თორნიკე კაპანაძე: "ჩვენი მიზანია, ფერმერებს გაუმარტივდეს სამეურნეო საქმიანობა და საბოლოო ჯამში მეტი შემოსავალი უნდა მიიღონ"
ქეთო გოგოხია
21.06.2024

მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანდაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა. 

მიზნობრივ  პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია  სოფლის განვითარების სააგენტო  ახორციელებს.  

პროგრამა რეგიონის საჭიროებებზეა მორგებული და მიზნად ისახავს  მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას, რაც თავის მხრივ, მცირე ფერმერების შრომას გაადვილებს და  მოსავლიანობას გაზრდის.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე განმარტავს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელ პირებს  მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესაძენად სთავაზობს თანადაფინანსებას, რომლის ოდენობა  70%-ს შეადგენს.  თანხა განისაზღვრება ტექნიკის  ღირებულების და სიმძლავრეების მიხედვით,  სახელმწიფოს თანადაფინანსება აღნიშნული ტექნიკის შესყიდვისთვის 1200 ლარიდან 2500 ლარამდეა.  

თორნიკე კაპანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სააგენტოში „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“    პროგრამაში მიღებულია 5000-ზე მეტი  განაცხადი,  1200 -ზე მეტ განაცხადზე უკვე დადებითი პასუხები ეცნობა განმცხადებელს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს განაცხადების განხილვა. აღსანიშნავია, რომ  განაცხადები, რომლებსაც უდგინდება ხარვეზი, გამოსასწორებლად დამატებითი ვადა ეძლევათ.  

,,მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერებისთვის ასეთი ტიპის ტექნიკით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მთაგორიან რელიეფზე, სადაც რთულია უფრო მძლავრი ტექნიკის გამოყენება, შედარებით  მსუბუქი ტექნიკის საშუალებით ისინი შეძლებენ დაამუშაონ თავიანთი მიწის ნაკვეთები და  შესაბამისი მოსავალი მიიღონ.  მიღებული შედეგი შთამბეჭდავია, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც პროგრამა მიმდინარეობს, მოსახლეობის მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობაა. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განაცხადების მიღებისას,  პროცედურული ნაწილი იყო მარტივი,  მოქალაქეებს შეეძლოთ განაცხადის შევსება მარტივად, რისთვისაც დოკუმენტაციის ნაწილი მაქსიმალურად შეიკვეცა და ფაქტობრივად, არავის შეჰქმნია პრობლემა. ამ ეტაპზე განაცხადების დამუშავება მიმდინარეობს, ყველა იმ ბენეფიციარმა, რომელმაც განაცხადი წარმოადგინა და  ტექნიკური მიზეზით  ან დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზით შეიძლება ჩვენ უარი ვუთხრათ, ხარვეზის  გამოსწორების შესაძლებლობასაც ვაძლევთ.", - განუცხადა თორნიკე კაპანაძემ ,,რეზონანსს".

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, სააგენტოს მიზანია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა ტიპის  მექანიზმების შექმნა, რომლის ნაწილი არის ბიზნესზე ორიენტირებული, რათა აგრარულ სფეროში ბიზნესი იყოს კონკურენტუნარიანი. გარდა ამისა, პროგრამას სოციალური ხასიათის დატვირთვა აქვს და მისი მიზანია ხალხს გაუმარტივდეს სოფლის მეურნეობაში  მუშაობა და  მეტი შემოსავალი მიიღონ. 

სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია.  სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით.  

2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7,500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება. 

2023 წელს, სპეციალურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, დავიწყეთ „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების საკმაოდ მაღალი 50%-იანი საგრანტო დაფინანსებით.  მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში 2023-2024 წლებში, საქართველოს მასშტაბით  62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდა 7,2 მლნ ლარის ღირებულების 331 ერთეული გამწევი ტექნიკისა და იმპლემენტების შეძენა  ღირებულების 50%-ით,  3,6 მლნ ლარით.  ამ მიმართულებით პროგრამა მიმდინარეა და განაცხადების მიღება გრძელდება.

ასევე მიმდინარე პროგრამა, რომელში მსურველებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება  გულისხმობს  მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებას. ამ მიმართულებითაც  გაზრდილია მოთხოვნა.   მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით ჯამში დაფინანსებულია 821  მოსავლის ამღებ ტექნიკის შეძენა. 

აღსანიშნავია რომ ამ პროგრამაში  უფრო მსხვილ ტექნიკაზეა აქცენტი გაკეთებული, ისეთზე, როგორიცაა მოსავლის (კაკლის, ნუშის, თხილის  და სხვა) ამღები ტექნიკა, კომბაინი  და სხვა. 

ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა  არის პროექტის  ,,შეღავათიან აგროკრედიტი"  ფარგლებში მიღებული  ხელშეწყობა. ჩვენ ვასუბსიდირებთ პროცენტის ხარჯს გაცემულ სესხებზე, რომლის მიზნობრიობას ტექნიკის შეძენა წარმოადგენს. საბოლოო ჯამში,  ჩვენი მიზანია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა ტიპის  მექანიზმები შევქმნათ და ფერმერებს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დავეხმაროთ", - დასძინა ,,რეზონანსთან" საუბრისას თორნიკე კაპანაძემ.

 ამდენად, მცირე ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით  შემუშავებული სახელმწიფო პროგრამა მთლიანად რეგიონის საჭიროებებზე არის მორგებული. როგორც მცირე ფერმერები ამბობენ, მოტობლოკების შესაძენად სახელმწიფო თანადაფინანსება მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მათთვის.  

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეში მცხოვრები ბექა კურტანიძე მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროგრამის ფარგლებში მან 2900 ლარად ღირებულ ტექნიკა თანადაფინანსებით შეიძინა, რაც მუშაობას საგრძნობლად გაუმარტივებს და უკეთესი მოსავლის მიღებასაც შეძლებს. ფერმერს ძირითადად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავს, რომლის ნაწილი ოჯახს ხმარდება, ნაწილსაც ყიდის.

,,ჩემი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლისგან მოშორებითაა. რთული რელიეფის გამო მსხვილი ტექნიკის ადგილზე მიყვანა ცოტა რთულია. ცხადია, მოტობლოკებით მუშაობა უფრო ხელსაყრელია, არც იმხელა ყანა მაქვს, რომ მცირე ტექნიკით ვერ გავუმკლავდე. წლებია, ლობიო და სიმინდი მომყავს. მოსავლის ნაწილს ვყიდი. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ტექნიკის წყალობით უკეთესად შევძლებ მიწის დამუშავებას და მოსავლის აღებასაც, ამ თვალსაზრისით ტექნიკის უპირატესობაა ისიც, რომ სხვადასხვა ფუნქცია აქვს და თითქმის ყველა სახის სამუშაოს შესრულებაში დამეხმარება. შედეგსაც უკეთესს მივიღებ, ამაში  დარწმუნებული ვარ. 

ჩემს მიერ შერჩეული ტექნიკის ღირებულება 2900 ლარია. საკუთარი ფულით რომ მეყიდა, ზედიზედ რამდენიმე წლის  განმავლობაში უნდა გამეკეთებინა დანაზოგი, ერთბაშად ამ თანხას თავს ვერ მოვუყრიდი ამ ტექნიკის შესაძენად, როცა სხვა ხარჯიც ბევრია. ამიტომ აქამდე ვერ ვიყიდე. როდესაც პროგრამა გამოცხადდა და განაცხადების მიღება დაიწყო, მაშინვე დავრეგისტრირდი.  არანაირი პრობლემა არ შემქმნია, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიმართ  მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. უკვე იმდენად ვარ მოტივირებული, რომ მზად ვარ, ვისარგებლო სხვა პროგრამებითაც.", - უთხრა ,,რეზონანსს" ბექა კურტანიძემ.

პროგრამის კიდევ ერთი ბენეფიციარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელუშეეთში მცხოვრები იანდი შეყილაძეა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამით პირველად სარგებლობს და ამით ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პრობლემა მოუგვარდა.

,,ძალიან კარგი პროგრამაა. 70%-იანი თანადაფინანსება  იმდენად დიდი მხარდაჭერაა, რასაც ალაბათ ვერც წარმოვიდგენდი. საკარმიდამო ნაკვეთში მომუშავე გლეხისთვის ტექნიკის შეძენა ნამდვილად არ არის მარტივი, ნამდვილად დიდი შეღავათი გაგვიწიეს. ჩვენს სოფელში სულ რამდენიმე კომლია, უმეტესობა ასაკოვანი მოსახლეობაა და მცირე ტექნიკის საჭიროება ყველას აქვს. რაც მთავარია, შრომის პირობები მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდება. ძირითადად ლობიო და სიმინდი მომყავს, მცირე მოსავალია, ვერ ვყიდი, მთლიანად ოჯახს ხმარდება. ახლა ისეთი სტიმული მომეცა, რომ ვცდილობ მეტი შრომა გავწიო და გავზარდო მოსავალი და შემოსავალიც გავიჩინო. 

მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია მქონდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რომ დროულად გავიარო კონსულტაცია და სწორი ინფორმაცია მივიღო. კონკრეტულად რა შეიძლება გავაკეთო მომავალში, ვერ ვიტყვი. შესაძლებლობა თუ მომეცემა, პირველ რიგში, მინდა ნიადაგის შესწავლაში დამეხმარონ, მაღალმთიანი რელიეფია და მნიშვნელოვანია ცოდნა, რის მოყვანა იქნება უფრო ეფექტური, რაც მეტ შემოსავალს მომიტანს", - აღნიშნა პროგრამის ბენეფიციარმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×