცენ". ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ მხრივ არჩევნები გადამწყვეტი იქნება.

მანამდე, 24 ივნისის სამიტის ბოლოს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა შესაძლო სცენარებზე.

რას უნდა ველოდოთ 27-28 ივნისის ევროკავშირის სამიტისგან

„რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, მაგრამ არის შემდეგი ჩანაწერი:

„ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტონ თავიანთი განზრახვები, შეცვალონ მოქმედების მიმდინარე კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას, და დე ფაქტო გაწევრიანების პროცესის შეჩერებისკენ მივყავართ",- წერს იოზვიაკი.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე საქართველოს საკითხი მოკლედ განიხილონ.

„შესაძლოა, საქართველოს საკითხი დღეს მოკლედ განვიხილოთ, მაგრამ მე ვღელავ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მე ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ჩვენ ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი ახლა თქვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა მარკ რუტემ.

„დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ფეხბურთით ჩვენ ამაყად ვდგავართ ევროპაში. ამიტომ, ეს არის ყველაფერზე პასუხი", - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომ ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, თუმცა კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაკეთდეს.მდინარაძის თქმით, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი.

„რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი. კულტურული, მენტალური, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის ნაწილი და ამ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებში და ჭეშმარიტად სამართლიანობისკენ სიარულში, ბრძოლაში, ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს ამის წინააღმდეგ. ასეთი გამოხტომები უშლის ამ ყველაფერს ხელს"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შესაძლო სცენარებზე ისაუბრა, იმ შემთხვევაში თუკი „ხელისუფლება განაგრძობს იმავე გზას".

„დოკუმენტს წარვუდგენ მინისტრებს, სადაც განვმარტავ სხვადასხვა საკითხს, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა ეს არ გაგრძელდეს საქართველოში. დღეს გადაწყვეტილებები არ იქნება, რადგან დღეს საორიენტაციო დებატებია. როგორც ვთქვი, მაგიდაზე დავდე სრული ანალიზი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ამას მინისტრები განიხილავენ. ასე რომ, დღეს ნუ ელოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის დებატები, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ზომების მიღება.

„მაგალითად, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა ან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ფინანსური მხარდაჭერის გარკვეული ნაწილის შეწყვეტის განხილვა, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ არ გვინდა, მეტი ტკივილი მივაყენოთ ხალხს, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, როგორი იყო მინისტრების რეაქცია ჩემს წინადადებებზე",- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რატომ იკავებს მწვავე ზომებისგან თავს ევროკავშირი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, 27-28 ივნისის სამიტზე, 24 ივნისის მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი იქნება გათვალისწინებული, სადაც არაფერ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი არაა. მისი თქმით, ალბათ მიღებული იქნება აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება.

„24 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საქართველოს მიმართ რაიმე სანქციების დაწესებაზე, აბსოლუტურად არაფერი არ იყო ნათქვამი. ოფიციალური დოკუმენტი ვნახე და უბრალოდ მკაფიო ჩანაწერი იყო გაკეთებული, რომ საქართველოს მიმართ მონიტორინგი გაგრძელდებოდა და საჭიროების შემთხვევაში, ზომები იქნებოდა მიღებული.

„არაფერი კონკრეტული - არც უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე და არც სხვა რამეზე ნათქვამი არ იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის სამიტზე და იქაც ალბათ მიღებული იქნება რაღაც ისეთი აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება - არც ისე გააკეთონ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაამწვავონ, მაგრამ მეორე მხრივ, გაფრთხილება გაუგზავნონ ხელისუფლებას - ბოლო შანსი მისცენ, რომ შეცვალოს თავის პოლიტიკა და ის, რაც ევროკავშირში მიუღებლად ითვლება და რაც მათ არ მოსწონთ - მე მათგან ასეთ გამოსავალს ველოდები.

„ახლა ევროკავშირიც და აშშ-ც მთლიანად არჩევნებზეა კონცენტრირებული - ნახეს, რომ ორთვიანი აქციების შედეგად, ხელისუფლება ვერ შეარყიეს. საქართველოში ისეთი პროცესები ვერ გამოიწვიეს, რაც შემდეგ გამოიწვევდა რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას. მათ განცხადებებზე დაყრდნობით მაქვს განცდა, რომ გადაწყვიტეს ყველაფერი მიმართონ არჩევნებზე.

„თუნდაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რომ ავიღოთ, სადაც საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონზე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, თითქოს ნიადაგს ამზადებენ იმისათვის, რომ თუ დავუშვათ არჩევნებზე მათთვის სასურველი შედეგი არ დაიდო, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ.

„ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია - ეს ყველაფერი წვეთ-წვეთობით გროვდება და გამოყენებული იქნება იმ დასკვნაში, რომელიც დამკვირვებლების მიერ არჩევნებზე დაიდება, თუ მათ ვერ დაინახეს ის შედეგი, რაც სურთ. თუმცაღა, ერთია მათი სურვილი - მიიღონ ის შედეგი, რაც უნდათ, მაგრამ მეორეა საქართველოს ამომრჩევლის ნება-სურვილი.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აძლევდეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ხმას და დასავლეთმა ეს არ აღიაროს, აქ უკვე პოლიტიკური კოლიზია წარმოიქმნება. ამიტომაც ახლა „ქართული ოცნების" წინაშე რა მთავარი ამოცანაც დგას, ესაა - უზრინველყოფა იმისა, რომ არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ არავის რაიმე სერიოზული მოსადავებელი არ ჰქონდეს, ჩამოიყვანონ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი, ადგილობრივ ორგანიზაციებს მისცეს დაკვირვების საშუალება და ა.შ.

„რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ამას დაახლოებით ოქტომბერში ვნახავთ, როცა საბოლოო ანგარიში გაკეთდება - გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე. ჩემი აზრით, ამას ძალიან სერიოზული ზეგავლენა ექნება ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილზე, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებზეც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ არანაირად არ უნდა დააზიანოს მისი პროევროპული ორიენტაცია",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი დიდი ალბათობით არჩევნებს ელოდება, მანამდე კი „ოცნებას" აძლევს საშუალებას გამოასწოროს არჩეული კურსი.

„ჩემი აზრით, ევროკავშირი არჩევნებს ელოდება. ზომების გატარებას დაიწყებს თუ ამის საჭიროება შეიქმნა არჩევნების შემდეგ, თუ ისევ „ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში. ახლა თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს, თუ მაგალითად, უვოზო მიმოსვლა აკრძალეს - ყველა დაზარალდება.

„თუ არჩევნებამდე სანქციებზე წავლენ, მგონია, რომ ეს პირველ რიგში კონკრეტულ პერსონებზე - „ქართული ოცნების" წევრებზე და მასთან დაახლოებულ პირებზე იქნება სავიზო შეზღუდვები.

„ევროკავშირი პირდაპირ რა თქმა უნდა ვერ იტყვის, მაგრამ არჩევნებს ელოდება და თუ მოსახლეობა ისევ „ქართულ ოცნებას" აირჩევს, გამოდის, რომ თვითონ ქართული საზოგადოება არ არის დემოკრატიისთვის მზად. აქედან გამომდინარე, გარკვეულ მკაცრი ზომები არჩევნების მერე უფროა მოსალოდნელი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×