თამთა ჩაჩანიძე
15.05.2024

პერმანენტული აქციებისა და ქვეყანაში მიმდინარე ცხელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, პროდასავლური გაერთიანების ფორმირების კონტურები იკვეთება - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმი იქნება და აპირებს წინ წაუძღვეს „პროევროპულ ფრონტს, არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ იქნება „პროდასავლური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი".

პრეზიდენტის წინადადებაზე პოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გამოხატა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული პარტიებისთვის ერთიანი „პროევროპული ფრონტის" იდეა მიუღებელი აღმოჩნდეს, თუმცა, არჩევნებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და ოპოზიციურ გადაჯგუფებებს დიდწილად განაპირობებს ის გარემოება, რა პოლიტიკური ვითარებაც იქნება უშუალოდ არჩევნების წინ.

„მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან" საუბარში განაცხადა.

რა თქვა ზურაბიშვილმა და ვინ მიიღო მისი წინადადება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა, მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი.

"ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ.

„ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები.

„ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ ერთიან პლატფორმას და ყველა იმ ადამიანის [პლატფორმას], რომელსაც უნდა, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს, მათ შორის შეიძლება გახსნილი იყოს ახალი ადამიანებისთვის და დიახ, მე მხარს ვუჭერ ერთიან სიას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის ამ პროცესში, პრეზიდენტის როლს პოზიტიურად ხედავს.

„სალომე ზურაბიშვილის როლს ვხედავ პოზიტიურად და ორი კვირის წინ მეც მივმართე მას, რომ საკუთარ თავზე აეღო მაკოორდინირებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტი არა. მთავარი, რაც მინდა იცოდეთ, „ქართული ოცნება" აბსოლუტურად კანონგარეშეა. დღეს, საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არის არალეგიტიმური იმიტომ, რომ მან მიიღო კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი და ის, ფაქტობრივად, ურთიერთობებს წყვეტს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და არ უსმენს ხალხს, რომელიც ქუჩაშია. შესაბამისად, ის არალეგიტიმურია," - განაცხადა ვაშაძემ.

იწყება თუ არა პროდასავლური გაერთიანების ფორმირება

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან პროდასავლური ფრონტის იდეა მოცემულ მომენტში სწორია და მისი თქმით, ისიც სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.

„პრეზიდენტს ვუწონებ, რომ ის გადადგომას არ აპირებს. მისი უნიკალური როლი, როგორც პრეზიდენტის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გადადგეს და ჩაუდგეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან პარტიათა გაერთიანებას. ყველა ხედავს, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მთავრობის პოზიციას ეწინააღმდეგება. მისი პოზიცია თითქმის იგივე ძალისაა, რაც არის ამდენი ხალხის ქუჩაში გამოსვლა.

„ხალხი თავის ნებით გამოდის და ამ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასევე ამ ხალხის მახრესაა, ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტშიც რომ ცემა-ტყეპაა და უმრავლესობა რომ სცემს უმცირესობას და აგრესორია, ეს სურათი ძალიან მნიშვნელოვანია. „ოცნება" სუსტია, ეშინია და ამიტომ ძალის გამოყენების გარდა სხვა გზა არ დარჩენია.

„საქართველო მკაფიოდ და ცალსახად ევროპას, ნატოს და დასავლურ ღირებულებებს ირჩევს და მხოლოდ ერთი პარტიაა მხოლოდ რუსეთის მიმართულების მომხრე ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ პრეზიდენტი სადაც არის, ძალიან კარგია და ბოლომდე უნდა იყოს, მისი ხმა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. მან მოგზაურობა უნდა დაიწყოს, მიუხედავად მთავრობის თანხმობა-ართანხმობისა. სიმბოლურიც კი იქნება, რომ საზოგადებამ ფული შეუგროვოს და ისე გაუშვას ხოლმე, თუ თავად საშუალება არ ექნება.

„რაც შეეხება ფრონტს - დღეს ყველამ ჩამოაყალიბა მიმართულება, მაგალითად ულტრამემარჯვენე მიმართულებაა - „ოცნება", "ხალხის ძალა", „ალტ-ინფო". ჩადიან უნგრეთში ორბანს ეახლებიან და რატომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი სათავეში ჩაუდგეს პროევროპულ დემოკრატიულ ფრთას? ძალიან სწორი ნაბიჯია და თუ ვინმე იმის თქმას გაუბედავს, რომ მან პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, მაშინვე არგუმენტი უნდა ჩასჩაროს, რომ შენ რა გააკეთე? წესდებაში გიწერია, რომ მემარცხენე ცენტრისტი ხარ და ულტრამემარჯვენე პოლიტიკას აჟღერებ, ეს რა არის?"- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

კუთხვაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს პროდასავლური პარტიების ფრონტზე, თუ ის მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ზაქარეიშვილმა გვითხრა: „მან ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიული პროდასავლური ძალების ორგანიზებას. კონსტიტუციით ის სახელმწიფოს პირველი პირია, მან უნდა თქვას, რომ მე ვერაფერი ვერ დამაკლო „ოცნების" იმპიჩმენტმაც კი, ჩემი ძალა კი ხალხშია და ჩვენ უნდა მივდიოდეთ ევროპული ღირებულებებისკენ. უნდა ისაუბროს რეგიონებზე და რა მოხდება მას შემდეგ, რაც ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს, რომ იქ მეტი უფლებები იქნება და მეტი ფული რეგიონებში.

„პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი რა არის ევროპა და ამომრჩეველმა რას უნდა მისცეს ხმა. რაღაც მომენტში თავის გარშემო იმ პოლიტიკური ძალების შეკრება უნდა დაიწყოს, რომლებიც მკაფიოდ გამოხატული პროდასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ემხრობიან. ახლა პარტიების მთავარი ამოცანაა როგორმე ჩამოაყალიბონ რა არის ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები. მარტო ევროპის თქმა საკმარისი არაა. უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ანტირუსული განწყობა პროევროპულ განწყობას სულაც არ ნიშნავს, ანტიავტორიტარიზმი ავტომატურად დემოკრატიას არ ნიშნავს.

„მაგალითად, ლოზუნგში - „არა რუსულ კანონს და კი ევროპას", მე პირადად წინ დავაყენებდი „კი ევროპას და არა რუსულ კანონს". პირველი ნაწილი დადებითი უნდა იყოს, როცა ფრაზა არა-თი იწყება, უკვე უარყოფითი კონტექტში შემოგყავს და სჯობს დადებითით დაიწყო, რაც თავისთავად მეორეს უარყოფაა. პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს, რომ „კი ევროპა", ჩვენთვის ევროპული ღირებულებებია მთავარი.

„ამ წუთში პრეზიდენტს უნიკალური შანსი აქვს, რომ ახალ თაობას რომელსაც არ ჰყავთ ავტორიტეტები, უთხრას, რომ მოდით დავიწყოთ მუშაობა სამოქალაქო ღირებულებებზე, რადგან „ოცნებამ" სამოქალაქო საზოგადოებას დაარტყა და ვიმუშაოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. თუ ჩვენში დემოკრატიული ღირებულებები გაიდგამს ფესვებს, აქ ვერანაირი რუსეთი ვერ გაძლებს. როცა გაზაფხული დგება, თოვლი თავისით დნება, აღარაა საჭირო თოვლის გადნობისთვის რაღაც განსაკუთრებული ღონისძებების განხორციელება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ინიციატივა წამოაყენა, თუმცა, მთავარია ახლა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს რა პოზიცია ექნებათ.

„ეს ზურაბიშვილის ინიციატივაა და როცა ერთიანი პროდასავლური ფრონტი შეიქმნება, რომელიც დაუკავშირდება თუნდაც საერთო სიების ფორმირებას, იქ ალბათ გადაწყდება ყველაფერი თუ რა და როგორ იქნება, შეიძლება რამდენიმე ლიდერიც ჰყავდეთ. აქვე საყურადღებოა ისიც თუ რამდენად მისაღები იქნება გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის ამ ტიპის გაერთიანება.

„თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანხმობა იქნება, პრეზიდენტი შესაძლოა საერთო კოორდინატორი იყოს. ის მოქმედი პრეზიდენტია, ალბათ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ოღონდ რადგან მას აჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, კანდიდატურას არ წარადგენს, მაშინ თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პარტიისთვის პრეზიდენტის ინიციატივა მიუღებელი იყოს. მაგრამ, არსებობს იმის ალბათობა, რაღაც საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას, სადაც პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების ლიდერები შევლენ. ასე მგონია, რომ საბოლოო ჯამში რაღაც საერთო თანხმობა იქნება, მიუხედავად გარკვეული უთანხმოებისა, პირად წყენებს გვერდზე გადადებენ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რაღაც დისკუსია მიდის, რომ ერთიანი სიები შედგეს, მაგრამ ეს რომ შეიქმნას, ჯერ ყველა პარტიამ თანხმობა უნდა განაცხადოს. ერთ-ერთი ვარიანტი ლოტოტრონის პრინციპი განიხილება სიაში ვინ იქნება პირველი, ვინ მეორე. ამ საერთო სიაში გახარიას პარტია ნაკლებად წარმოსადგენია, ალბათ ცალკე სიით წარსდგება, მათ ის ნიშა აქვთ აღებული, რომ არც „ოცნება" და არც „ნაცმოძრაობა".

„გახარიას პარტია ალბათ ერთიან ფრონტშიც არ შევა, მაგრამ ის, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ერთობას საჭიროებს, გამორიცხული არაფერია. უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი საბოლოოდ საერთო სიები შედგება თუ არა, ან გახარია და სხვა პარტიები ერთიანი ფრონტით მოინდომებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×