თამთა ჩაჩანიძე
01.07.2024

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ინტერესი ძლიერდება - ვაშინგტონის 9-11 ივლისის სამიტზე პარტნიორობის ფორმატში საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეა მიწვეული. თბილისისა და ერევნის საგარეო უწყებებმა დაადასტურეს, რომ სამიტს დაესწრებიან, ჯერჯერობით უცნობია რა გეგმა აქვს ბაქოს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ალიანსის მხრიდან ინტერესის ზრდა ნამდვილად არის, შავი და კასპიის ზღვები კი დასავლეთის ინტერესების განსაკუთრებული ზონებია და ქვეყნების მიწვევაც ამას უკავშირდება. მათი შეფასებით, ნატო-ს პარტნიორთა სიაში საქართველოს ყოფნა და ქვეყნის მიწვევა არახალია, რადგან ფაქტიურად გაწევრიანების კანდიდატია. ამ მხრივ ახალია აზერბაიჯანისა და სომხეთის საკითხი და ალიანსი ცდილობს, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ სასწორზე მათავსოს, აგრძნობინოს, რომ მიუხედავად მათი უთანხმოებისა, ორივე ნატო-ს პარტნიორია.

ანალიტიკოსთან შეფასებით, ეს მიპატიჟება რუსეთისთვის გამაღიზიანებელია, ამ სამი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება კი „წითელი ნაჭერი".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსი 75-ე საიუბილეო სამიტს ახალი გენმდივნით ხვდება, ალიანსის ელჩებმა ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე 26 ივნისს, ბრიუსელში, 32 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს. ის მოვალეობის შესრულებას ოქტომბრიდან შეუდგება, მას მერე, რაც იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურება.

ნატო-ს მოწვევა

საქართველო ივლისს მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში. ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად, ვაშინგტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი.

სტორიაში პირველად ნატო-ს სამიტს სომხეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი სამიტში მონაწილეობას ალიანსის პარტნიორობის ფორმატში მიიღებს.

"სომხეთმა მიიღო მოწვევა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე პარტნიორობის ფორმატში მონაწილეობისთვის და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებზეც, რაც ნატო-ს 75 წლისთავს უკავშირდება. სომხეთმა მიიღო ეს მოწვევა." - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ატარებს, რომელშიც ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ვაშინგტონი მზადაა, უზრუნველყოს აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

„ვიმედოვნებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რაც შეიძლება მალე იპოვიან შეხვედრის შესაძლებლობას. ეს თუ ვაშინგტონში მოხდება, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი და შევასრულოთ ის როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია. არის კომუნიკაციის ბევრი არხი და ორივე მხარე ინარჩუნებს ძალიან ეფექტიან პირდაპირ კომუნიკაციას. ჩვენ ამ პროცესში როგორც მეგობრები, ისე ვმონაწილეობთ", - განაცხადა ობრაიენმა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში შორის მყარი მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.

„30-ზე მეტი წლის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ შემდეგ ის საზოგადოებებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზრდება. ვფიქრობ, რომ საზღვრის დემარკაციის შესახებ ცოტა ხნის წინანდელი შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო", - განაცხადა მან.

აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.

„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მედიიდან გავიგეთ. ასე რომ, ეს არ არის შეთანხმებული ძალისხმევა. სომხეთი ცდილობს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, ვფიქრობ, პარტნიორად რომელიც დამოკიდებული არ არის რუსეთზე, რადგან რუსეთის დახმარება ხშირად ხდება გარკვეული პირობებით და გავლენით, რაც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე", - განაცხადა ობრაიენმა.

ნატო-ს მზარდი ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შავი და კასპიის ზღვები დასავლეთის ინტერესების განსაკუთრებული ზონებია და ქვეყნების დაპატიჟებაც ამას უკავშირდება. მისი თქმით, ნატო-ს პარტნიორთა სიაში საქართველოს ყოფნა და მისი მიწვევა არახალია. ამ მხრივ ახალია აზერბაიჯანისა და სომხეთის საკითხი და ალიანსი ცდილობს, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ სასწორზე მათავსოს, აგრძნობინოს, რომ მიუხედავად მათი უთანხმოებისა, ორივე ნატო-ს პარტნიორია. ექსპერტი ამბობს, რომ ეს მიპატიჟება რუსეთისთვის გამაღიზიანებელია, ამ სამი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება კი „წითელი ნაჭერია".

„ალიანსს ერთი სული აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო მყარად მოიკიდოს ფეხი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა შავი ზღვის კონტროლია. გავიხსენოთ ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზა რუმინეთში შენდება, ზუსტად იმ მოცემულობიდან გამომდინარე, ალიანსისთვის შავი ზღვის კონტროლი აუცილებელია. სხვათა შორის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაც ნატოს ინტერესების განსაკუთრებულ შევიწროვებას გულისხმობდა.

„ზოგადად დასავლეთისთვის და კერძოდ ნატო-სთვის ცენტრალური აზიაც საინტერესოა. ევროპული ქვეყნების აქტიურობა ცენტრალურ აზიაში ამას გულისხმობს. ეს უკვე ჩინეთის საწინააღმდეგო აქტიურობაა. შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონები დასავლეთის ინტერესების განსაკუთრებული საგანია, აქედან გამომდინარეა, ნატო-ს სამიტზე ამ სამი ქვეყნის მიპატიჟება.

„რუსეთისთვის ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება ეს წითელი ნაჭერია. მიპატიჟება კი გამაღიზიანებელი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანდებიან. ასეთ ღონიზძიებაზე რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები არაერთხელ ყოფილან, მით უმეტეს საქართველო. ერთი შეხედვით ეს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თუ დასავლეთის შორს მიმავალ გეგმებს გავითვალისწინებთ, მაშინ გასაგებია რატომაა ასეთი მაღალი ხარისხის მოთხოვნა და ინტერესი ამ სამი ქვეყნის მიმართ.

„სომხეთსა და აზერბაიჯანის მხრივ აქ ახალი საკითხია ის, რომ ორივე ქვეყნის მოთავსება ერთ სასწორზე უნდათ, აგრძნობინონ, რომ თქვენ ორივე ჩვენი პარტნიორი ხართ, მიუხედავად თვქვენს შორის არსებული უთანხმიებისა. ამ ბოლო დროს სომხეთთან მიმართებაში კოლექტიური დასავლეთი ისედაც ძალიან აქტიურია და კერძოდ, საფრანგეთი, რამაც გამოიწვია კიდეც აზერბაიჯანულ-ფრანგული ურთოერთობების ძალიან გაციება.

„განცხადებები გაკეთდება თუ გარკვეული დეკლარაცია შეიქმნება აზერბაიჯანსა და სომხეთის ერთიან მიდგომასთან დაკავშირებით, ამის თქმა ამ წუთში გამიჭირდება, მაგრამ თავისთავად მოპატიჟება უკვე ნიშნავს იმას, რომ ინტერესი თანაბარია და ამ რეგიონში ჩვენი ინტერესის გაძლიერება და გაგრძელდება",- განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოს ინტერესი გაზრდილია შავი და კასპიის ზღვის რეგიონებისადმი.

„ამ დამიკიდებულებაში რაიმე სიახლე არა მგონია რომ იყოს, ასეთი დამოკიდებულება იყო რამოდენიმე წლის წინაც. სამივე ქვეყანა პარტნიორია, ისინი მონაწილეობენ მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამაში და ევროატლანტიკური საბჭოს დამფუძნებლები არიან. ნატო-ს ინტერესი ამ რეგიონში განპირობებულია დასავლეთის ინტერესით, საერთოდ შავი და კასპიის ზღვის რეგიონისადმი. ესაა ძირითადად ენერგეტიკული საკითხები და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებისას, რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად, უკრაინამ ყველაზე ეფექტური ნაბიჯები შავი ზღვის აკვატორიისკენ გადადგა.

„უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დროს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შავი ზღვის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის მნიშვნელობას და აქედან გამომდინარე,მის მიმართ დასავლეთის ინტერესიც გაზრდილია.

„რა თქმა უნდა, რუსეთი ამით ბედნიერი არაა, ეს მის გაღიზიანებას იწვევს, ეს არაერთხელ უთქვამთ კიდეც, შესაბამისად შავი ზღვის რეგიონისა და კერძოდ ნატო-ს და ევროპის სამხრეთ კავკასიით დაინტერესება, ესაა ის პრობლემა, რომელიც რუსეთს სერიოზულად აღიზიანებს, ამიტომ ამ თემას სერიოზული ყურადღება სჭირდება",-განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი ღერძი შავი ზღვის უსაფრთხოებაა. მისი თქმით, საქართველოს საკითხს უფრო შინაარსობროვად განიხილავენ, როგორც გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის და შესაძლოა გარკვეული შენიშვნებიც წამოვიდეს.

„ნატო-ს ლიდერშიპი შეეცვალა და ალიანსის ახალ გენმდივანს მარკ რუტეს სამიტზე ფაქტიურად დაამტკიცებენ. მას როგორი ხედვები აქვს ჯერჯერობით არ ვიცი. სომხეთსა და აზერბაიჯანის მისამართით მოწევევა იყო, როგორც პარტნიორი ქვეყნები, საქართველო კი არის ფაქტიურად გაწევრიანების მთავარი კანდიდატი. სომხეთზე აქცენტი იმიტომ გაკეთდა, რომ ერევანმა ახლა დაიწყო თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება და ალბათ ეს იქნება ერთგვარი ტესტური ვარიანტი.

„საქართველომ და სომხეთმა თანხმობა განაცხადეს, აზერბაიჯანი კი შესაძლოა არც დაესწროს სამიტს, ის ალიანსის მიმართ რაიმე ინტერესს არ ავლენს, რადგან ბაქომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ისედაც მის გარეშე მიაგვარა. სამხედრო პოტენციალიც კარგად აქვს აწყობილი, მას სულ სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები აქვს შექმნილი, რომელიც მას სავსებით საკმარისად მიაჩნია საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების მიზნით - ესაა თურქეთი-აზერბაიჯანი-პაკისტანის ალიანსი.

„ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი მომენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაა და ამას გაესმება ხაზი და ქვეყების მიწვევაც ამას უკავშირდება. როგორც ჩანს, დეკლარაციაში ამ ფაქტორს დააფიქსირებენ. სხვათა შორის, ნატო-მ 1999 წელს შექმნა სამხრეთ კავკასიური სპეციალური ჯგუფი, სადაც საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ჰქონდა სპეციალური ურთიერთობები ნატო-ს სტრუქტურებთან. მერე ეს ჯგუფი დაიშალა და როგორც ჩანს, ნატო ამ ფორმატის აღდგენას ისევ აპირებს.

„საქართველოს საკითხს რა თქმა უნდა განიხილავენ და მგონია, რომ კრიტიკული შენიშნვნები წამოვა ნატო ევროკავშირს ვალში არ დარჩება და თავის პოზიციას გამოხატავს. შესაძლოა საკითხი დააყენონ ისე, რომ ალიანსსა და საქართველოს ურთიერთიბების შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება რუსული კანონისა და სხვა კანონთა პაკეტების გაწვევა-არგაწვევაზე, რომლებიც საქართველოში დასავლურ ღირებულებებს ლახავს, იგივე ოფშორული ზონისა და ლგბტ კანონები, ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები.

„და მეორე ვარიანტია, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობა, როცა ნატო-ს წინა სტრატეგიულ კონცეფციაში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი სმხედრო მოწინააღმდეგეა და ჩინეთი გამოწვევა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×