რეზონანსი
20.06.2024

ყველა გაგვახარა ფეხბურთელების ღირსეულმა დებიუტმა ევროპის ჩემპიონატზე. დორტმუნდში აშკარად არ გაგვიმართა, მაგრამ ხვალინდელი მატჩის წინ მაინც ოპიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა ჩეხებთან გამარჯვების, მით უმეტეს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებს არ ექნებათ საგრძობი უპირატესობა. 

ამჯერად, ევრო 2024-თან დაკავშირებულ, მაგრამ, შეიძლება იქვას, პოლიტიკურ საკითხზე მსურს გავამახილო ყურადღება... ფაქტია, რომ ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აშკარად ნაუცბათევად დადგენილი სახელმწიფო და არასახელმწიფო სიმბოლოებით ასპარეზობს... 

ფაქტია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თვლის, რომ „ხუთჯვრიანი დროშა არაქართული და უკანონოა!“, კათოლიკე ბერების მიერ შუა საუკუნეებში შედგენილ საზღვაო რუკებზე ათამდე ქვეყანაშია კათოლიკური მისიების ადგილსამყოფელი ხუთჯვრიანი სიმბოლოებით მონიშნული, თან სომხურ ტაძრებზე ჩვენზე ადრეა დატანილი, ხოლო ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო დროშა შინდისფერი იყო და მასზე ერთი ოქროსფერი ჯვარი იყო გამოსახული, დღევანდელი სახელმწიფო დროშა კი, ფაქტობრივად, პარტიულია. ამასთან, აკადემიკოსების დასკვნის გარდა, არსებობს თსუ-ის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ თედო დუნდუას ნაშრომი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ იერუსალიმის ხუთჯვრიანი სიმბოლო კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელია და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა“. 

ისიც ფაქტია, რომ პირველ მატჩში ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მაისურებზე, სახელმწიფო გერბის ნაცვლად, სავარაუდოდ წმინდა გიორგი იყო გამოსახული და ისიც, რატომღაც შავი ფერის და მარცხნივ იყო მიმართული, რითაც ხატების აბსოლუტურ უმრავლესობაზე გამოსახული ბოროტებაზე გამარჯვებულის აღმნიშვნელი სიმბოლო დამარცხებულის სიმბოლოდ ტრანსფორმირდა... (წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის 20-ზე მეტი ხატია და ყველა მარჯვნივ არის მიმართული. იმავე ორიენტაციის არის მხედარი თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზეც). გარდა ამისა, თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე არის გამოფენილი მარცხნივ მიმართული „შავი გიორგის“ დროშები, რომელზეც მხედარს შუბი სრულიად არაბუნებრივად უჭირავს და, რატომღაც, „მე ვარ საქართველო“ აწერია...

თურქეთთან პაექრობის დაწყებამდე სტადიონზე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა, რომელიც ფეხბურთლებმაც და გულშემატკივრებმაც ჩვეული შემართებით და ომახიანად შეასრულეს. იმედი მაქვს, ტექსტის თარგმნით უცხოელები თავს არ შეიწუხებენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა ხომ უნდა ვიკითხოთ, გერმანიის ქალაქებში რატომ ვუმღერით ევროპაში ცუდი რეპუტაციით ცნობილ „ცისკრის ვარსკვლავს“ („ლუციფერს“), რომელიც რატომღაც დღესაც „ორ ზღვას შუა ბრწყინდება“ (არადა, კონტიტუციით საქართველოს ტერიტორია მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებული საზღვრებში არის განსაზღვრული...),

ფაქტია, 50-მდე ცნობილი მეცნიერის რედაქტორობით 50 წლის წინ გამოცემულ ქართულ ენციკლოპედიაში (მთავარი რედაქტორი ირაკლი აბაშიძე, მოადგილე როინ მეტრეველი) უშუალოდ „ცისკრის ვარსკვლავი“ არ იძებნება, მაგრამ პლანეტა „ვენერას“ თაობაზეა აღნიშნული, რომ ძველად ბერძნები მას „ლუციფერად“ („დილის ვარსკვლავი“), ხოლო ქართველები „ცისკრის ვარსკვლავად“ მოიხსენიებდნენ (ტომი IV, გვ. 354). ამასთან, ამავე ენციკლოპედიაში „ლუციფერიც“ საგანგებოდ არის შეტანილი და ხაზგასმულია, რომ პლანეტა „ვენერას“ ძველმა სახელმა „ლუციფერმა“ მოგვიანებით დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და ბოროტების სინონიმად იქცა, ხოლო შუა საუკუნებიდან „სატანის“ (ეშმაკის) ერთ-ერთი სახელია... (ტომი VI, გვ. 318). 

თუ ქართულენოვან ინტერნეტშიც მოვიძიებთ ინფორმაციას. აღმოვაჩენთ, რომ „ცისკრის ვარსკვლავი“ რომაელი ქალღმერთის სახელობის პლანეტა „ვენერას“ („ლუციფერი“) ძველქართული დასახელებაა, ხოლო ლუციფერს, დღესაც განდგომილ (ცოდვილ) ანგელოზს, სატანას უწოდებენ, რაც თურმე ბიბლიის ტექსტიდან (ისაია, 14:3-20) მომდინარეობს, რომელშიც „ცისკრის ვარსკვლავი“ (ლათ. „Lucifer“) ზეციდან ჩამოგდებულად (განდეგილად, ცოდვილად) მოიხსენიება... ამასთან, „ვენერადან“ ნაწარმოები ზედსართავი სახელის („ვენერიული’) გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო... 

ამდენად, ვთვლი, რომ სახელმწიფო სიმბოლოებთან მიმართებით შექმნილი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული ვითარების (ფაქტობრივად, აბსურდულის...) სამართლებრივ ფარგლებში მოსაქცევად, პარლამენტმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს, ხოლო ამის თაობაზე რჩევა (წინადადება, მითითება, რეკომენდაცია) ქართველი მეცნიერებისგან უნდა მიიღოს. 

ცხადია, ახალგაზრდებს (ვერც ზრდასრულ პოლიტიკოსებს...) ვერავინ დაუშლით ხუთჯვრიანი („ნაცმოძრაობის“...) დროშების გამოყენებას, მაგრამ სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ იქნება გონივრული ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება (თუნდაც, მხოლოდ ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობის თაობაზე დისკუსიის დაწყება...), რაც, ხელს შეუწყობდა, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოების „დეპოლარიზაციასაც“. მით უმეტეს, ახლახან მესამე პრეზიდენტმა, არა მარტო დროშისა და გერბის, არამედ უკვე ახალი სახელმწიფო ჰიმნის იდეის, მელოდიისა და ტექსტის ავტორობაზეც გამოთქვა პრეტენზია... (გაზეთი „რეზონანსი“, 17.05.2024). გამოდის, რომ დამოუკიდებლობააღდეგენილი საქართველოს ფეხბურთელები ევროპულ ტურნირში სააკაშვილის მიერ, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად დადგენილი სიმბოლოებით მონაწილეობენ, რომელთა შინაარსის ახსნა არც მოქალაქეების და არც პოლიტიკოსების უმრავლესობას არ შეუძლია. აბა, თურქეთში ან ოსიხმენის ნიგერიაში ბავშვს ჰკითხეთ რას აღნიშნავს მისი ქვეყნის უპირველესი სახელმწიფო სიმბოლო? დარმწუნებული იყავით, უმალ გიპასუხებთ. 

როგორც მახსოვს, 2012 წელს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს „ნაციონალური მოძრაობის“ („მიშას“) დროშის შეცვლასაც დაჰპირდა. ამდენად, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სიმბოლოებთან მიმართებით მაინც აღდგება სამართლიანობა. მით უმეტეს, რომ პირადობის მოწმობებთან მიმართებით ეს პროცესი დაწყებულია (ხუთი ჯვარი არ არის გამოსახული, ხოლო გერბი იმდენად მცირე ზომისაა, წმინდა გიორგის ორიენტაციის გარკვევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია). 

ამასთან, ფაქტია, რომ არც ქართველი ფეხბურთელების მაისურებზეა გამოსახული ხუთჯვრიანი სახელმნიფო დროშა, რაც მისასალმებელია, თუმცა გონივრული იქნებოდა საქართველოსთან ასოცირებული სიმბოლოს შესარჩევად ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს სპეცილისტებთან გაეარათ კონსულტაცია. 

ვთვლი, რომ ძირითადად, საკანონმდებლო ორგანოს ბრალია, რომ არაგონივრულად (ფაქტობრივად, მავანის „ხუშტურით“ ) შერჩეული სახელმწიფო დროშის გამო, პირველივე მატჩში, თურქების „ისტორიული მტრებს“ („ჯვაროსნების“) სიმბოლიკით ვიყავით წარმოდგენილები, რამაც ჩვენი „ისტორიული მეგობრების“ მხრიდან გამოიწვია აგრესია... 

ცხადია, არ მინდა დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსები და მეცნიერები კომუნისტებივით იქცეოდნენ და სახელმწიფო დროშის წარმომავლობის თაობაზე, თუნდაც უნებლიედ, წლების განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს. იმის იმედიც მაქვს, მომავალში საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეებმა (მათ შორის, არაქართველებმა...), უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო დროშის წარმომავლობა და შინაარსი უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაინც გავერთიანდეთ. 

მართალია, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ მოეწრო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ღია კონკურსის ჩატარების გზით შერჩეული ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც გახდება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები... ამასთან, იმედი მაქვს, სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დადგენილი ახალი სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც თავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია. 

ავთნდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×